
2018 წელს ნიკოლოზ ბასილაშვილის მამამ Mshoblebi.Ge-სთან საკუთარი შვილის ქველმოქმედებაზე ისაუბრა.
ნოდარ ბასილაშვილმა განაცხადა, რომ ნიკას სანათესაოში ბევრს ეხმარება. ამის გარდა, ცნობილია, რომ ბასილაშვილი ბავშვების აქტიური დახმარებით გამოირჩევა.
გთავაზობთ ამონარიდს ნოდარ ბასილაშვილის 2018 წლის ინტერვიუდან:
– ბევრისთვის არ არის ცნობილი, რომ ნიკოლოზი ქველმოქმედებას ეწევა, ეხმარება ბავშვებს და ამ თემაზე არც სურს საუბარი.
– ბუნებით მზრუნველი ადამიანია. მისთვის უპირველესია, რომ ვინმეს რამით დაეხმაროს. ახლა ისეთი ცხოვრებაა, ჩვენს სანათესაოშიც ბევრს არ აქვს დალხენილი ცხოვრება და რითაც შეუძლია, ეხმარება ყველას. უკან დახევა არ იცის, ხან რით ეხმარება ადამიანებს, ხან – რით, თუმცა ამაზე საუბარი არ უყვარს. პირველ რიგში აბსოლუტურად გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ ნიკამ რასაც მიაღწია, მიაღწია თავისი დაუღალავი შრომით. ბევრმა არც იცის, რომ რა თანხასაც თამაშებზე აგროვებს, იმ თანხის 30 პროცენტი რჩება ქვეყანას, სადაც ტურნირს თამაშობს, ამას კიდევ აკლდება მწვრთნელებისთვის განკუთვნილი გადასახადი. რეალურად, ნიკას დიდი პრობლემები აქვს, წარმოიდგინეთ, ყველა მოთამაშეს სპონსორი ჰყავს, ის კი სპონსორი გარეშე ასპარეზობს. ბოლოს მითხრა კიდეც, რომ არ მაინტერესებს არავითარი ფული, მინდა სახელი მოვიხვეჭოო. ძალიან ბევრი რამ არის ნიკას კისერზე. გარედან კი ყველაფერი სხვანაირად ჩანს.
წყარო: Mshoblebi.Ge























