
იშვიათია საკუთარ დაბადების დღეს მიაბარო უფალს სული. ალბათ, რჩეულების ხვედრია. ბერი თეოდოსი (ჩიტაიშვილი) 14 ივნისს გარდაიცვალა, საკუთარ დაბადებს დღეს. 70 წელს მიღწეული ბერი გულს უჩიოდა, რამდენიმე ოპერაციაც გაიკეთა. სავარაუდოდ, გული გახდა მისი გარდაცვალების მიზეზიც.
თენგიზ ჩიტაიშვილი ხანგრძლივი მუსიკალური კარიერის შემდეგ ბერობის გზას დაადგა, უკვე ათ წელზე მეტია. საერო ცხოვრებაში პროფესიით პიანისტი სასულიერო პირი ტიმოთესუბნის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერში მოღვაწეობდა. როგორც მისი მოსწავლე, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საორგანო კლასის ხელმძღვანელი, ლია ბაიდოშვილი ახასიათებს, იყო უბრალო, თბილი და საოცრად ერუდირებული ადამიანი.

გასული წლის თებერვალში ბერმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც თავის მოსწავლეების საუკეთესო ხუთეული დაასახელა. ხუთეულში ბერის ვაჟიც შედის და კომპოზიტორ ზვიად ბოლქვაძის ცოლი, ჩვენი რესპონდენტი, ლია ბაიდოშვილიც. სიის სათავეში კი საქვეყნოდ აღიარებული ჯაზ-შემსრულებელი – ბექა გოჩიაშვილია.
“მყავდნენ მოსწავლეები, რომლებიც თანაბრად მიყვარს და პატივს ვცემ. ვამაყობ იმით, რომ თუნდაც მცირე წვლილი მაქვს შეტანილი მათ წარმატებაში. მათ, თავისი ნიჭისა და შრომისმოყვარეობის ფასად მიაღწიეს იმას, რომ საერთაშორისო დონის მუსიკოსებად ჩამოყალიბდნენ.
გაიცანით ჩემი VIP ხუთეული:
1. ბექა გოჩიაშვილი (პიანისტი და კომპოზიტორი, ჯაზი, კლასიკა) – თბილისის მესამე მუს. სასწავლებლის ათწლედი, ჯულიარდის სკოლა – საშემსრულებლო ხელოვნების კონსერვატორია ნიუ-იორკში;
2. ლია ბაიდოშვილი (ორღანი, ფორტეპიანო) – სიღნაღის სამუსიკო სასწავლებელი, თბილისის სახ. კონსერვატორია;
3. თეონა ცხოვრებაშვილი (ფორტეპიანო) – გურჯაანის სამუსიკო სასწავლებელი, ნანტის (საფრანგეთი) კონსერვატორია.
4. გიორგი ყაჭაშვილი (George Katchinsky) პიანისტი და კომპოზიტორი (ავსტრია) – გურჯაანის სამუსიკო სასწავლებელი, თბილისის სახ. კონსერვატორია;
5. გური ჩიტაიშვილი (ფორტეპიანო) – თბილისის მესამე მუს. სასწავლებელი, კიევის სახელმწიფო კონსერვატორია, Hochschule für Musik Köln (გერმანია). წარმატებით მოღვაეწობს გერმანიაში როგორც პიანისტი-შემსრულებელი და პედაგოგი.
ამჟამად, ბერობაში მყოფი, მუდმივად ვლოცულობ ყველა თქვენთვის.
მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი იყოს თქვენზე. ამინ!
ბერი თეოდოსი (ჩიტაიშვილი)” – წერდა “ფეისბუქზე” ბერი.
ლია ბაიდოშვილი: – თენგო ჩიტაიშვილი სიღნაღის სამუსიკო სასწავლებელში ჩემი პედაგოგი იყო. მან განაპირობა ჩემი დიდი სიყვარული მუსიკისადმი. მოძრავი კაცი იყო. თელავის მუსიკალურ სასწავლებელშიც ასწავლიდა და ასევე თბილისის მესამე სამუსიკო სასწავლებელშიც. გამოშვებული ჰქონდა მეთოდოლოგიის წიგნები. აქტიური პიანისტი იყო. პოსტ საბჭოთა კავშირის მოქცეულ რეპერტუარში თანამედროვე მუსიკის ნიმუშები პირველად მან გაგვაცნო. გამორჩეული ურთიერთობების და სიყვარულის მატარებელი ადამიანი იყო.
იმ ბნელ 90-იან წლებში მის შვილთან, გური ჩიტაიშვილთან ერთად გავიზარდე. როგორც მისთვის იყო ბერი თეოდოსი მამა და პედაგოგი, ისევე იყო ჩემთვისაც. იმ გაყინულ წლებში სასწაულ კონცერტებს ვატარებდით. ეს კაცი იყო ჩვენი სტიმული მოტორი, მისი შემხედვარე იმედს არ ვკარგავდით. გური ახლა გერმანიაში მოღვაწეობს. ბერს ჰყავს ქალიშვილი ნინოც…

ვიცოდი, რომ ბერობის გზას დაადგებოდით-მეთქი, მახსოვს, მივწერე. არ გამკირვებია, რადგან ამისთვის ის შინაგანად ემზადებოდა. ჩემთან პირად საუბარში ნათქვამი ჰქონდა, ადამიანმა ამ ცხოვრებაში სისუსტეც უნდა ნახოს, სიძლიერეც, ტკბობაც უნდა შეიგრძნოს და 50 წლის შემდეგ, ბერად უნდა აღიკვეცოსო… ეს ნათქვამი გულში ჩამრჩა.
ბერობას ისეთივე რუდუნებით შეუდგა, როგორიც მუსიკაში იყო. ბერობისას ერთხელ ვნახე, თუმცა ჩვენ აქტიური მიწერ-მოწერა გვქონდა. შევხვდი როგორც პედაგოგს, მეგობარს. დედაჩემთან წლების მეგობრობა აკავშირებდა, მისი კოლეგა იყო. ემოციური შეხვედრა გვქონდა. მაშინ მითხრა, თენგოთი აღარ მომმართო, ბერი თეოდოსი ვარო.

მუსიკალური მასალა თუ მომეწონებოდა, მესენჯერში ჩავუგდებდი ხოლმე. ხელოვნების ყველა დარგში ძალიან განსწავლული იყო. ბრამსის ინტერმეცოს ვუკრავდით და იმ დროს შოტლანდიური პოემები გამაცნო. წიაღსვლებში ჩასვლა და მუდმივი ძიება მისი ხელწერა იყო. ტექნიკური განათლებაც ჰქონდა. მათემატიკური და ჰუმანიტარული მეცნიერებების შერწყმის დიდოსტატი იყო. არც უახლესი ტექნოლოგია იყო მისთვის უცხო. იშვიათად განათლებული იყო, ფართე სპექტრით.
ვნანობ, რომ ამ წლების მანძილზე ვერ მოვახერხე მისი ნახვა… ჩვენს მიმოწერას გუშინ თვალი გადავავლე და ცხარე ცრემლით ვტიროდი…























