
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ მთავრობამ ოპტიმალური ალგორითმი უნდა შექმნას, როგორ მივიღოთ უცხოელი ტურისტები, ისე რომ მათ არ დავუკარგოთ საქართველოში ჩამოსვლის სურვილი.
მისი თქმით, უფრო მეტ რისკს ტურისტული სეზონის გახსნა შეიცავს, როდესაც საქართველოში ჩამოვლენ უცხოელები და ჩვენი მოქალაქეები დაიწყებენ მგზავრობას უცხოეთში.
„ჩვენ მივაღწიეთ იმ სიტუაციას, როდესაც გვყავს ავადმყოფების ძალიან მცირე რიცხვი, ერთ-ერთი ყველაზე მცირე ევროპაში და გარდაცვლილების ერთ-ერთი ყველაზე მცირე რიცხვი ევროპაში.
საქართველოში შეზღუდვების მოხსნა არ შეიცავს ისეთ დიდ რისკს, როგორც იმ ქვეყნებში, რომლებიც წავიდნენ ამაზე.
შეუძლებელია ადამიანების, მოსახლეობის მოთმინება გამოსცადო თვეობით და ეკონომიკა გააჩერო თვეობით.
ისინი წავიდნენ მოხსნაზე იმ პირობებში, როდესაც მათ არ აქვთ საქართველოსნაირი მაჩვენებლები.
მათ აქვთ ათასობით, ათეულ ათასობით შემთხვევა და ათასობით და ათეულ ათასობით გარდაცვლილი“, – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.























