
კორონავირუსის პანდემიის გამო, იძულებით გაჩერებული ტურიზმის შემდეგ იტალია საზღვრებს ხსნის.
დღეიდან ევროპელ ტურისტებს იტალიაში შესვლა უპრობლემოდ შეეძლებათ.
მანამდე, ქვეყნის მთავრობა აქტიურად აანონსებდა, რომ ტურისტული სექტორის აღორძინება ზაფხულის დასაწყისიდანვე დაიწყებოდა, დღეს კი იტალიის საზღვრები ჯერჯერობით მხოლოდ ევროპელი ტურისტებისთვის გაიხსნა.
პარალელურად ამუშავდა რომის კოლიზეუმიც, რომელიც ტურისტებითვის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ობიექტია.
ასევე, ტურისტებისთვის იხსნება ვენეციის არხებიც და დამთვალიერებლებს ქალაქში ნავებით გასეირნების შესაძლებლობა ექნებათ.
„ეს ნაბიჯი რა თქმა უნდა დიდ რისკებს შეიცავს, თუმცა თუ ტურიზმს არ გავხსნით, შესაძლოა ეკონომიკური კრიზისიდან ამოსვლა ვერასდროს შევძლოთ!“ – განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ.
იტალია პირველი ევროპის ქვეყანა იყო, რომელსაც COVID-19-მა შეუტია. ქვეყანა პანდემიას ამ დრომდე ებრძვის, თუმცა შემთხვევების რიცხვი, გასულ თვესთან შედარებით მნიშვნელოვნად არის შემცირებული.
ამ დროის მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების 233 515 შემთხვევა დადასტურდა. მათ შორის 33 530 ადამიანი გარდაიცვალა, 160 092 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
წყარო: France-24
























