
საქართველოში არსებული დიპლომატიური კორპუსი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.
ელჩები საქართველოს პრეზიდენტის დღევანდელ გადაწყვეტილებას მიესალმებიან და ამბობენ, რომ აღნიშნული ნაბიჯი ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაციის განმუხტვასა და თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო გარემოს შექმნას ხელს შეუწყობს.
„მივესალმებით საქართველოს პრეზიდენტის დღევანდელ გადაწყვეტილებას, გამოეყენებინა საკონსტიტუციო უფლებამოსილება ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაციის განმუხტვისა და თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესისთვის უფრო ხელსაყრელი პოლიტიკური გარემოს შესაქმნელად. ჩვენ, პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორებს, მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება ასევე არის 8 მარტის შეთანხმების შესრულებაში შეტანილი უმთავრესი წვლილი. მტკიცედ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, სრულად განახორციელონ შეთანხმება მისი შინაარსის და სულისკვეთების დაცვით და საკუთარი როლი შეასრულონ საკონსტიტუციო ცვლილებებისა და საარჩევნო რეფორმის კანონმდებლობის წარმატებით მიღებაში, შემოდგომაზე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად. კვლავ ყურადღებით დავაკვირდებით 8 მარტის შეთანხმების ყველა ასპექტთან დაკავშირებულ სამომავლო წინსვლას“, – ნათქვამია პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 15 მარტს სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა. ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა საპატიმრო ვადაზე ადრე, რამდენიმე საათის წინ დატოვეს.






















