
ქართველი დიზაინერი ავთანდილ ცქვიტინიძე „პრაიმტაიმთან“ იმაზე საუბრობს, თუ როგორ შეცვალა კორონავირუსმა მისი ცხოვრება.
როგორც აღმოჩნდა, ის ფერწერას დაუბრუნდა და ეს ყველაფერი მას ძალიან დაეხმარა პანდემიის ჟამს.
„პანდემიის პერიოდში დავუბრუნდი ფერწერას. 2 თვეა ვხატავ ჩემს ემოციებს და საკმაოდ ბევრი ნახატი დამიგროვდა.
25 წლის მანძილზე მეგონა, რომ ჩემს თავს ვიცნობდი და თურმე ასე კარგადაც არ ვიცნობდი.
„ჩემი ძირითადი პროფესია ფერწერაა, მაგრამ არ დამიხატავს 25 წელია, სულ რომ გინდა დაიწყო და ახლა იძულებითი დაბრუნება გამოვიდა, რომელიც ძალიან მესიამოვნა და ძალიან დამეხმარა სტრესის ფონზე.
შენს სივრცეში ხარ, შენთვის სიამოვნებას იღებ და ეს ძველი პროფესია, რომლითაც საერთოდ არავინ მიცნობს, ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჩემთვის“,- ამბობს დიზაინერი.
რა შეცვალა კორონავირუსმა მოდაში და აპირებს თუ არა ავთანდილ ცქვიტინიძე საკუთარ კოლექციაში სხვადასხვა შტრიხების შეტანას
კითხვაზე გვპასუხობს, რომ ჯერჯერობით ამაზე საუბარი ნაადრევია, რადგან ძალიან დიდი დარტყმა მიიღო ზოგადად მოდის სეგმენტმა და ყველაზე რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა.
„ამაზე საუბარი ნაადრევია, რადგან ძალიან დიდი დარტყმა მიიღო ზოგადად მოდის სეგმენტმა და ყველაზე რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა.
დღემდე ვერ მოიფიქრეს, მაღაზია რომ გაიხსნება, ტანსაცმელი როგორ უნდა გაიზომონ, ან როგორ უნდა გავყიდოთ, რომ არ იყოს საშიში. საკმაოდ რთულია ჩაცმის სეგმენტი.
ჩემი აზრით, ყველა დიზაინერი დაუბრუნდება თავის კოდს, რითაც იყო ცნობილი და არ იქნება ასეთი ერთფეროვანი და ასეთი რაოდენობით ინფორმაციული წარმოების სახით უსასრულო და უსაზღვრო.
ზოგადად ეს ფილმებსაც შეეხო, მუსიკასაც, მოდას კი ყველაზე დიდი დოზით. ბოლო პერიოდში ყველაფერი კომერციული იყო.
დიზაინერები არ იყო ბოლოს საჭირო, სტილისტები აწყობდნენ ძირითადად ყველაფერს და სანამ სახელს და გვარს არ წაიკითხავდი იქამდე ვეღარ ხვდებოდი რომელი დიზაინერის ნამუშევარი იყო.
ყველაფერი ერთი ტიპის, ერთი ფორმის და ერთი ფერის იყო.
მე ვფიქრობ, რომ ისევ დაბრუნდება ის პერიოდი, როცა ყველას თავისი ხელწერა და ინდივიდუალიზმი ჰქონდა.
ვიხილავთ თუ არა ავთანდილის პირბადეებს?
– მე მინდა, რომ მთლიანი ლუქი შევქმნა, მაისური რაც იქნება, იმ ტიპის პირბადე.
ამ პერიოდში ცალკე არ გამომიშვია, რადგან ვთვლი, რომ ამ პერიოდში კომერციული სახით არ უნდა მემუშავა და საფრთხე არ შემექმნა ჩემი თანამშრომლებისთვის და შესაბამისად ბიზნესად არ უნდა მექცია ეს მოვლენა, ეს იყო ჩემი პრინციპი.
თუმცა პირბადე ისეთი აქსესუარი გახდა, რომელიც ყველას გვჭირდება. ალბათ პირბადეს დიდხანს ატარებენ ადამიანები.
დაგაინტერესებთ: ახლა პირბადეებით ფულის გაკეთების იდეა არ მომწონს – ავთანდილი






















