
გუდაურში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებულის ადვოკატის, ტარიელ კაკაბაძის განცხადებით, დაზარალებულის წარმომადგენელი შეგნებულად აიგნორებს მთავარი ვიდეო-კამერის ჩანაწერს, სადაც ასახულია, თუ რა ვითარებში მოხდა სასიკვდილო გასროლა.
როგორც ის ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, სასიკვდილო გასროლა ნაწარმოებია მაშინ, როდესაც მერაბ კობიაშვილი ძირს აგდია და სამი პირი გამეტებით სცემს.
„დაზარალებულის წარმომადგენელი შეგნებულად აიგნორებს მთავარი ვიდეო კამერის ჩანაწერს, სადაც ნათლად ჩანს დაჭრილი მერაბ კობიაშვილი ძირს დაგდებული. მას სამი ადამიანი სხვადასხვა დაზიანებებს აყენებს და იარაღის წართმევას ცდილობს.
დაჭრილი ხარ, გაქვს უმძიმესი დაზიანებები მიღებილი, როდესაც 3-ჯერ თუ 4-ჯერ გცემეს დაახლოებით 5-დან 10-მდე ადამიანმა ასეთ დროს, რა თქმა უნდა, შენ აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში ხარ.
როდესაც მერაბ კობიაშვილმა თითში გამაფრთხილებელი გასროლა განოხორციელა, ამას ასაღებს თითქოს, მკვლელობა ასახული აქ არის. ეს საზოგადოების სიცრუეში შეყვანის მცდელობაა.
რაც შეეხება, იმას თუ რას აკეთებდა მერაბ კობიაშვილი… ის მიდიოდა მეგობართან, სადაც უნდა დარჩენილიყო. სწორედ, იმ გზით უნდა წასულიყო, რა გზითაც მიდიოდა და ეს ადამიანები კი ეძებენ მას.
დაინახავენ მერაბ კობიაშვილს, მისი მიმართულებით მიდიან, რომ თავს დაესხნენ. ის ხედავს, რომ არსებობს საფრთხე. ფეხის თითში დაჭრის მიუხედავად, აღნიშნული პრევენციული ქმედება საკმარისი არ აღმოჩნდა და მაინც გრძელდება მისი მისამართით თავდასხმა.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ სასიკვდილო გასროლა ნაწარმოებია, მაშინ როდესაც მერაბ კობიაშვილი აგდია ძირს და სამი კაცი მას გამეტებით ცემს. სწორედ, ეს არის აუცილებელი მოგერიების მდგომარეობა.
აქ იმისთვის, რათა განვსაზრვროთ სწორი კვალიფიკაცია, უნდა ვუპასუხოთ შემდეგ შეკითხვას, შეეძლო თუ არა მერაბ კობიაშვილს, თუნდაც შორიდან განეხორციელებინა ისეთივე გასროლები, რომ მოეკლა ეს ადამიანები.
რა თქმა უნდა, მას შეეძლო, მაგრამ ის რას აკეთებს, მას არ სურს მისი მოკვლა და ფეხის თითში ესვრის. მას უნდა მისი შეჩერება. მას უნდა, რომ თავდასხმა აირიდოს თავიდნ და ამიტომ ესვრის ფეხის თითში.
თუმცა როდესაც უკვე თავდასხმა გრძელდება მას რამდენიმე ადამიანი სცემს. ის არის დაჭრილი და აყენებენ უმძიმეს დაზიანებებს. ამ დროს მერაბ კობიაშვილი თავდაცვით მდგომარეობაშია,” – ტარიელ კაკაბაძე.
მერაბ კობიაშვილის უფლებადამცველი დღეს ,,პრაიმტაიმში” გამართულ პრესკონფეტენციასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ჰქონდა მოლოდინი იმისა, რომ დაზარალებული მხარის ადვოკატი იმ ვიდეო ჩანაწერს აჩვენებდა, სადაც „მომაკვდინებელი გასროლა ჩანს”.
,,ისინი შეგნებულად არ აჩვენებენ ამ ჩანაწერს. აქ ნათლად ჩანს, რომ მერაბ კობიაშვილია დაჭრილი, ძირს დაგდებული სამი ადამიანი კი მას ზემოდან სცემს.
რაც შეეხება იარაღს, როდესაც ჯარისკაცი მიდის სახლში, მან იარაღი თან უნდა წაიღოს. მან მანქანაში არ უნდა დატოვოს, მაგრამ როდესაც მერაბ კობიაშვილი ბარში იმყოფებოდა. მთელი ამ დროის განმავლობაში ის იარაღს ვერ წაიღებდა.
აი ეს იქნებოდა უკვე საფრთხის შემცველი მისი მხრიდან შესაბამისად ის მოიქცა სწორად და იარაღი მანქანაში დატოვა,“- აცხადებს ტარიელ კაკაბაძე.
გუდაურში მოკლული თამაზ გორთომაშვილის ოჯახის ადვოკატმა, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ აქვს კადრები, რომელიც სრულიად ცვლის სურათს.
ცნობისთვის, 16 თებერვალს, გუდაურში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. ფაქტთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა მერაბ კობიაშვილი დააკავეს.
კობიაშვილს თავდაპირველად ბრალი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობისთვის წაუყენეს, შემდეგ კი ცემის მუხლით.
ამასთან, პროკურატურამ მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალი 6 პირს წარუდგინა და მათი საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო.






















