
ე.წ. საბურთალოს კლასტერიდან პირველადი ინფიცირებულის 100-მდე კონტაქტია გამოკვლეული, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
ინფიცირების წყარო, საბურთალოს რაიონში ნუცუბიძის მეორე პლატოზე დევნილთა კორპუსში ცხოვრობდა, სადაც ეპიდემიოლოგებმა თითქმის ყველა მოსახლეს ტესტი აუღეს და ტერიტორიის დეზინფექციაც ჩაატარეს.
მისივე თქმით, 30 იანვრიდან დღემდე ქვეყანაში 57 ათასამდე შესაძლო შემთხვევაა გამოკვლეული.
„დღეს, დილის მონაცემებით, 783 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. ახალი 26 შემთხვევა, მათგან 18 ქვეყანაში ყველაზე ცხელ წერტილს, ბოლნისის მუნიციპალიტეტს უკავშირდება და კერძოდ, ყველაზე ცხელ წერტილს ბოლნისის მუნიციპალიტეტში – ეს არის სოფელი მუშევანი.
პარასკევს მუშევანში ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად დიდი აქცია გვქონდა, სადაც თითქმის მთელი სოფელი, 574 ადამიანი გამოვიკვლიეთ და დადასტურდა 18 შემთხვევა. აქედან 17 შემთხვევა არის მუშევანიდან და ერთი კონტაქტი-სამედიცინო დაწესებულების მძღოლი ბოლნისიდან.
4 არის დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტი, ე.წ. საბურთალოს კლასტერი, სადაც ჩვენ გუშინ პირველადი ინფიცირებულის დაახლოებით 100-მდე კონტაქტი გამოვიკვლიეთ და 4 შემთხვევაში კოვიდ19-ზე დადებითი რეაქცია დადასტურდა.
დანარჩენი 4 შემთხვევა გახლავთ საკარანტინე ზონებიდან. ძალიან მნიშვნელოვანია საკარანტინო ზონების აქტიური მუშაობა.
ქვეყანაში შემოსული ყველა ადამიანის და განსაკუთრებით, ყველაზე უფრო ცხელი წერტილებიდან, მოსაზღვრე ქვეყნებიდან ადამიანების 14 დღიან კარანტინში მოქცევა და მათი კვლევა.
ასეთი 4 შემთხვევა გვაქვს დადასტურებული და მათ შორის ასევე გახლდათ ტრაილერის ორი მძღოლი საკარანტინო ზონიდან“, – განაცხადა გამყრელიძემ.
























