
ხვალიდან, 1 ივნისიდან, ქუთაისში მადლიერების სახლის ბენეფიცარები უფასო სასადილოებით სარგებლობას შეძლებენ.
კორონავირუსის გამო კვლავ აკრძალული იქნება საკვების ადგილზე მირთმევა, რაც მომავალშიც გაგრძელდება. იმუშავებს მხოლოდ გატანის სერვისი.
ასევე, შეზღუდვები იმოქმედებს უფასო სასადილოებში მისული ბენეფიციარებისთვისაც.
უფასო სადილის მიმღებები შენობაში მხოლოდ პირბადით დაიშვებიან, არაუმეტეს სამი ადამიანისა. დაწესებულების თანამშრომლები კი შესასვლელში დეზინფექციის პროცედურის ჩატარებას უზრუნველყოფენ.
ქუთაისის „მადლიერების სახლის“ სასადილოები, სხვა დაწესებულებების მსგავსად, კორონავირუსის გამო დაიკეტა. ვირუსის პირობებში ბენეფიციარები სადილს სახლში იღებდნენ.























