17:50 | 2020-06-16 ავტორი: თამარ გონგაძე

ვერც კი ხვდები, აქ იყო თუ სიზმარს გამოჰყვა – რატომ დასახლდა გიორგი კეკელიძე დუშეთში

ვერც კი ხვდები, აქ იყო თუ სიზმარს გამოჰყვა –  რატომ დასახლდა გიორგი კეკელიძე დუშეთში

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა, მწერალმა გიორგი კეკელიძემ დუშეთის რაიონის სოფელ ჩანადირთკარში პატარა კოტეჯი დადგა და საფრთხობელათი დამშვენებული სახალისო ბოსტანიც “გააშენა”.

 

სოციალურ ქსელში ახალ საცხოვრებელ მხარეზე გიორგი ხშირად წერს.

 

“ვისაც დუშური ზაფხულის ქუხილი არ გინახავთ, დიდი სანახაობა გამოტოვეთ. ქუხილი გამთენიისას. ღრუბელი ცაზე ალაგ-ალაგაა დაყრილი, თითქოს ახალგაკრეჭილი ცხვრის მატყლი ქარმა მინდორზე მოფანტა – ისე.

 

სადღაც შორს, აღმოსავლეთით, ჰორიზონტს უძინარი ბავშვივით ჩაწითლებია თვალი – მზე ამოდის. შენ გამოდიხარ და ოდნავ გაჟრჟოლებს. კი არ გესმის, ხედავ და ეხები – ქუხს. ქუხს. ქუხს. უცნაური, კეთილი გაბრაზებით.

 

აი, ზუსტად ისე, მოხუცი კაცები რომ ეჩხუბებიან აბეზარ შვილიშვილებს. მოხუცი, მთვრალი კაცები. სიცილშეპარული, ხმამაღალი ბუხუნით. და მერე, იქვე სკამზე, მაგიდაზე თავჩამოდებულებს ჩაეძინებათ.

 

მზე ამოვიდა. და შენ დგახარ და ვერც კი ხვდები, ეს ჭექა, ეს საათიანი წვიმის მუქარა – აქ იყო თუ სიზმარს გამოჰყვა” – წერს გიორგი “ფეისბუქზე”.

 

გიორგი კეკელიძე • Giorgi Kekelidze-ს ფოტო.

 

როგორც “პრაიმტაიმთან” ამბობს, იმ ბევრ საინტერესო და სასარგებლო საქმეებთან ერთად, რასაც შეჭიდებულია, დუშეთის სოფლებში ფოლკლორული ნიმუშების შეგროვებით არის დაკავებული.

 

გიორგი კეკელიძე: – დუშეთი ცაცხვების სამყაროა. მეც მინდა ცაცხვების ბაღის მოწყობა. იქ დასახლების ძირითადი მოტივაცია, ჩემი საქმიანობაა.

 

გადამწყვეტად მნიშვნელოვანი ვექტორი – ადამიანებთან ურთიერთობა, ჩვეულებრივ მოქალაქეებთან ხშირი საუბარი, შემორჩენილი, ფოლკლორული მასალების ჩაწერა, ფოტოგრაფირება. ჩემი იქ დამკვიდრება ხელს უწყობს იმ საქმიანობის გავრცობას, რომელსაც დავაკლდი.

 

გიორგი კეკელიძე • Giorgi Kekelidze-ს ფოტო.

 

როცა კი მოვიცლი, სოფელ-სოფელ დავდივარ. ზაფხულის გრძელი დღეები ამის საშუალებას მაძლევს. მივდივარ ყველა მოსახლესთან, ვწერ, ვსწავლობ… ეს ჩემთვის დიდი სიამოვნებაა. მართლა, პათეტიკის გარეშე.

 

აღფრთოვანებული ვარ ამ სოფლებში შემორჩენილი ფოლკლორით, განსაკუთრებით სოფელი საკრამულითა და არჩვეთის ტყით. ამ უკანასკნელში, სამწუხაროდ, ნასახლარებია შემორჩენილი. საკრამული, ეს არის სრულიად ჯადოსნური სივრცე, რომელსაც ბევრი ადამიანი არ იცნობს.

 

დღეს უკვე ფოლკლორის მიმართულებით ვიწყებ სამეცნიერო მუშაობას. ჩემი წიგნების უმეტესობა ამას დაეფუძნება. პარალელურად ვსწავლობ კინოხელოვნებას, რომელსაც ფოტოგრაფიის შესწავლასაც ვუთავსებ. ვნახოთ, რა გამოვა.

 

2020-06-12"მხოლოდ ჩემს ძმაზე მეფიქრება... ძნელია სისხლ-ხორცის დაკარგვა" - ეთერ თათარაიძის ტრაგედია

 

საბოლოოდ ვაპირებ მცხეთის ერთ-ერთ სოფელში დავსახლდე, რომელსაც ახლა ვარჩევ. პატარა სახლს ავაშენებ, მექნება მეურნეობა. და იქიდან ვივლი თბილისში, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით და მათ შორის, საქმიანობის კუთხით, ჩემთვის, მთავარი ქალაქია.

 

ჩემთვის მიწასთან ურთიერთობა მნიშვნელოვანი მოცემულობაა. მასთან კავშირის ბევრი წელი გამოვტოვე და უკვე მინდა აღვადგინო.

 

მინდა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში პატარა მეურნეობები მქონდეს. ჩემთვის საინტერესოა ვაზის კულტურა, თუმცა არც ერთჯერადი კულტურებია უინტერესო. ამ თვალსაზრისით მამაჩემის გზას გავაგრძელებ.

 

ავტორი: თამარ გონგაძე

X