
პოლიტიკოსებს ხშირად ვხედავთ პარლამენტის ტრიბუნაზე, ქუჩაში გამართულ აქციებზე, პოლიტიკურ თოქ-შოუებში და ა.შ, თუმცა ნაკლებად ვიცით პირადი ცხოვრების დეტალები.
„პრაიმტაიმის“ რესპოდენტი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძეა, რომელიც მისი ოჯახის საინტერესო დეტალებს გვიამბობს.
– ბატონო რომან, პირველ რიგში თქვენი მეუღლე გაგვაცანით…
– ჩემი მეუღლე ფსიქიატრი მანანა შარაშენიძეა. ახლა ერთ-ერთ ფსიქიატრიულ ორგანიზაციაში მუშაობს. ერთმანეთი დიდი ხნის წინ, მერაბ მამარდაშვილის ლექციაზე გავიცანით და 1994 წელს ვიქორწინეთ.
გვყავს ქალიშვილი ანა გოცირიძე, რომელიც 22 წლის არის.
– სად სწავლობს თქვენი ქალიშვილი და რას საქმიანობს?
– ანამ საქართველოში დაამთავრა „ევროპული სკოლის“ ინგლისურენოვანი ჯგუფი. შემდეგ ჰოლანდიაში გაემგზავრა სასწავლებლად და ახლა მაგისტრატურაზე სწავლობს ამსტერდამში.
ჩემი მეუღლის მშობლებიც ფსიქიატრები იყვნენ, თავადაც ფსიქიატრია, ამიტომ ბოლომდე გვეგონა, ანაც ამ პროფესიას აირჩევდა, თუმცა რა მოხდა არ ვიცი, სკოლის დამთავრებისას სულ სხვა ფაკულტეტზე ჩააბარა.
იმ წელს ზღვაზე ვიყავით დასასვენებლად, სადაც უკრაინელი გოგონა გაიცნო, რომელიც იურიდიული ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი იყო, მას შემდეგ შევატყვეთ,
რომ დაინტერესდა იურიდიულით, ასევე, დააინტერესა ჯორჯ კლუნის ცოლის ბიოგრაფიამ,
რომელიც ძლიერი იურისტი ყოფილა, როდესაც ვკითხეთ რატომ დაინტერესდა იურიდიული მიმართულებით, თქვა, რომ ამ ფაკულტეტზე სურს ჩაბარება.
საკმარისი ნიშნები ჰქონდა, მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტში მოხვდა, მაგრამ ჰოლანდიაზე შევაჩერეთ არჩევანი, რადგან იქ არის მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტები და სწავლა ყველაზე იაფი ღირს.
დაამთავრა უნივერსიტეტი და ახლა მაგისტრატურას აგრძელებს ამსტერდამში, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო, სწავლა პრაქტიკულად არ არის.
მე თავად ვარ, ერთ-ერთი უნივერსიტეტის პროფესორი და ვიცი, ონლაინ სწავლება დაბალი ხარისხის არის. ჩემს ზოგიერთ სტუდენტს ჩართული აქვს კამერა და სამზარეულოში დადის.
– თავდაპირველად მარტო გაუშვით თქვენი ქალიშვილი ჰოლანდიაში სასწავლებლად?
– ჰოლანდიაში ერთად ჩავედით, ბინა შევარჩიეთ, მე წამოვედი და ის დარჩა. თავიდან ისე წავიდა, არაფერი არ იცოდა, არც საჭმლის გაკეთება, არც დაუთოვება, ახლა ყველაფერი იცის.
– მკაცრი მამა ხართ?
– მე მკაცრი მამა არ ვარ. ყველა მამას ჰგონია მისი რჩევები არის სწორი. ვერასდროს ვერავინ დამიმტკიცებს რასაც მე ვურჩევ, ამაზე უკეთესი რჩევა ვინმეს შეიძლება მოუვიდეს თავში, მაგრამ საბოლოოდ აკეთებს ისე, როგორც უნდა.
ასეა, თვითონ ადამიანი წყვეტს თავის ბედს, ადამიანს თავისუფლება არ უნდა შეუზღუდო. წარმატებებიც პირადი გამოცდილებით მოდის. შედეგი ცხოვრებისეულ გამოცდილებას აქვს.
რასაც მეთოდურად ვუნერგავდი, ესაა პატივი სცეს განსხვავებულ აზრს. რაც არის ჩვენი კონსტიტუციის მთავარი ღერძი.
პატარა როცა იყო ერთად, შეგნებულად ვუყურებდით ფილმებს, მაგალითად „ჰელადოსი“ ერთად ვნახეთ, ერთად ვიტირეთ გოდერძი ჩოხელის ფილმზე. ადამიანების ჰუმანურობას და თანაარსებობას რომ უსვამს ხაზს ისეთ ფილმებს ვუყურებდით.

მინდა წიგნებს კითხულობდეს ბევრს, ჩემზე გაცილებით ინფორმირებული და ჭკვიანებიც არიან,
მაგრამ კითხვის ის სტანდარტი რაც ჩვენ გვქონდა და ახლა ამათ აქვთ, განსხვავებულია.
მშობელი უნდა იყოს მენტორი. შვილებიც გვზრდიან და გვცვლიან ჩვენ.
– ახლა ისევ თქვენი და თქვენი მეუღლის შესახებ განვაგრძოთ საუბარი, ოჯახში როგორ გაქვთ გადანაწილებული ფუნქციები?
– ყველაზე მძიმე სამუშაო ოჯახია. როდესაც შევუღლდით, ვუთხარი, ფუნქციები უნდა გავინაწილოთ სამინისტროებივით, შენ იყავი შინაგან საქმეთა მინისტრი, მე საგარეო საქმეთა მინისტრი ვიქნები-მეთქი.
მე ჩაკეტილი ადამიანი ვარ, ჩემი მეუღლის მამა ცნობილი ფსიქიატრი იყო, ბევრი მეგობარი ჰყავდა, ხელოვნების ზეიმი იყო ამ ოჯახში სტუმრობა.

სახლში ახლაც აქვთ ჭიქა-ზარი. სუფრის თამადა ძირითადად გურამ ასათიანი გახლდათ, რომელიც ცნობილი კრიტიკოსი იყო.
როცა დაოჯახება გადავწყვიტეთ, ჩემი მეუღლის მამას უთქვამს სანამ მას მთვრალს არ ვნახავ, შენზე დაქორწინების უფლებას არ მივცემო.
მე დალევა არ მიყვარს და ადვილადაც არ ვთვრები, ერთ-ერთი სტუმრიანობის დროს, მეც დამპატიჟეს და სიმთვრალის ტესტი წარმატებით ჩავაბარე.
– როგორი ქორწილი გადაიხადეთ?
– არავითარი ქორწილი არ გვქონია, ავდექი და საბერძნეთში წავედით საქორწინო მოგზაურობაში.































