
ერთი წლის წინ, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში, სამაშველო ოპერაციის შესრულების დროს, 50 წლის მეხანძრე-მაშველი, გელა მელიქიძე გარდაიცვალა.
მაშველის მეგობრები ჰყვებოდნენ, რომ გარდაცვლილმა მეხანძრემ ახალგაზრდა კოლეგა, რომელიც ბავშვს ელოდებოდა, დამწვარ სახლში სიმაღლეზე არ აუშვა და დავალების შესრულებას თვითონ შეუდგა.
ოპერაცია ტრაგიკულად დასრულდა, გელა მელიქიძე სიმაღლიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.
სოფელ კისისხევში მცხოვრები მელიქიძეების ოჯახის ტრაგედიის უკან სხვა ტრაგედიაც იდგა, რომელსაც დაღუპული მაშველი, ახლობლებისა და მეგობრების წრეში არ იმჩნევდა და საკუთარ საქმეს ენერგიულად, ძველებური შემართებით ემსახურებოდა.
პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, გარდაცვლილის გახსენება მის მეუღლეს, ელზა მელიქიძეს ვთხოვეთ.
„თითქმის 25 წელი ემსახურა ამ საქმეს. სამსახურსა და იქ არსებულ საფრთხეებზე ლაპარაკი არ უყვარდა, მაგრამ მე ხომ ვიცოდი, რა სახიფათო საქმესაც აკეთებდა. თანამშრომლებისა და მეგობრებისგან ვიგებდი, რა უღალატო, ერთგული და თავდადებული მაშველი იყო“.
ყველაზე მძიმე მელიქიძეებისთვის ერთადერთი ვაჟის, 26 წლის ნიკას გარდაცვალება იყო.
მეუღლე ჰყვება, რომ გელა მელიქიძე საკუთარ ტკივილს თავს არავის ახვევდა და მუდამ ხალისიან, ენამოსწრებულ მეგობრად რჩებოდა.
„ოთხი წელი ვცდილობდით ნიკას გადარჩენას. სიმსივნის დიაგნოზი ჰქონდა და ხომ წარმოგიდგენიათ, რა საშინელება იყო, ყოველდღიური ბრძოლა სიცოცხლის ყოველი წვეთისათვის.
მისი ამქვეყნიდან წასვლა, გელამ გადამატანინა – ცდილობდა დარდის საშუალება არ მოეცა ჩემთვის. არადა, ვიცი, როგორ სტკიოდა თვითონ, როგორ ენატრებოდა ჩვენი შვილი. ამის მიუხედავად, ერთხელაც არ ჩავარდნილა სასოწარკვეთილებაში, არცერთხელ უთქვამს, რომ სამსახურში წასვლა არ უნდა. ყველაფერს ძველებური პასუხისმგებლობით ეკიდებოდა.”
ტრაგედიას, რომელიც 2019 წლის 15 ივლისს მოხდა, ელზა მელიქიძე მეუღლის განსაკუთრებულ კეთილშობილებასა და პასუხისმგებლობას უკავშირებს.
ამბობს, რომ ამ დღეს, თვითონაც ცუდი წინათგრძნობა აწუხებდა.
„მე მეგობრებთან ერთად, სალოცავად, ზუგდიდში წავედი. სახლიდან გასული შემოვბრუნდი, წასვლა არ მინდოდა. რაღაც ცუდს მეუბნებოდა გული, თითქოს მისი მარტო დატოვების მეშინოდა. სიკეთით სავსე იყო, მაინც გამაგზავნა. ეს ტრაგედიაც, თითქოს მისი კეთილშობილების გამოძახილია.”
ელზა მელიქიძე ახლა მარტო ცხოვრობს. ზოგჯერ ქალიშვილი აკითხავს, ქმრის მეგობრები და კოლეგებიც ხშირად ეხმიანებიან, რაც მაშველის მეუღლეს, თითქოს დარდს უმსუბუქებს.
„საავადმყოფოში ვმუშაობ, ყველა თანაგრძნობით მექცევა. გელას კოლეგები და მეგობრებიც ხშირად მეხმიანებიან.
საჯარო მადლობა ყველას, ვინც თანადგომა გამოიჩინა. ძალიან მადლიერი ვარ. ვიცი, რომ დღეს, მეხანძრე- მაშველის დღეა. მართალია, ოფიციალური დოკუმენტი არ მაქვს, მაგრამ მაინც ამაყი ვარ და ზუსტად ვიცი, რომ გმირის მუეღლე მქვია”, – გვიყვება ელზა მელიქიძე.

























