
კონტრრევოლუციური ბანდის გამოსვლა კოდორის მაზრაში – ასე ქვია საქმეს, რომელიც შსს-ს არქივშია დაცული.
საქმე მოიცავს სანმ დიდ ტომს არის ინფორმაციული, მაგრამ სამწუხაროდ დაზიანებულია და გაფერმკრთალებული.
1922 წლის 12 მაისს კოდორის მაზრის პოლიოტბიუროში შევიდა სოფელ ჯალის კოუჯრედის პატაკი, რომელიც იუწყებოდა, რომ 26 მაისს მზადდებოდა ბანდიტების კონტრრევოლუციური გამოსვლა.
23 -24 მაისს შედგა კოდორის პოლიტბიუროსა და პარტიული კომიტეტის სამმართველოს თათბირი, რომელზეც განიხილეს აღნიშნული საკითხი და შეიმუშავეს გამაფრთხილებელი ზომები.
გამოიძიეს, რომ ამ პერიოდში ოჩამჩირეში მუშაობდა არალეგალური ორგანიზაცია, რომლის წევრებიც ხშირად იკრიბებოდნენ „მენშევიკისა და ბანდიტის“ ნოჩო მიქელაძის კუთვნილ რესტორან „სამოთხეში“.
ეს შეხვედრები იყო კონსპირაციული და მისი მონაწილეები უსაფრთხოების მიზნით, რესტორანში შეიარაღებულები იკეტებოდნენ.
რესტორნის ხშირი სტუმრები იყვნენ: კოწია დადაშქელიანი, სოდათ შერვაშიძე, სეითბეი ანჩაბაძე, ასტამურ აქირთავა, ნესტორ დადიანი, იასონ მარღანია, დიჟ კვეკვესკირი, გრიგოლ ჭედია, რაჟდენ ჟვანია, გრიგოლ ჯიჯოლია, ნიკოლოზ მალანია, ვიქტორ ჟორჟოლიანი, მაქსიმე კორსანტია, ანდრია ხოფერია და სხვა.
დადგინდა, რომ ამ „მენშევიკური ბანდის“ ხელმძღვანელები და ეჭვმიტანილი პირები ხანგრძლივად ეწეოდნენ ანტისაბჭოურ პროპაგანდას სოფლებში. ნეტნაკლებად აქტიურები იყვნენ: ნოჩო მიქელაძე, ალექსანდრე მარშანია, ვლადიმერ ქორქია, ალექსანდრე მიქელაძე, ნესტორ დადიანი.
თბილისიდან ჩასული რამდენიმე ახალგაზრდა, რომლებიც ავრცელებდნენ პროკლამაციებს და იდეოლოგიურდა მუშაობდნენ მოსახლეობაში.
შეიარაღებული აჯანყების სანაცვლოდ გლეხებს ჰპირდებოდნენ მატერიალურ უზრუნველყოფას.
კონსტანტინეპოლიდან ელოდნენ ფულითა და იარაღით სავსე გემებს.
ამ დაპირებისა და დესანტის დახმარების იმედით გადაწყვიტეს შეიარაღებული გამოსვლა, კომუნისტების განდევნა და მენშევიკების ხელისუფლების გამოცხადება კოდორის მაზრაში.
აჯანყებულები დახმარებას ელოდნენ ტამიშიდან და ოჩამჩირედან… მაგრამ დაიწყო დაპატიმრებები.
28 მაისს, კოდორის მაზრის პოლიტბიურომ და აფხაზეთის ჩეკამ დააპატიმრა მუშნი დადეშქელიანი, ალექსანდრე მაჭავარიანი, ევტიმე გაბუნია, პელაგია პინტურია, ვასილ კვარაცხელია, ჭიჭიკო კოპალეიშვილი.

მათ კვალდაკვალ ცოტა მოგვიანებით დააპატიმრა თამშუგ სეითბეი ძიაფშიპა, თათაშა ძიაფშიპა, ალექსანდრე მარშანია, კრბეი მარშანია, ათუმავა ბიჯგვა და სხვა. საქმე #170-ის მიხედვით, დაპატიმრებულთა რაოდენობამ ორმოცდაათს გადააჭარბა.
დამნაშავეები დაყვეს შვიდ კატეგორიად და შეუფარდეს სხვადასხვა სასჯელი. მათგან ყველაზე საშიშ, საბჭოთა ხელისუფლების მავნე ელემენტებს – ნინო მიქელაძეს, ნესტორ დადიანს და კიდევ რამდენიმეს (საარქივო მასალებში გვარები არ იკითხება) მიუსაჯეს სასჯელის უმაღლესი ზომა- დახვრეტა და პირადი ქონების კონფისკაცია.
რადგანაც ჯერ არ იყვნენ დაპატიმრებულები, მთავრობამ დიდი ჯილდო დააწესა მათთვის, ვინც ხელისუფლებას მიჰგვრიდა ამ „ყაჩაღებსა და რეციდივისტებს“.
საქმე #170-ის დასკვნით, დადგენილებასი, რომელიც 1922 წლის 29 აგვისტოთი თარიღდება. ხაზგასმითაა შეფასებული ეს მოვლენები;
კერძოდ, თბილისელი პროვოკატორებისა და კოდორის მაზრის მენშევიკური ორგანიზაციის, ასევე ამ ავანტურაში მოტყუებით ჩართული სოფლის მშრომელი მოსახლეობის მონაწილეობით მზადდებოდა შეიარაღებული აჯანყება.
უკიდურეს შემთხვევაში კი, წარუმატებლობისას შეიარაღებული დემონსტრაცია იმ მიზნით, რომ შეეხსენებინათ და დაენახვებინათ ევროპისთვის, რომ აფზახი და ქართველი ხალხი ისწრაფვის მენშევიკების ხელისუფლების დაბრუნებისთვის და ოცნება ყოფილ დამოუკიდებელ მენშევიკურ საქართველოზე მოსახლეობაში არ ჩამქრალა. ეს იქნებოდა უზარმაზარი კოზირი აჯანყების წარმატებით დასრულების შემთხვევაში.!“…
„პრაიმტაიმი“ შეეცადა ამ საქმის მასალებიდან ამოერჩია ის ღირებული მოწოდებები, წერილები და პროკლამაციები, რომლებიც მაშინ ვრცელდებოდა და მკითხველისთვის მიეწოდებინა.
საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალური კომიტეტის მიმართვა ქართველი ხალხისადმი.

ქართველ ერს!
მოქალაქენო,
საქართველოს რევკომმა მოაჭახრაგა ეგრეთწოდებული „საბჭოების არჩევნები“.
კომუნისტ-იმპერიალისტებს, რასაკვირველია, ხმა მისცა რუსეთიდან ათი ათასობით ჩამოყვანილმა სახელით წითელმა, სინამდვილეში შავმა ლაშქარმა, ოკუპაციის შემდეგ ჩამობარგებულმა მოხელეებმა, მათმა ოჯახმა და ჩეკას აგენტებმა.
საქართველოს მსრომელი ხალხი, მტელი ქართველი ერი განურჩევლად მიმარტულებისა და პარტიისა, სრული და შეგნებული ბოიკოტით შეხვდა ამ საარჩევნო სიცრუეს.
საქართველოს მრავალტანჯული ერის ისტორიას არ ახსოვს ასეთი ერთსულოვანი და შემდგარი დარაზმვა დამპყრობლების წინააღმდეგ:
არც ერთი ერის ისტორიაში არ არის ასეთი მაგალითი მთელი ხალხის ერთსულოვნებისა და ოკუპანტისადმი ზიზღისა!
ამ დღეებში რევკომი – მოსკოვის ოქროთი მოსყიდული აგენტი – დიდის ზეიმებით აპირებს საქართველოს საბჭოთა ყრილობების გახსნას. ამის გამო მოსკოვის ყაჩაღებს გადაუწყვეტიათ ჩაიდინონ უდიდესი სიბოროტე და ველურობა.
ისინი აპირებენ, საბჭოეთის გახსნის დღე დაუკავშირონ რუსეთის დიდი რევოლუციის დასაწყისს. ასეთი შანტაჟით ცდილობენ მიიზიდონ ხალხის მასა. შეცდომაში შეიყვანონ მშრომელი ხალხი და რუსეთის რევოლუციის სახელით გააბან გამცემელ-მოღალატეების და ავაზაკების ზეიმებში.
ფრთხილად საქართველოს მოქალაქენო!

რუსეთის რევოლუციას თქვენ უმაგრებდით ზურგს. მას შესწირეთ საუკეთესო შვილები. მას ემსახურებოდა ისინი, ვინც დღეს ჩეკას ციხეებში იტანჯება.
მაგრამ ხომ იცით, რომ ეს რევოლუცია ოკუპანტ-დამპყრობლების მიერ ნამუსახდილია, მათ ხელში თვით რუსეთის ხალხი, როგორც მთელმა ქვეყნიერებამ იცის, საკუთარი ბავშვების და ადამიანების მჭამელებად გადაქცეულია, ხოლო საქართველოს რესპუბლიკა მათ მიერ დანგრეულ-გავერანებულია. მოქალაქენო, ვისაც ახალ წელიწადს სახლში ავადმყოფი საყვარელი შვილის კვნესა ესმის, ის ჭკუაზე შეშლილი უნდა იყოს, რომ ამ მხიარულ დღესასწაულს სიმღერით შეხვდეს.
დიდი რევოლუციის ხუთი წლის თავზე საქართველო შებორკილია, ის არ ზეიმობს, არამედ იბრძვის ბორკილების დასამსხვრევად.
საქართველოს ხალხო! მოღალატენი იმდენად გათახსირდნენ, ზნეობრივად დაეცნენ, დაკარგეს ყოველივე ადამიანობა და გახდენ სისხლის მსმელ მხეცების მონათესავენი, რომ ზეიმებით სურთ იდღესასწაულონ ჩვენი მამა-პაპების და საქართველოს დემოკრატიის სისხლით მორწყულ მიწა-წყალზე ჩვენი დედა-ქალაქი თბილისის აღება – ეს მთელი ქართველი ერის უბედურება – რუსეთის იმპერიალისტურ ურდობეის მიერ.
თერთმეტ თებერვალს დაიწყეს ახალი დროის ბარბაროსებმა საქართველოზედ ყოველმხრივი შემოსევა და ოცდა ხუთ თებერვალს აიღეს თბილისი. ვერ გაუძლო გულადმა, მაგრამ პატარა საქართველომ ურიცხვ მტრებს და ამ დღიდან ჩვენი ქვეყნის დედა-ქალაქი გადაიქცა მონგოლებოს მემკვიდრეების და ყველა ვიგინდარა-ავაზაკების სათარეშოდ.
ამ დღეებიდან თბილისი და მტელი საქართველო შავ ძაძებშია.ის ხედავს, რომ ოკუპანტები მუსრს ავლებენ ერის სიცოცხლეს და მის ქონებას. ციხეები ერის საუკეთესო შვილებით გავსებულია, მშრომელი ხალხი შიმშილით იხოცება, ხოლო გაიძვერა ყაჩაღები და მოღალატეები განცხრომაშა.
ჩვენი ხალხის ქონებას ყოველ-დღე მოსკოვში ეზიდებიან. სოფლებში ბატონ – ყმობაა შემორებული და კვერცხევს, ყველს, რძეს, ღვინოს და პურ-ხორცს ნატურალური გადასახადის სახით უკონტროლოდ აგროვებენ და ფლანგავენ.
ასეთ დროს, რომელიც შაჰ-აბაზის შემოსევას მოგვაგონებს, საქართველო ვერ მიიღებს მონაწილეობას ზეიმებში და რევკომების მიერ გამართულ ქეიფს ზიზღით და ბოიკოტით უპასუხებს.
მოქალაქენო, შავი დრო დადგა, ახალგაზრდა და მოხუცი, მუშა და მოხელე, გლეხი და ხელოსანი, მოწაფე და მასწავლებელი – მთელი ქართველი ერი – ნუ გაეკარებით რევკომების მიერ მოწყობილ ზეიმებს.
მათი ლხინი შავი ჭირის დროს მოწყობილი ქეიფია.საქართველოს ხალხო! სახელოსნოებში, ქარხნებში, სოფლებში, მგზავრობაში, სწავლის დროს, ქუჩაზედ, თეატრებში, სახლში, ყველგან აშკარად ილაპარაკეთ , მთელი განათლებული კაცობრიობის სრული და ერთსულოვანი თაბაგრძნობით თქვენი გულის ნადებზედ.
ეს არის რუსეთის ჯარის გაყვანა საქართველოდან – ოკუპაციის მოხსნა და საქართველოს განთავისუფლება.
ქართველმა ხალხმა არჩევანის ერთსულოვანი ბოიკოტით, ქართველმა მუშებმა 1-3 ნოემბრის პროტესტებით, საქართველოს ახალგაზრდობამ და მთელმა ერმა 11 თებერვლის დემონსტრაციებით აშკარად და ყველასთვის გასაგონად გამოთქვა თავისი ზიზღი დამპყრობლების წინააღმდეგ.
ჩვენმა საყვარელმა ახალგაზრდობამ მთელს საქართველოშ წყევლა-კრულვით მოიხსენია მოძალადეები. ასეთი ერთსულოვანი, მედგარი და უანგარო გამოსვლა ნაკლებ იცის ისტორიამ.
ჩეკისტები ჩვენს და-ძმებს და შვილებს სისხლიანი ხელებით შეეხო. ამით უარესი იმ წვრილ-ფეხა აგენტებისათვის.მოახლოებულია ჟამი, როდესაც მათი ბატონები გაიქცევიან.აგენტებს ვურჩევთ, თავს ნუ აიშვებენ და მომავალზედ იფიქრონ.
საქართველოს მოქალაქენო! განთიადი მოახლოებულია. ზიზღი ოკუპანტების მიერ უკანასკნელად მოწყობილ თამაშს. ბოიკოტო ჩეკისტების მიერ გამართულ ზეიმს და ლხინს.თვით არა მკვიდრი,ვინც საქართველოს სტუმართ მოყვარეობით სარგებლობს და ვინც ქართველი ერის მტერი არ არის, არ მიეკარება ამ დღეებში რევკომებს.
ძირს ოკუპანტები და მორალეტეები!
გაუმარჯოს საქართველოს
დამოიკიდებლობას!
ძირს იმპერიალისტები, შორს
რუსეთს ჯარები!
გაუმარჯოს სოციალიზმს და
თავისუფალ ერთა სოლიდარობას!
საქართველოს სოციალურ-დემოკრატიული პარტიის ცენტრლური კომიტეტი“
(სტილი დაცულია)

























