
თრომბის დიაგნოზით ახალგაზრდა ადამიანების მოულოდნელი გარდაცვალების ფაქტები გახშირდა.
ამ ფატმა საზოგადოების ნაწილი შეაშინა. ბევრმა ამ დიაგნოზის შესახებ არ იცის და აქტუალური გახდა კითხვა: რა იწვევს თრომბს და როგორ აღმოვაჩინოთ მისი სიმპტომები.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, მსოფლიოში ოთხიდან ერთი ადამიანი ამ სისხლძარღვოვანი დაზიანების შედეგად იღუპება. 70 წლის და უფროსი ასაკის პირებში მისი სიხშირის მაჩვენებელი 2-დან 7-მდე მერყეობს.
„ყოველწლიურად თრომბოემბოლიით გამოწვეული დანაკარგი აღემატება აივ ინფექცია-შიდსით, ძუძუს კიბოთი და ავტოკატასტროფების შედეგად არსებულ ერთიან დანაკარგს.
თრომბოზის საფუძველი სისხლის შედედების შედეგად სისხლძარღვის სანათურში წარმოქმნილი კოლტია. ამის შემდგომ შესაძლოა შეფერხდეს ან სრულად დაიბლოკოს გარკვეული ორგანოს სისხლით მომარაგება.
ექიმების განმარტებით, თრომბოზის ორი დიდი ჯგუფი განიხილება: არტერიული და ვენური თრომბოემბოლია; ვენური თრომბოემბოლია ასოცირებულია ქვემო კიდურების ღრმა ვენების თრომბოზთან. შესაძლოა ამ შემთხვევაში მოხდეს ფილტვის არტერიის ემბოლიზაცია (პულმონური ემბოლია).
ნახეთ ვიდეო: საველე ჰოსპიტლები არა კვახი, იცით რა არის საერთოდ საველე ჰოსპიტალი? – გიორგი ფხაკაძე
ღრმა ვენების თრომბოზი + პულმონური ემბოლია – სიცოცხლისათვის სახიფათო კომბინაცია.
არსებობს თრომბოემბოლიური გართულებების რისკის შესაფასებელი სქემები, რომელთა შედეგადაც ექიმი პაციენტს ურჩევს პრევენციისა და მკურნალობის ტაქტიკას“, – განმარტებულია დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციაში.
თითის გაჭრის შემთხვევაშიც, სისხლის კოაგულაცია (შედედება) ხდება, წარმოქმნილი თრომბი ჭრილობას პირს უკრავს და სისხლის დაკარგვისგან გვიცავს.
ამის მიუხედავად, სისხლძარღვებში არსებული თრომბი, ადამიანს შესაძლოა ჯანმრთელობის, ან სიცოცხლისფასადაც დაუჯდეს.
აუცილებელია თრომბოზის პირველი სიმპტომების ამოცნობა და საჭირო ზომების მიღება.
რა იწვევს თრომბს, როგორი სიმპტომები ახასიათებს მას და როგორ ავიცილოთ თავიდან, – ამ მნიშვნელოვან დეტალებზე სპეციალისტები საუბრობენ.
კარდიოლოგ ზურაბ კლიმიაშვილის განმარტებით, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რომელ ორგანოშია პრობლემა.
„თუ კარდეოლოგიური კუთხით ვისაუბრებთ და ეს არის ინფარქტი, მისი პირველი კლასიკური ნიშანი ტკივილია. ყველაზე ხშირია ტკივილი გულმკერდის არეში, მკერდის უკან, მოჭერის შეგრძნება, წვა, რაც სხვადასხვაგვარად გამოიხატება.
ტკივილი გულ-მკერდის ნებისმიერ ნაწილში შეიძლება იყოს, როგორც მარცნივ, ისე მარჯვნივ. ხან ბეჭებში, ხელში, ზედა კიდურში, ყბებში, კბილებში, თავში გადაცემაც ახასიათებს. ამ ტკივილს ირადიაციას ვეძახით“, – განმარტავს ექიმი.
ამასთან, სპეციალისტი განმარტავს, რომ ეს სიმპტომები რომ არ გართულდეს, პაციენტმა უნდა დააკვირდეს აღნიშნულ სიმპტომებს და თუ ჩივილები განუვითარდა, ეჭვი უნდა გაუჩნდეს, რომ ეს შეიძლება გულთან იყოს დაკავშირებული.
ასეთ დროს მნიშვნელოვანია, პაციენტმა ეს მდგომარეობა უმნიშვნელოდ არ ჩათვალოს.
„რაც შეეხება, როგორ დავიცვათ თავი ჩივილის განვითარებისგან: თუ ეს სტენოკარდიაა და კიბეზე ასვლისას, სიარულის დროს ქოშინი დაეწყო, პირველი, რაც უნდა გაკეთოს – უნდა გაჩერდეს, გულს მოსვენების საშუალება მისცეს, შესაძლოა, ჩივილი მოეხსნას, ხოლო თუ მშვიდ მდგომარეობაში გადასვლისას ჩივილი არ ჩერდება, ამ დროს სასწრაფოს გამოუძახოს“, – ამბობს ექიმი.
ასევე დაგაინტერესებთ ⇓
























