
ჯიმშერ პატაშური ფასანაურში ცხოვრობს. ის პროფესიით ექიმია და წლების წინ თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაში მუშაობდა. შემდეგ გადაწყვიტა, თავის რაიონს გამოსდგომოდა, იყიდა კარდიოგრაფი და სოფელ-სოფელ გამოძახებებზე დადიოდა. როგორც „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში ამბობს, წამლებსაც თავისი ფულით ყიდულობდა, მაგრამ მერე წამლების ფული ვეღარ მოაგროვა და ამ საქმეს შეეშვა. ახლა უძველესი მანქანების უნიკალურ კოლექციას ფლობს.

– როდესაც საცხოვრებლად თბილისიდან რაიონში გადავედი, სოფელ-სოფელ სასიარულოდ ორხიდიანი მანქანა მჭირდებოდა. უფრო „ვილისი“ მინდოდა. ყველას ვთხოვდი, თუ სადმე ეგულებოდათ იაფად, ეთქვათ. ერთხელ სამარშრუტო ტაქსით მგზავრობისას მძღოლსაც ვკითხე – ხომ არ გეგულება სადმე ვილისი იაფად-მეთქი. მითხრა, სახლში მყავს, დანგრეულია, გაჩუქებ, შენი არაფერი მინდაო. მივაკითხე, მანქანას ზევიდან წლობით ნაგროვები ფოთლები და ხმელი ტოტები ეყარა. ჩავჯექი, გასაღები მოვარგე, გადავატრიალე და დაიქოქა.
მერე მუღამზე მოვედი და სადაც კი ძველ მანქანას ვნახავდი, ვყიდულობდი, თანაც ძალიან იაფად. მალე ხუთი „ვილისი“ მყავდა. მათგან რამდენიმე სამამულო ომის დროინდელი და ომგამოვლილიც კი იყო. გუდაურიდან ფრანგი სამხედრო ატაშე მოდიოდა თურმე და ჩემს სახლთან ძველი მანქანები რომ დაუნახავს, გაუჩერებია და დაუთვალიერებია. დედაჩემისთვის უთხოვია, შეხვედრა მინდა ამათ პატრონთანო. თარჯიმნის თანხლებით შევხვდი. ყველას წაყვანა მინდა, თითოში 6 ათას დოლარს მოგცემო, მითხრა. ძალიან გამიხარდა და მოვილაპარაკეთ. თავიდან ნაწილ-ნაწილ მაძლევდა ფულს, მერე ჩემი თხოვნით, ერთიანად მომცა. იმ მანქანებში 30 ათასი დოლარი გადაიხადა. იმ ფულით 2 ბინა ვიყიდე თბილისის ცენტრში. ბევრიც დავხარჯე, არ მენანებოდა, რადგან მუქთა ფული იყო.

ახლა ასამდე ავედი უკვე. 2-3 თვის წინ ახალი მანქანა მოვიყვანე, 60 წლის წინ გაჩერებული მანქანა ვნახე შემთხვევით, ხევში გადაგდებული, რუსული მანქანაა, „პალტონკას“ ეძახდნენ (полтора тонн), ამოვათრიე ხევიდან და ახლა მაგის აღდგენაზე ვმუშაობ. ბოლო პერიოდში ვიყიდე რამდენიმე „ვოლგაც“ და ძველი სატვირთო მანქანებიც.

ვაპირებ, ის მანქანები, რომლებიც 2 ან სამი ერთნაირი მყავს, ზოგიერთი გავყიდო, ყველაზე უნიკალური მოდელები დავიტოვო და აღებული ფულით მუზეუმი გავაკეთო. იქვე რესტორანსაც ჩავდგამ და იმედია, კლიენტს მოვიზიდავ. მანქანებს პირვანდელ სახეს არ დავუბრუნებ და სიძველეს მაქსიმალურად შევუნარჩუნებ. რამდენიმე მათგანს ნატყვიარიც კი ემჩნევა და ხალხს ეგ უფრო აინტერესებს.

1938 წელს გამოშვებული ორი „ოპელი“ მყავს, ამავე წელს გამოშვებული „ბე-ემ-ვეები“, 5 ცალი „პობედა“. ესენი ანტიკვარებად ითვლება. 1960 წლის მერე გამოშვებული მანქანები ანტიკვარი ჯერ არ არის.
გუგა კოტეტიშვილმა “ზიმი” მაჩუქა. მითხრა, ოღონდ წაიყვანე და არ ვჩივი, სახლთან, ვიწრო ქუჩაზე რომ ვაჩერებ, გვერდს ვერ უვლიან და ყველა ჩხუბობსო. მისი ნაჩუქარი „ზიმი“ 54 წელსაა გამოშვებული და 80 ათასი დოლარი ღირს. სხვა მანქანებს სხვა ფასი აქვს და 5 ათას დოლარზე ნაკლები არც ერთი არ ღირს. მყავს „ბიუიკიც“, ის მოდელი, რომლითაც პრეზიდენტი კენედი დადიოდა. ბევრი მანქანა მყავს, მაგრამ მე ფეხით სიარულს ვამჯობინებ.
ოჯახი ჯერ არ შემიქმნია. მოსწავლეობის მერე არც მყვარებია ვინმე. ბევრ ქალს მირიგებდნენ, ბევრსაც მე თავად დავადგი თვალი, მაგრამ, ეტყობა, ბედი არ იყო.






















