
გიორგი რურუას სასამართლო სხდომაზე მცირე ინციდენტი მოხდა. ერთმანეთს სიტყვიერად ბრალდებული და პროკურორები დაპირისპირდნენ.
ხმაური მოწმის გამოკითხვას მოჰყვა, როდესაც გიორგი რურუა მას კითხვას უსვამდა. პროკურორმა კი სასამართლოში ამ კითხვის აცილება მოითხოვა.
„უზრდელი” ასე მიმართა გიორგი რურუამ საქმის ერთ-ერთ პროკურორს დარბაზში, რასაც დარბაზში ხმამაღალი საუბარი მოყვა.
როგორც ბრალდებულის ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ერთ-ერთმა პროკურორმა დაცვის მხარისა და ბრალდებულის მისამართით ყვირილი დაიწყო, რამაც პროცესი გაამწვავა.
„იუზრდელა, დაგვიწყო ყვირილი დაცვის მხარეს და ბრალდებულს და ამას მოჰყვა სიტუაციის ოდნავ გამწვავება სასამართლოს სხდომის დარბაზში. უბრალოდ ამ პროკურორებს ავიწყდებათ, რომ ჯერ ისედაც მათი სტატუსი ავალდებულებს, რომ ეთიკურად და ზრდილობიანაც მოიქცნენ სასამართლოს სხდომის დარბაზში და მით უმეტეს, ისეთ საქმეზე, სადაც პოლიციელებს ჩადებული აქვთ ცეცხლსასროლი იარაღი და ტყუილად ზის გიორგი რურუა ციხეში. თავად ეს პროკურორებიც არანაკლებ დანაშაულს ჩადიან იმ პოლიციელებზე, რომლებმაც ცეცხლსასროლი იარაღი ჩაუდეს გიორგის,“ – აცხადებს ადვოკატი.
ცნობისთვის, 18 მაისს საქალაქო სასამართლომ „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებლი გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა, აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე, არ დააკმაყოფილა.
გიორგი რურუა სამართალდამცავებმა 18 ნოემბერს, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.























