
პირადად მე, მის ადგილას ასე არ მოვიქცეოდი, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას.
მდინარაძის თქმით, მათ რამე სერიოზული პოლიტიკური იარაღი ხელში აღებული არ ჰქონდათ და შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება სწორი არ არის.
„რამდენად სწორად ეს მეორე საკითხია, მაგრამ მან მიიჩნია, რომ მიიღო პრაგმატული გადაწყვეტილება და სპეკულაციური პოლიტიკური იარაღისგან განაიარაღა რადიკალური ოპოზიცია.
თუმცა ძალიან გულწრფელად რომ გითხრათ, პირადად მე მის ადგილას ასე არ მოვიქცეოდი.
იმიტომ, რომ საერთოდ არ მიმაჩნია, რომ რაიმე სერიოზული პოლიტიკური იარაღი ჰქონდათ ხელში აღებული.
მაგრამ პრეზიდენტია, ცალკე ინსტიტუტია, ეს გადაწყვეტილება მიიღო, ესაა მოცემულობა, რომელსაც უნდა შეეგუოს ყველა და ვფიქრობ, შეიძლება ამ შემთხვევაში სპეკულაციების მეტი საფუძველიც მიეცეთ საქართველოში რადიკალურ ოპოზიციას.
თუმცა, ერთია რამდენად სწორია პრაგმატულობაზე ასე გათვლა და მეორეა, რამდენად სწორი იყო ეს ემოციურად და მორალურად, როდესაც 48 მილიონის გაფლანგვაში ედება ერთ ადამიანს ბრალი და მეორეს, პარლამენტზე შტურმში მონაწილეობაში”, – აცხადებს მდინარაძე.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ იღებს მისთვის უმძიმეს გადაწყვეტილებას და იწყალებს გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილს.






















