
ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი ქვეყანაში საგანგებო მდგომაროების და კომენდანტის საათის გაუქმებას ეხმაურება. ასევე, მის ობიექტივში დედაქალაქის ახმაურებული ქუჩების ფოტოები გამოჩნდა.

წუხელ გაუქმდა კომენდანტის საათი.

12 საათზე ეს ამბავი მეზობლის მანქანამ შემახსენა. ისე დააღმუილა, მივხვდი, რომ თავისუფლება მის სულს ისე მოსწყურდა, ვით დაჭრილ ირემს წყარო ანკარა.

მერე ხმაურიანმა მოტოციკლებმა ჩამოიქროლეს. ფეირვერკის ხმებიც მომწვდა.

გარეთ გამოვედი, რათა როგორც საგანგებო მდგომარეობის დაწყება, ისე დასრულება გადამეღო.
ამჯერად ქუჩები გამოცოცხლებული იყო. უმეტესად შეყვარებულები და სკოლადამთავრებულები სეირნობდნენ. ერთგან გოგო-ბიჭები მზესუმზირას ჭამდნენ და ძირს აფურთხებდნენ. რაღაცამ შემაკავა, რომ აღშფოთება დამემალა.

უკვე 1-ლ საათზე რუსთაველის გამზირზე მანქანების ისეთი მოძრაობა იყო, ვიფიქრე, რაღაცას ვზეიმობთ-მეთქი.
ბოლოს ასეთი ხმაური მახსოვს „დინამოზე” შოტლანდიის ნაკრების დამარცხების შემდეგ.

ყველაზე მეტად ის არ მომეწონა, რომ ნაწილი საბრძოლოდ გამოვიდა. მძღოლები ისე აბღმუვლებდნენ მანქანებს, რომ მძინარე ადამიანები სულ ფეხებზე ეკიდათ.

ეს უკვე ნამდვილად ქაჯობა იყო.
იმედია, სხვების პატივისცემას ვისწავლით.

და მაინც, ჩვენს ქალაქებს სიცოცხლე და სისავსე უხდება“, – წერს ფოტოხელოვანი.



























