09:54 | 2020-05-17 ავტორი: Prime Time

ჰომოფობიის დღეს ეხმაურება ევროკავშირისა და 21 ქვეყნის ელჩი

ჰომოფობიის დღეს ეხმაურება ევროკავშირისა და 21 ქვეყნის ელჩი

ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოში გაეროს წარმომადგენლობა, ევროკავშირისა და სხვადასხვა ქვეყნის ელჩები საერთო განცხადებას ავრცელებენ.

 

„დღეს 30 წელი შესრულდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ისტორიული გადაწყვეტილებიდან იმის შესახებ, რომ ჰომოსექსუალობა ავადმყოფობად არ უნდა იქნას მიჩნეული.

 

ჰომოფობიასთან, ბიფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, მხარდაჭერასა და სოლიდარობას ვუცხადებთ ლესბოსელ, გეი, ბისექსუალ, ტრანსგენდერ, ქვიარ და ინტერსექს (ლგბტქი+) თემს საქართველოში.

 

წელს ჰომოფობიასთან, ბიფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე „კოვიდ-19“-ით გამოწვეული პანდემიის ფონზე აღინიშნება.

 

ვირუსის საფრთხისგან და მის შესაკავებლად გატარებული ზომების სოციალური და ეკონომიკური შედეგებისგან არავინაა დაზღვეული.

 

თუმცა, შექმნილი ვითარება განსაკუთრებით მძიმეა მოწყვლადი და მარგინალური ჯგუფებისთვის, მათ შორის ლგბტქი+ თემისთვის.

 

ლგბტქი+ თემი მუდმივად განიცდის დისკრიმინაციასა და სტიგმას ჯანდაცვისა და სხვა სახის სერვისების მიღების დროს, რამაც პანდემიის პირობებში შეიძლება, საბედისწერო შედეგი გამოიღოს.

 

სოციალური დისტანცირებისა და კარანტინის შედეგად გაიზარდა ოჯახში ძალადობის საფრთხე ლგბტქი+ თემის წარმომადგენლების მიმართ.

 

ხოლო ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვის გამო, ბევრმა ადამიანმა, განსაკუთრებით არაფორმალურ სექტორში, საარსებო წყარო დაკარგა და შემოსავლისა და სოციალური უსაფრთხოების ქსელის მიღმა აღმოჩნდა “- წერია განცხადებაში.

 

განცხადების ავტორები:

 

საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სისტემა

 

საქართველოში ევროკავშირის ელჩი

 

ავსტრიის, ამერიკის შეერთებული შტატების, ბელგიის, გერმანიის, დანიის, დიდი ბრიტანეთის, ესპანეთის, ირლანდიის, ისრაელის, იტალიის, ლუქსემბურგის, ნიდერლანდების სამეფოს, ნორვეგიის, რუმინეთის, საბერძნეთის, საფრანგეთის, სლოვენიის, ფინეთის, შვედეთის, შვეიცარიის და ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩები;

 

ევროპის საბჭოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში;

 

საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელი

ავტორი: Prime Time

X