
სულ ახლახან, ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ დაავალა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას, ხელახლა წამოსწიონ ხუთი წლის წინანდელლი, რეზონანსული მკვლელობები.
ნახევარი წელიც არ არის გასული, რაც დრანდას ციხეში, წინასწარი დაკავების იზოლატორში გუდაუთას მკვიდრ ასტამურ ძიძარიას მძინარეს ყელი გამოჭრეს. გულრიფშის წინასწარი დაკავების იზოლატორში ახალგაზრდა ბიჭი, ტარბა მოკლეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში სასტიკი წამებით მოკლეს ასაკოვამი მამაკაცი – ზაურ ტარბა.
2020 წლის 4 თებერვალს, გუდაუთის რაიონის სოფელ ლიხნის მკვიდრი, ასტამურ ძიძარია სოფელ დრანდაში განთავსებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი დაკავების იზოლატორში მოკლეს.
ის დიმიტრი ოზგანის (დიმიტრი ოზგანი გახლდათ პარტია „ერთიანი აფხაზეთის“ ყოფილი მდივნის, ირინა დოჩის ერთ-ერთი სავარაუდო გამტაცებელი) მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს.
გარდა ამისა, ძიძარიას ბრალი ედებოდა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენის საქმეში.
„ძიძარიას გვამის გამოკვლევამ გამოავლინა მრავლობითი ჭრილობა სხეულის სხვადასხვა არეში. მიღებულია ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებები იმ პირის იდენტიფიცირებისთვის, ვინც ჩაიდინა ეს დანაშაული“, – ნათქვამია ე.წ. აფხაზური პროკურატურის მოხსენებაში.
გატაცების საქმეში ბრალდებულები არიან გენადი ბლაბი, არდენ ჭანტურია, ჯუმბერ ავიძბა, ალხას ძიძარია. საქმის მასალების მიხედვით, ასტამურ ძიძარიას თანამზრახველი დიმიტრი ოზგანის მკვლელობაში, არის ალხას ძიძარია.
იყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ ძიძარიას განაჩენი უნდა გამოცხადებულიყო 13 თებერვალს და ის, როგორც არასაურველი მოწმე, თავიდან მოიშორეს.
ალიას ტარბა, რომელიც ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული, შინაგან საქმეთა დეპარტამენტის გულრიფშის დროებითი დაკავების იზოლატორში მოკლეს. პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ცნობით, ტარბამ თვითმკვლელობით დასრულა სიცოცხლე, მაგრამ საზოგადოებას არ სჯერა თვითმკვლელობის ვერსიის და ტარბას გარდაცვალებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს ადანაშაულებს.
ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს, რომ 1991 წელს დაბადებული ალიას ტარბა, გუდაუთის მკვიდრი, 21 აპრილს დააკავეს ნარკოტიკების მოხმარების ბრალდებით.
მან უარი თქვა გამოძიებასთან თანამშრომლობაზე, ხოლო სოხუმის სასამართლოს გადაწყვეტილებით მას მიუსაჯეს ადმინისტრაციული პატიმრობა 30 დღის ვადით, რომელსაც ის გულრიფშის შინაგან საქმეთა დეპარტამენტის დროებითი დაკავების იზოლატორში იხდიდა.
26-27 აპრილის ღამით, ტარბამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასწრაფო დახმარების გამოძახება მოითხოვა. ის სოფელ აგუძერას საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ექიმებმა დიაგნოზი ვერ დაადგინეს და პაციენტი სოხუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. გამოკვლევის დასრულების შემდეგ, ტარბას დაუდგინდა გასტროდუოდენიტი და დააბრუნეს იზოლატორში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 27 აპრილის შუადღისას, იზოლატორის მორიგე ოფიცერმა იპოვა საკანში ალიას ტარბას ჩამომხრჩვალი სხეული.
თოკი დაწნული იყო სპორტული შარვლის გარე ზოლებიდან. იგი აგუძერას საავადმყოფოში გადაიყვანეს, სცადეს რეანიმაცია, მაგრამ უშედეგოდ.
გენერალური პროკურატურა იუწყება, რომ სასამართლო ექსპერტიზის დასკვნით, გარდაცვლილს კისერზე აქვს კვალი, რომელიც მარყუჟისგან წარმოიქმნა.
პროკურატურის ცნობით, ტარბას სხეულზე სხვა ძალადობრივი დაზიანებები არ აღმოჩნდა. ცხედარი გადაეცა ნათესავებს, რომლებმაც უარი თქვეს სასამართლო ექსპერტიზაზე.
2019 წლის 11 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში, ანზორ ტარბა სასტიკი წამებით მოკლეს. უფრო მეტიც, როგორც სოციალური ქსელის მომხმარებლები წერდნენ, თანამშრომლები ცდილობდნენ, მისი სიკვდილის მიზეზად კიბეებზე დაცემა წარმოეჩინათ, ვიდრე გარდაცვლილის ქალიშვილმა ცხედრის ფოტოები არ გაასაჯაროვა, სადაც გარდაცვლილის ტანზე ძალადობის ნიშნები ჩანდა.
გავრცელებული ვერსიის თანახმად, ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური პირები შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში მისგან ჩვენებას მოითხოვდნენ და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეობის აღიარებას აიძულებდნენ. მას ომარ მირცხულავას გატაცებას ედავებოდნენ და ფიზიკურად ძალადობდნენ.
გენერალურმა პროკურატურამ მოითხოვა შინაგან საქმეთა სამინისტროს ოთხი ოფიცრისთვის, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, შინაპატიმრობა გამოეყენებინათ. სასამართლომ დააკმაყოფილა.
„მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ დანაშაული ჩაიდინეს აფხაზეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, რომელთა კაბინეტიც მინისტრის კაბინეტის სართულზე მდებარეობს. აღსანიშნავია, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორში ადამიანების მკვლელობების ფაქტები გახშირდა “. – წერდა აფხაზური მედია.

























