22:07 | 2020-05-30 ავტორი: Prime Time

ლენინის ბიუსტი ზუგდიდის სოფელში, რომელიც მაცხოვრებლების თქმით ჩრდილოეთისკენ იყურება

ლენინის ბიუსტი ზუგდიდის სოფელში, რომელიც მაცხოვრებლების თქმით ჩრდილოეთისკენ იყურება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ ინგირში, ზუგდიდი-ინგირის რკინიგზის გასწვრივ ხის მორით დამაგრებული ლენინის თეთრი ბიუსტი შეგხვდებათ.

 

„პრაიმტაიმი“ დაინტერესდა ამ ბიუსტის ისტორიით და სოფლის მაცხოვრებლებისგან სხვადასხვა ისტორია მოისმინა.

 

„ერთ კილომეტრში მდინარე ენგური ჩამოდის. ასე გაგვიგია, მესტიიდან მდინარე ენგურს ჩამოყვაო ეს ლენინის ბიუსტი და ხალხმა იპოვა მერე და აქ დადგა ლიანდაგის წინ თვალსაჩინო ადგილას“,- გვიყვება სოფლის მკვიდრი ალექს ჯიჭონაია.

 

სხვა ადგილობრივი, რამინ ლაგვილავა ჩვენთან საუბარში აცხადებს, ლენინის ბიუსტი ინგირის კულტურის ცენტრის სანაგვეში იყო გადაგდებული.

 

კომუნიზმის დაუსჯელი ცოდვები - გზა თანასწორობიდან დიქტატურამდე
2020-05-20კომუნიზმის დაუსჯელი ცოდვები - გზა თანასწორობიდან დიქტატურამდე

 

„ბიუსტის აღდგენა მე ვითავე და მამაჩემმა კოტე ლაგვილავამ. გავათეთრეთ, ხის მორზე დავდეთ და დგას ასე ხელუხლებელ ადგილას და იყურება ჩრდილოეთით რუსეთისკენ, თავისი ქვეყნისკენ. რატომაც არა! ასეთი მონუმენტი მხოლოდ აქ არის ზუგდიდში, სოფელ ინგირში და იდგეს.

 

ასე ცნობადობა ემატება ჩვენს სოფელს და უბანს. შარშან ლიანდაგზე ხე ჩამოწვა და მატარებელიც ბუნებრივია გაჩერდა და მგზავრები, როცა ლოკაციის შესახებ ამცნობდნენ თავიანთ ახლობლებს, ეუბნებოდნენ ლენინის ბიუსტის წინ მოდითო.

 

ზუგდიდიდან შორია და არც ისე ადვილად მოსაგნები ადგილია. გაეროს და ევროკავშირის წარმომადგენლები მოდიან და ფოტოებს იღებენ – ასე გავხდით ცნობილები“, – თქვა რამინ ლაგვილავამ.

 

მისივე თქმით, ბიუსტი 20 წელზე მეტია ამ ადგილას ხელუხლებლად დგას და სოფლის და უბნის საბჭოთა სიმბოლიკა გახდა.

 

 

ავტორი: თეა შონია

ავტორი: Prime Time

X