
არ მახსოვს ღამე, დასაძინებლად დავწოლილიყავი და დილამდე მძინებოდა, 24 საათი ვმუშაობდი – ასე იწყებს თავისი ამბის მოყოლას, 92 წლის ექიმი დოდო ჭიჭინაძე.
ის მარნეულის მუნიციპალიტეტის, სოფელ საიმერლოში ცხოვრობს.
ამ სოფელში ის დღემდე ადამიანების იმედია. დოდო ექიმი ამბობს რომ 25 წლის იყო, როდესაც მარნეულის სოფელ საიმერლოში სამუშაოდ თბილისიდან ჩამოვიდა, სოფელი საიმერლო კი, ამ დროს ჯერ მხოლოდ 4 წლის იყო.
„თბილისში შეძლებულ ოჯახში გავიზარდე. დედა არისტოკრატის ოჯახიდან იყო, მამა კი თანამდებობებზე მუშაობდა.
დედა პროფესიით ფარმაცევტი აფთიაქში მუშაობდა და მეც ხშირად მივყვებოდი სამსახურში. ყველაფერი მაინტერესებდა, ბავშვობაში თოჯინებით სულ „ექიმობანას“ ვთამაშობდი.
ვიზრდებოდი და ვხვდებოდი, რომ მედიცინა მაინტერესებდა. შემდეგ სამედიცინო უნივერსიტეტშიც მოვეწყე.
როდესაც დავამთავრე სწავლა, ასპირანტურაზე ჩასაბარებლად მჭირდებოდა 1 წლიანი სამუშაო სტაჟი, გამომიშვეს ამ სოფელში, აქ საჩხერიდან გადმოსახლებული ხალხი ცხოვრობს.
მაშინ ეს სოფელი 4 წლის იყო.
დავიწყე სოფლის პუნქტში მუშაობა. აქ იმ დროს არ იყო გზა, ელექტროენერგია, წყალი, გაზი, არაფერი არ იყო, მაგრამ ჩემთვის ეს გართულებას არ წარმოადგენდა.
მნიშვნელოვნად პაციენტების მკურნალობას ვთვლიდი, დღემდე ასე ვფიქრობ.
92 წლის ასაკშიც კი მზად ვარ ავადმყოფებს დავეხმარო, თან მინდა ვთქვა აქ ჩამოსვლიდან დღემდე მე ჩემი პაციენტებისგან თანხა არ ამიღია.
მამა ხელს მიწყობდა, ფულს მაძლევდა რომ ჩემი პაციენტებისთვის წამლები მეყიდა.
ამ სოფელშივე შევქმენი ოჯახი. ძალიან კარგი მეუღლე მყავდა. ჩვენ 3 შვილი გავზარდეთ.
ამ სოფელში როცა ჩამოვედი მარნეულში საავადმყოფო არ იყო. მერე აშენდა და თერაპევტ ინფექციონისტად ვმუშაობდი.
სოფლიდან რაიონამდე ტრანსპორტი არ მოძრაობდა, სიარული მიჭირდა, ხშირად ფეხით მივდიოდი. ამიტომ საავადმყოფოში მუშაობას თავი დავანებე, სახლში მქონდა მოწყობილი კაბინეტი და პაციენტებსაც ვიღებდი, ბინაზეც ვმკურნალობდი.
რაც აქ ვმუშაობ ბინაზე 300 მშობიარე ქალი ვამშობიარე. ყველა ბავშვი ჯანმრთელი და გართულებების გარეშე გაჩნდა, 20 წელია რაც სახლში ვარ“, – ამბობს დოდო.
92 წლის ექიმი რამდენიმე ამბავს განსაკუთრებულად ემოციურად გვიყვება და ამბობს რომ ეს ამბები მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელია.
„ამ დრომდე არცერთი ჩემი პაციენტი არ დამვიწყებია, მაგრამ არის რამდენიმე ამბავი და პაციენტი რომელიც განსაკუთრებულად მახსოვს.
როცა რამდენიმე წლის ჩამოსული ვიყავი ბევრი ადამიანისთვის იმედი იყო ჩემი აქ ყოფნა. აქვე ერთი აზერბაიჯანული სოფელია ბაილარი, იმ პერიოდში არ იყო გზა და არც ტრანსპორტი.
მოვიდნენ ბაილარიდან ჩემს წასაყვანად. ავადმყოფს სჭირდებოდა დახმარება.
მოყვანილი ჰყავდათ ცხენი, ზედ შებმული ურიკით, რომელზეც ბალიშები დაელაგებინათ რომ დავმჯდარიყავი, ასე წამიყვანეს პაციენტთან“, – გვიყვება სოფლის უხუცესი ექიმი დოდო ჭიჭინაძე.
დოდო ექიმის შესახებ სოფელ საიმერლოში ამბობენ, რომ მიუხედავად იმისა ის მოხუცია, მისი იმედი დღესაც აქვთ.
ავტორი: მარიამ ქველაძე

























