
პანდემიამ ადამიანებს გეგმები ჩაუშალა. გაუქმდა დაგეგმილი გაცვლითი პროგრამები, საერთაშორისო შეხვედრები.
კოვიდინფექციამ მთელი მსოფლიო ახალ რეალობაში და საჭიროებაში გადაისროლა. ასეთ ვითარებაში სიტუაციის მოსარგებად აუცილებელი გახდა კომფორტის ზონიდან გამოსვლა და რეალობის სწორად აღქმა.
ნატალი პატარიძე, რომელიც ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელია.
მან შეძლო ახალ ცხოვრებაში საკუთარი თავის და საქმის პოვნა.
– თქვენ ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელი ხართ, სადაც დაახლოებით ათამდე სხვადასხვა წრე გაქვთ გახსნილი, ამის გარდა, გამოირჩევით სხვადასხვა აქტივობებით. პანდემიის პირობებში როგორ მოხდა თქვენი გადაწყობა და მორგება?
– პანდემიის პირველი კვირა ძალიან მძიმე იყო ჩვენთვის, მოგვიწია ფორსმაჟორში პარიზის პროექტის გადადება, ასევე სხვადასხვა სტუდიებში დასაქმებული 35 თანამშრომელი დაგვრჩა ხელფასების გარეშე.
თუმცა, ემოციური შოკის გასვლის შემდეგ მალევე გავასწორე ფოკუსი და მოვლენებს შევხედე რეალურად.
დავიწყეთ ძიება რა იყო პანდემიის დროს მოთხოვნადი პროდუქტი და რა სჭირდებოდა მომხმარებელს.
ასეთი იყო მრავალჯერადი პირბადე, დისტანციურად სახლებში დავუკვეთეთ ჩვენს თანამშრომლებს პროდუქტი (ვისაც კერვა შეეძლო) და სხვადასხვა მსხვილ კომპანიებს შევთავაზეთ, მოქმედებამ გაამართლა!
კრიზისმა დაგვანახა ახალი შესაძლებლობა და ამავდროულად მე პირადად მაჩვენა არასტანდარტულად ფიქრის საჭიროება.
დამანახა რომ სფერო არ უნდა აქციო ჩაკეტილ წრედ და დამაბრკოლებელ წინაღობად, უბრალოდ მოვლენებს სხვა პერსპექტივიდან სჭირდება ზოგჯერ შეფასება, კრიზისში უნდა ისწავლო თავიდან, აღმოაჩინო და შეხედო სამყაროს ისე როგორადაც ჯერ არ გიცდია, ასე უფრო გაამართლებ შენთან დასაქმებულების იმედს.
– რა სიახლეებს უნდა ელოდეს მომხმარებელი თქვენგან, რადგან მუდმივად ცდილობთ საზოგადოების საჭიროებას და მოთხოვნას მოარგოთ თქვენი საქმიანობა.
– გარდა მრავალჯერადი პირბადეებისა ჩვენ ვახორციელებთ ქალთა ფონდის მხარდაჭერით სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანთათვის პროექტს.
პროექტის ფარგლებში სურდოთარგმანით დავამზადეთ კოვიდ-19-ის პრევენციისთვის რჩევები და რეკომენდაციები და მთელს იმერეთის რეგიონში დავარიგეთ, ასევე აუდიო ვერსია მიეწოდა უსინათლო ბენეფიციარებს იმერეთის მაშტაბით.
პანდემიამ მაიძულა კომფორტის ზონიდან გავსულიყავი და აღმომეჩინა სამყარო, სადაც არც ვაპირებდი შეხედვას, ეს ჩემთვის პირადად იყო რთული, მაგრამ საჭირო გამოცდილება და ამ თითქოს საუკუნედ ქცეულ სამ თვეს ერთერთ მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ გაკვეთილად ვაფასებ.
























