11:21 | 2020-03-13 ავტორი: Prime Time

ქუთაისის ლაბორატორიაში კორონავირუსზე პირველი ტესტი ჩატარდა

ქუთაისის ლაბორატორიაში კორონავირუსზე პირველი ტესტი ჩატარდა

დაავადებათა კონტროლის ქუთაისის ლაბორატორიაში წუხელ პირველი ტესტი ჩატარდა, რომელმაც კორონავირუსზე უარყოფითი შედეგი აჩვენა.

 

ლაბორატორიის ხელმძღვანელის, გოჩა გიორგიძის თქმით, ისინი 24-საათიან რეჟიმში იმუშავებენ.

 

კორონავირუსის რვა ტესტი გავაკეთეთ, პასუხი უარყოფითი იყო, პაციენტებს არ დაუდასტურდა კორონავირუსი. ქუთაისის ლაბორატორია 24 საათის განმავლობაში მუშაობს“,– აცხადებს ლაბორატორიის ხელმძღვანელი გოჩა გიორგიძე.

 

დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ქუთაისსა და ბათუმში ზონალურ-დიაგნოსტიკური ლაბორატორიების განთავსების გადაწყვეტილება 10 მარტს მიიღო. კორონავირუსის სავარაუდო შემთხვევების ტესტი, აქამდე მხოლოდ თბილისში ლუგარის ლაბორატორიაში ტარდებოდა.

 

საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 25 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 245 ადამიანი. სტაციონარში კი მეთვალყურეობას გადის 58.

 

ხელისუფლებამ ახალი ვირუსის პრევენციის მიზნით ზომები უკვე მიიღო. შეწყვეტილია საჰაერო მიმოსვლა ვირუსის გავრცელების მაღალი რისკის მქონე ქვეყნებთან – ჩინეთთან ირანთან და იტალიასთან. ქვეყანაში ორი კვირით შეწყდა სასწავლო პროცესი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. ყველა დაინფიცირებული საქართველოს მოქალაქეა. COVID19 -ით მსოფლიოში 100 000-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული, 3 000 -ზე მეტი კი გარდაიცვალა. კორონავირუსი ყველაზე მეტად გავრცელებულია ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, ირანსა და იტალიაში.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ვირუსის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში, ჩინეთის ჰუბეის პროვინციაში, ქალაქ უჰანში დაიწყო.

 

ავტორი: თეონა აბესაძე 

ავტორი: Prime Time

X