16:49 | 2020-05-13 ავტორი: ალექსი ქამადაძე

სწრაფ ტესტებს დიაგნოსტიკური ღირებულება არ აქვთ – ამირან გამყრელიძე

სწრაფ ტესტებს დიაგნოსტიკური ღირებულება არ აქვთ – ამირან გამყრელიძე

სწრაფი ტესტები არის გარკვეულად დამხმარე, ამიტომ მათ დიაგნოსტიკური ღირებულება არ აქვთ,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

 

მისივე თქმით, დაავადების დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება, მხოლოდ და მხოლოდ, PCR ტესტი, ე.წ მოლეკულური ტექნოლოგია.

 

„მსოფლიოში არცერთი სწრაფი ტესტი არ გამოიყენება, არ ითვლება და არ შედის არცერთ დიაგნოსტიკურ პროტოკოლში, როგორც დამადასტურებელი ტესტი. ანუ ისინი არ გამოიყენებიან, COVID-19-ის დიაგნოსტიკისთვის.

 

ისინი არიან გარკვეულად დამხმარე ტესტები, ე.წ მასობრივი კვლევების დროს.

 

ბევრი კომპანია აწარმოებს სწრაფ ტესტებს. ჯერჯერობით მათი სპეციფიკურობა და მგრძნობელობა არ არის მაღალი.

 

ალბათ, დროთა განმავლობაში, ისინი დაიხვეწებიან, ისევე როგორც დაიხვეწნენ შიდსის სწრაფი ტესტები, ჰეპატიტების სწრაფი ტესტები.

 

არც ჯანმო, არც ევროპის წამლის სააგენტო არ იძლევა რეკომენდაციებს, რომ სწრაფი ტესტები გამოიყენონ დიაგნოსტიკისთვის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

ცნობისთვის, 24 აპრილს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ 930 000 ლარად 30 000 სწრაფ ტესტი იყიდა. 

 

აღმოჩნდა, რომ საქართველოს მიერ ჰოლანდიური კომპანიისგან შეძენილი სწრაფი ტესტები, არა ნიდერლანდებში, არამედ ჩინეთშია დამზადებული.

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X