
ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვას ჩვენ გავართვით თავი და ეს საკოორდინაციო საბჭოს დიდი დამსახურებაა, ახლა ვიბრძვით მეორე ეკონომიკის სწრაფი, ეფექტური აღორძინების მიმართულებით, – ამის შესახებ გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დაწყებისას განაცხადა.
„ყოველთვის ვამბობდით, რომ პანდემიის მიმართულებით ჩვენ მოგვიწევს ორ ფრონტზე, ორი მიმართულებით ბრძოლა.
რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეს არის და რჩება – ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე და შემდგომ ჩვენი ეკონომიკის აღორძინება, რასაც, ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია, დღეს ვთქვათ, რომ პირველ ნაწილს, ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვას ჩვენ გავართვით თავი და ეს ამ საბჭოს დიდი დამსახურებაა.
ჩვენ ახლა ვიბრძვით მეორე მიმართულებით, ეკონომიკის სწრაფი, ეფექტური აღორძინების მიმართულებით.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ყველაფერი ერთმანეთთან უკიდურესად არის დაკავშირებული“, – განაცხადა პრემიერმა.























