
დღეს დედაქალაქის მერიის სერვისცენტრს ძირითადად ასაკოვანმა ადამიანებმა 200-ლარიანი დახმარების თხოვნით მიმართეს. როგორც ირკვევა, მათ სხვადასხვა წყაროდან მიიღეს ინფორმაცია, რომ ასეთი დახმარება იქ რიგდებოდა.
ამის გამო, მერიამ სპეციალური განცხადება გაავრცელა.
„დღეს თბილისის მერიის სერვისცენტრს არაერთმა მოქალაქემ მიმართა. განცხადებების შემომტანთა უმრავლესობას წარმოადგენს საპენსიო ასაკის ხალხი. ისინი აცხადებენ, რომ სხვადასხვა წყაროდან მიიღეს ინფორმაცია, თითქოს თბილისის მერია პენსიონერთა დასახმარებლად არიგებს 200-ლარიან დახმარებას, ხოლო განცხადების ჩაბარების ბოლო ვადა არის 29 მაისი“, – წერია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია არის სრული ტყუილი და დეზინფორმაცია. თბილისის მერიას არ აქვს მსგავსი დახმარების პროგრამა. რაც შეეხება პანდემიით დაზარალებულ მოქალაქეთა დახმარებას, ეს არის სამთავრობო პროგრამა, რის შესახებაც ინფორმაცია ყველასთვის ხელმისაწვდომია.
სამწუხაროა, რომ ასეთ რთულ ვითარებაში, სწორედ პენსიონერები გახდნენ მავანთა სამიზნე, რომელთა მოტყუების გზით ადგილი აქვს თბილისის მერიის დისკრედიტირების მცდელობას“, – განმარტავენ მერიაში.
ცნობისთვის, მერიის ყველა სერვისცენტრმა მუშაობა დღეს განაახლა.
გუშინ, პარლამენტის ტრიბუნიდან ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა დიმიტრი ხუნდაძემ მსგავსი განცადება გაავრცელა. მისი თქმით უცნობ ადამიანებს ურეკავენ და მის ტელეფონის ნომერს აძლევენ იმ მოტივით, რომ თითქოს ხუნდაძე მათ 400 ლარით დაეხმარება.























