
თბილისში, ოკუპირებულ გალის რაიონ სოფელ საბერიოდან დამწვრობის ცენტრში გადმოყვანილი 6 წლის ბიჭი, კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.
მისი მდგომარეობა სტაბილურია. ამაზე „პრაიმტაიმს” ცენტრის დირექტორი, გუგა ქაშიბაძე ესაუბრა.
მისივე ცნობით, ბავშვს ხვალ დილის 11:00 საათიდან საოპერაციოდ ამზადებენ.
„ხვალ გვაქვს ოპერაცია დაგეგმილი, ანუ კანის გადანერგვები, თუ ყველაფერი წესრიგში იქნა. ეს უკვე საღამოს ანალიზების პასუხზეა დამოკიდებული, თუმცა თავიდან ბოლომდე ემორჩილება მკურნალობას, რაც ბუნებრივია გვახარებს”, – განმარტა ქაშიბაძემ.
შეგახსენებთ, ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოდან ექვსი წლის ბავშვი 30 მაისს გადმოიყვანეს. მას სხეულის მეორე-მესამე ხარისხის დამწვრობა აქვს. პაციენტს დამწვრობა აღენიშნება ზურგის, ქვემო და ზემო კიდურების არეში.
ბავშვებმა შეშის ღუმელში ნავთის ნაცვლად ბენზინი ჩაასხეს, რამაც ძლიერი აალება გამოიწვია.
პაციენტმაც დაზიანება სწორედ ამ დროს მიიღო. მთლიანად დაიწვა საცხოვრებელი სახლი.
ავტორი: თეა შონია























