14:34 | 2020-05-14 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

როდის და რა პირობებით აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა

როდის და რა პირობებით აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა

კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები ეტაპობრივად იხსნება.

 

დღეს ცნობილი გახდა, რომ სილამაზის სალონები 18 მაისს გაიხსნება და ისრაელთან ავიამიმოსვლა აღდგება. ასევე შესაძლებელი იქნება, 3 პირზე მეტის შეკრება დახურულ სივრცეებში.

 

ამ დრომდე არ მოხსნილა შეზღუდვები საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაზე, მათ შორის არ მუშაობს არც მეტროპოლიტენი, არც სამარშრუტო ტაქსები.

 

შეზღუდულია საზოგადოებრივი ტრანსპორტით საქალაქთაშორისო გადაადგილებაც.

 

როდის აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, ამ კითხვით „პრაიმტაიმმა“ დღეს ნათია თურნავას მიმართა, თუმცა მან პასუხის გაცემას თავი აარიდა.

 

თბილისის მერიაში კი აცხადებენ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი სრული დატვირთვით ამუშავებისთვის მზად არის.

 

„როდესაც დარგის სპეციალისტები მოგვცემენ მითითებებს, დაიწყება ტრანსპორტის მოძრაობის განახლება. თარიღი და დრო, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის.

 

რა ზომების დაცვით მოხდება მგზავრთა გადაადგილება ჯერჯერობით ესეც უცნობია ჩვენთვის, ალბათ იქნება მითითებები, რომლის გათვალისწინებაც მოგვიწევს“ – განუცხადეს „პრაიმტაიმს“ თბილისის მერიაში.

 

მთავრობის გადაწყვეტილებას და რეკომენდაციებს ელოდება „საქართველოს რკინიგზაც“.

 

„ჩვენ უკვე ვემზადებით მუშაობისთვის, სავარაუდოდ სარკინიგზო მიმოსვლა ივნისის შუა რიცხვებიდან აღდგება. რა წესებით მოხდება მგზავრთა გადაადგილება ამ რეკომენდაციებს სპეციალისტები მოგვცემენ.

 

ანტიკრიზისული საბჭოს, საქართველოს მთავრობის და ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებს ველოდებით“ – განგვიცხადეს „საქართველოს რკინიგზაში“.

 

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენასთან დაკავშირებით, გუშინ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.

 

მისი თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავება, ეს გახლავთ მობილობის ყველაზე დიდი მოცულობით გაფართოება ქვეყანაში, რაც გარკვეული მომატებული რისკია ინფექციის ზრდისა, ამიტომ ამაზე მსჯელობა მიმდინარეობს.

 

გამყრელიძემ აქვე აღნიშნა, რომ ამ საკითხს ცალკე სხდომა მიეძღვნება, სადაც მთავრობის წევრები ეპიდემიოლოგებთან ერთად მიღებულ გადაწყვეტილებებს გაასაჯაროვებენ.

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

X