
„ტვ პირველი“ სამშაბათიდან ეთერში ახალი საინფორმაციო ბადით და სახეებით გავა.
რა სიახლეებს იხილავს მაყურებელი, ამის შესახებ „პრაიმ ტაიმს“ „ტვ პირველის“ დირექტორი, ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ესაუბრა.
– ინგა, რა სიახლეებს იხილავს მაყურებელი მომავალი კვირიდან „ტვ პირველის“ ეთერში?
– მომავალი კვირის სამშაბათიდან ახალი, ჩემი აზრით გაძლიერებული და საინტერესო ბადით გავდივართ ეთერში.
რამდენიმე თვე ვემზადებოდით, მაგრამ „კოვიდმა“ შეგვიშალა ხელი, თუმცა „კოვიდის“ პარალელურად ვმუშაობდით, ეთერში გავა სრულიად ახალი საინფორმაციო, ცოტა შეცვლილი ფორმატით, ახალი სახელით.
ვფიქრობ ეს იქნება საინტერესო საინფორმაციო გამოწვებები. ასევე ემატება გადაცემები, ერთი არის ნოდარ მელაძის გადაცემა, რომელიც გავა შაბათს.
გადავწყვიტე „ტვ პირველის“ ახალგაზრდა თაობა გამომეყვანა წინა პლანზე, რუსუდან დუმბაძე და ანა ახალაია იწყებენ პოლიტიკურ თოქ-შოუს, ისინი მთელი კვირა გარეთ მუშაობენ და კვირის ბოლოს სტუდიაში შეაჯამებენ მოვლენებს.
სიახლეები აკლია ზოგადად ქართულ ტელევიზიებს, სულ ძველი სახეები ვმუშაობთ, ამიტომ გადავწყვიტე იმ ახალგაზრდა თაობას, რომელსაც არავის ცენზურის ქვეშ არ უმუშავია,
პირველ ეტაპზე ჩავაბარო კვირის პოლიტიკური ზოლი და შემდეგ სხვა დიდი გეგმები მაქვს.
შაბათს კიდევ მაქვს სიახლე, მე და ეთუნა ინწკირველი წავიყვანთ საღამოს ეთერს,
ჩვენთან ერთად თანაწამყვანები იქნებიან ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები. ძალიან მაინტერესებს ახალგაზრდა თაობასთან მუშაობა,
„რეაქციის“ სტაფში 99 %, ჩემს შვილზე პატარა ბავშვები მუშაობენ, აღმოვაჩინე მათ მიერ მომზადბეული გადაცემები უფრო ენერგიული და ცოცხალია.
ასევე, ვაპირებთ რეგიონებში ჟურნალისტების დამატებას. კარს მომდგარი არჩევნებისთვის „ტვ პირველი“ იქნება გაძლიერებული.
მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესების მოწმე ვარ, „ტვ პირველი“ უკვე ხუთი წლის არის და გვაქვს ამბიცია სერიოზულ გამოწვევებს შევეჭიდოთ. მას მერე რაც მე დირექტორად გადავედი ეტაპობრივად მივდიოდით აქეთ.
პირადად ჩემი გადაწყვეტილება იყო, ახალგაზრდა თაობამ ნელნელა დაიწყოს თავის დამკვიდრება არა როგორც რეპორტიორებმა, ასევე როგორც წამყვანებმა.
ნოდარის გადაცემას რაც შეეხება, რომელიც შაბათს გავა ეთერში, საინტერესო გუნდი ყავს, იქნება საგამოძიებო, აქტუალური, საინტერესო თემებით სავსე.
ეთერშიც ვიხუმრე და ახლაც ვიტყვი, როგორც დირექტორმა შემიძლია გითხრათ, არ ვერევი არც მათ გადაცემაში, არც სხვის გადაცემაში.
ჩემთვის ყველაზე ძვირფასი რაც არის – ჩემი თავისუფლება იმას არ შევუზღუდავ სხვას.
როდესაც განახლებული ეთერი ჩაეშვება, მაშინ დავიძინებ პირველად კარგად, მას შემდეგ, რაც დირექტორი გავხდი. კიდევ დაგვემატება ახალი სახეები,
წინასწარ მეშინია თქმა, მაგრამ გავბედავ და ვიტყვი: ვიცი რომ ეს იქნება ძალიან საინტერესო პროექტი რასაც მაყურებელს შევთავაზებთ.
– დიდი გამოხმაურება მოჰყვა ნოდარ მელაძის და მისი გუნდის „ტვ პირველზე“ გადმოსვლას, როგორ შედგა თქვენი თანამშრომლობა?
– გულწრფელად გეტყვით, მიუხედავად, ჩემი და ნოდარის, ან ჩვენი დამფუძნებლის და ნოდარის მეგობრობისა, ჩვენ არ გადმოგვიყვანია არც ნოდარი და არც რომელიმე ჟურნალისტი.
მას შემდეგ დაიწყო ჩვენს შორის საუბარი როდესაც იქიდან წამოვიდნენ.
ნებისმიერი მენეჯერისთვის ეს არის, საუკეთესო შანსი და რა თქმა უნდა ამ შანსს ხელიდან ვერ გავუშვებდით. ამ შემთხვევაში მეგობრობა არაფერ შუაში არ იყო.
როგორც მენეჯერი სულელი ვიქნებოდი, ეს შანსი ხელიდან გამეშვა. ტელევიზია არის განვითარებადი ბიზნესი და ჩვენც ვფიქრობთ გაძლიერებაზე.
ნოდარი არის ის ადამიანი, რომელიც ყველაზე მაღალ რეიტინგულ პროდუქტს დებდა.
დღეს უცნაური რეალობაა შექმნილი, თითქოს რეიტინგისთვის ბრძოლა ცუდს ნიშნავს, სულაც არ ვფიქრობ ასე,
მაღალი რეიტინგი მეტ რეკლამას ნიშნავს, ეს კი მეტ დასაქმებულ ადამიანს, მეტ პროექტს და გაძლიერებულ ტელევიზიას.
ურეიტინგო გადაცემა მძიმე ასატანი იქნებოდა ჩემთვის, ბუნებრივია რეიტინგზე გვაქვს გათვლა, ნულიდან დაწყებული გვაქვს ეს ტელევიზია, ნაბიჯ-ნაბიჯ ვვითარდებოდით.
რაც შეეხება იმ ადამიანების მძაფრ რეაქციას, მეცინება, ეს კერძო ტელევიზიაა და არა საზოგადოებრივი ტელევიზია, ვინმემ მის დამფუძნებელს რომ კითხოს ამა თუ იმ ჟურნალისტს რატომ იწვევს არხზე.
იწვევს იმიტომ რომ უნდა რეიტინგი და საინტერესო გადაცემის გაკეთება.
გასაოცარი იყო იმ ხალხის რეაქცია, კერძო ტელევიზიაში არხის მფლობელი ვის მოიწვევს მისი გადაწყვეტილებაა და სრულიად მხარს ვუჭერ ვატო წერეთელს.
ნოდარი ერთი პერიოდი იყო ჩემი პროდუსერი და არავინ არ იცის მისი შრომის ფასი, მას შეუძლია 24 საათის განმავლობაში 25 საათი იმუშაოს, ამიტომ ის არის დიდი შენაძენი.
20 წელია საავტორო გადაცემა მიმყავს და ყურადღება რომ მიმეცია იმისთვის, რაც ჩემზე წამიკითხავს, ან მომისმენია ამდენი ხანი პენსიაზე ვიქნებოდი გასული,
მაშინ ეთერში საერთოდ არ უნდა გამოვსულიყავი. როდესაც ღელავენ რაღაცაზე შენი მაყურებლები, ეს ნიშნავს, რომ კიდევ უფრო საინტერესოა.
მთავარი არის ნეკროლოგი არ გამოქვეყნდეს თქვენზე, თორემ დანარჩენი საუკეთესო რეკლამაა.
ერთადერთი რაც ზუსტად ვიცი, ისე გავაგრძელებ მუშაობას ამ ტელევიზიაში, არცერთი ავტორის გადაცემაში არ ჩავერევი.
ჩემი საქმე არის ბადის კარგად აწყობა, მაქსიმალური თავისუფლების მიცემა თანამშრომლებისთვის, ხოლო შინაარსს, რას გააკეთებს ნებისმიერ ჟურნალისტი მე ამაში არ ვერევი. ყველა ჩემი თანამშრომელი დაადასტურებს ამას.

























