
პარლამენტის ადამიანთა უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე ნიკოლოზ ბასილაშვილსი საქმესთან დაკავშირებით საუბრობს და საზოგადოებას მოუწოდებს, ზედმეტი აჟიოტაჟისგან თავი შეიკავოს.
როგროც იგი ამბობს, ახლა საქმეში მთავარია არასრულწლოვანი ბავშვი, რომელზეც ამ ყველაფერმა, შესაძლოა, სერიოზული კვალი დატოვოს.
„ამ საზოგადოებრივი დისკუსიისა და ბევრი განხილვის ფონზე მგონია რომ მთავარი გამორჩა საზოგადოების დიდ ნაწილს, არასრულწლოვანი ბავშვი რომელიც ჩართულია ამ საქმეში.
ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, რჩება ინტერნეტში და როდესაც ბავშვი გაიზრდება და მიაღწევს კონკრეტულ ასაკს, დიდი ალბათობით მას მოუწევს ამ ყველაფრის წაკითხვა. ამან შეიძლება გამოუსწორებელი შედეგები გამოიწვიოს ბავშვის მომავალზე, ამიტომ მინდა ყველას მოვუწოდო თავი შეიკავონ ზედმეტი აჟიტირებისგან.
რა თქმა უნდა, ქალთა მიმართ ძალადობა და ზოგადად ძალადობა ჩვენს რეალობაში სერიოზული პრობლემაა, ამაზე საზოგადოების დიდი ნაწილი ვთანხმდებით. დიდი იმედი მაქვს რომ სასამართლო მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას”, – განაცხადა სოფო კილაძემ.
შეგახსენებთ, რომ ქართველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი 22 მაისს ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
მიუხედავად იმისა, რომ ბასილაშვილი ბრალს არ აღიარებს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 100,000 ლარიანი გირაო შეუფარდა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.
ბასილაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 16 ივლისს არის ჩანიშნული.
























