
საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის საპილოტე ეტაპი მალე დაიწყება, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.
მისივე თქმით, მსოფლიო ბანკი კვლავ ადასტურებს მზადყოფნას, რომ პროექტი სახელმწიფოსთან ერთად დააფინანსოს.
„პროექტი დაყოფილია ორ ეტაპად. პირველი, საპილოტე ეტაპი დაიწყება უახლოეს დღეებში და შემდგომი დანარჩენი ეტაპი უკვე მსოფლიო ბანკთან შეთანხმების კვალობაზე, სავარაუდოდ უახლოეს თვეებში.
გვქონდა გეგმაში ამ პროექტის დაჩქარება, მაგრამ ახლა კორონავირუსის პანდემიის კვალობაზე უფრო მეტი აქტუალობა შეიძინა ზოგადად ონლაინ ურთიერთობებმა, ელექტრონულ პლატფორმაზე სხვადასხვა ბიზნესის სწავლების, განათლების ურთიერთობის გადაწყობამ და აქედან გამომდინარე, კიდევ უფრო დავაჩქარებთ.
ძირითადი ამოცანა ამ პროექტის სოფლებში დაფარვაა, რადგან ქალაქები მეტ-ნაკლებად დაფარულია მაღალი სიჩქარის ინტერნეტით.
ახლა საუბარი იმაზეა, რომ ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურა, ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი და შესაბამისი აპარატურა დამონტაჟდეს იმისთვის, რომ იმ სოფლების ინტერნეტიზაცია მოხდეს, რომლებიც დღესდღეობით ვერ სარგებლობს ინტერნეტით ან დაბალი ხარისხის ინტერნეტია, “- აცხადებს ნათია თურნავა.























