
პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა განმარტა, რომელი კატეგორიის დასაქმებულები მიიღებენ სახელმწიფოსგან დახმარებას.
მისი თქმით, შესაბამისი სამსახურები ყოველდღიურად სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს ატარებენ, რათა მაქსიმალურად გაუმჯობესდეს მსგავსი საკითხების ადმინისტრირების ხარისხი.
რაც შეეხება თვითდასაქმებულებს, ლილუაშვილის თქმით, იმ კატეგორიას, რომელიც იდენტიფიცირებადია ფინანსთა სამინსიტროს და შესაბამისი სამსახურების საინფორმაციო სისტემაში, სახელმწიფო ავტომატურად დაეხმარება.
„შექმნილია შესაბამისი კომისია, რომელიც აფასებს ყველა იმ ადამიანის მდგომარეობას, რომელიც არ ფიქსირდება ფინანსთა სამინისტროს და შესაბამისი სტრუქტურების მონაცემთა ბაზებში.
ისინი არ არიან გადასახადის გადამხდელები, თუმცა ჰქონდათ შემოსავალი და მათ მიერ ნებისმიერი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, სახელმწიფო მათ კომპენსაციას გადაუხდის.
თუ ისინი ვერ შეძლებენ ამ ტიპის დოკუმენტის წარდგენას, ყოველთვის შეუძლიათ, სოციალური მხარდაჭერის პროგრამების ფარგლებში გახდნენ სახელმწიფოს მხარდაჭერის ბენეფიციარები და მოითხოვონ მათი სოციალური მდგომარეობის გადამოწმება და შესაბამისი ქულის მინიჭება.
მათთვის ეს არხი ყოველთვის ღიაა, რომ სახელმწიფოსგან მხარდაჭერა მიიღონ“, – აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.























