
„კულუარებში შეთანხმებების დრო უნდა დამთავრდეს,“ – ასე აფასებს იურისტი ანა დოლიძე 8 მარტის შეთანხმებასთან დაკავშირებით დაწყებულ პოლემიკას.
„8 მარტის შეთანხმებასთან დაკავშირებით, მე და მოსახლეობის უმეტესობას, ზუსტად ის ინფორმაცია გვაქვს, რაც არის ხელმისაწვდომი საჯაროდ.
ანუ ვიცით დოკუმენტი, რასაც მოეწერა ხელი და რაც წერია მასში.
მე მომწონს იგი და აუცილებლად უნდა შესრულდეს.
მაგრამ რა შეთანხმება მოხდა კულუარებში, ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გვაქვს.
მეც პროტესტი მაქვს იმიტომ, რომ ვფიქრობ, კულუარებში შეთანხმებების დრო უნდა დამთავრდეს.
ახლა 4 მილიონ ნახევარი საქართველოს მოქალაქე ზის და მარჩიელობს კულუარებში ჩუმად რაზე შეთანხმდნენ პოლიტიკური ძალები.
მოკლედ, თვითონ ამ შეთანხმების ფორმა თავისთავად პრობლემურია.
მეორე – როდესაც გყავს ხელისუფლებაში ძალა, რომელმაც ერთხელ კი არა, ორჯერ მოატყუა მთელ მსოფლიო – ერთხელ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით და ახალა პროპორციულ არჩევნებზე, ვინმეს სჯერა, რომ ეს ძალა ზეპირად რაღაცას დაპირდა და ამას ენდე?
მაშინ შენ ვინ ხარ საერთოდ და სადაა შენი პოლიტიკური გამჭრიახობა.
„ქართული ოცნება“ არის ძალა, რომელსაც ნოტარიუსთან უნდა გააფორმებინო, სისხლით უნდა დააწერინო, მაგრამ ისიც არ უნდა დაუჯერო, იმიტომ, რომ ორჯერ მოგვატყუა უკვე ყველა.
და მესამე – დასაშვებია, რომ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ მატაობენ შეთანხმებულად.
როდესაც ჩვენს ქვეყანას აქვს უსერიოზულესი პრობლემები, ჩვენ ვართ შიმშილობის ზღვარზე, გლეხებს მართლაც სასაცილო თანხები დაურიგეს, სოციალურად დაუცველებს ყოველ დღე აგდებენ სიიდან, რომ დახმარება არ მისცენ, ამ პირობებში რას ვასმენინებთ და ვაყურებინებთ ხალხს.
იმის მაგივრად, რომ ყოველ დღე წურავდნენ ჩვენი სოფლის მეურნეობის მინისტრს, რამდენი მოსავალი გვექნება შემოდგომაზე, ეკონომიკის მინისტრს რა პერსპექტივა აქვს ჩვენს ეკონომიკას და ა.შ, ანუ რეალურ პრობლემებზე ვლაპარაკობდეთ, ამ გაწერილ ტექსტებს ვუყურებთ,“ – აცხადებს ანა დოლიძე.
დოლიძე 8 მარტის შეთანხმებასთან დაკავშირებით კიდევ ერთ თემაზე ამახვილებს ყურადღებას, კერძოდ ელჩების ჩართულობაზე.
„ძალიან უხერხულად მიმაჩნია ელჩების ჩათრევა ჩვენს შიდა პოლიტიკურ სამზარეულოში.
ორივე მხარე ელჩებს აყენებს უხერხულ მდგომარეობაში.
გახსოვთ, 20 ივნისის საქმეზე ხელისუფლებამ დაიწყო ელჩების დამოწმება, როდის შევიდნენ ელჩები შენობაში,
დიდი ხანი იყვნენ თუ არა, ვინ დაპატიჟა იქ და ა.შ. ეს არის ელჩების დატვირთვა, ისინი არიან დიპლომატები, მათ მანდატი არ აძლევთ საშუალებას უფრო მეტი გააკეთონ, რასაც ესენი სთხოვენ.
ამ ფონზე ნამდვილად მოუმწიფებლად გამოიყურება ჩვენი პოლიტიკური სპექტრი, რაც ჩვენი ქვეყნის იმიჯისთვის ძალიან ცუდია,“ – ამბობს ანა დოლიძე.
დაგაინტერესებთ: რას ითვალისწინებს რეალურად 8 მარტის შეთანხმება?! – არჩევნები 2020






















