
ქავთარაძის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებული მამაკაცი შესაძლოა რეალურ ვინაობას მალავს.
ვასამბეგ ბოკოვის სახელით ცნობილი 40 წლამდე ასაკის ინგუში მამაკაცი, გავრცელებული ინფორმაციით, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას უთვალთვალებდა მისი შემდგომი ლიკვიდაციის მიზნით.
ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა ეს სახელი და გვარი რეალური არ იყოს, ისევე როგორც მისი წარმომავლობა.
პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს წევრი, ხასო ხანგოშვილი ზემოხსენებულ მამაკაცს პირდად შეხვდა, როდესაც მის ოჯახში სტუმრად მივიდა. „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ხანგოშვილი ამბობს, რომ მამაკაცი მათ „ახმედის“ სახელით გაეცნოთ.
პანკისის ხეობის უხუცესი დარწმუნებულია, რომ ბრალდებული რეალურად ჩეჩენია და არა ინგუში.
„ის გაგვეცნო, როგორც ჩეჩენი. მე ვფიქრობ, რომ ეს სიმართლეა და ის რეალურად ჩეჩენია, რადგან საუბარში ინგუშური არაფერი შემიმჩნევია. საუბარში არც კადიროვი უხსენებია. უბრალოდ მოვიდა, როგორც სტუმარი, დიდხნიანი საუბრები არც გვქონია“, – ამბობს ხანგოშვილი.
გამორიცხული არ არის, რომ მას შეცვლილი ჰქონდეს ვინაობა, – ამბობს კავკასიოლგი ზაალ კასრელიშვილი.
„ჩვენმა უსაფრთხოების სამსახურმა რომ კარგად იმუშავა ფაქტია, მაგრამ რა დგას რეალურად ამ ყველაფრის უკან. ამ საქმის გამოძიება სამაგალითო უნდა იყოს. რადგან დააკავეს, იმედი მაქვს, რომ ბოლომდე მივა საქმე და ბრალდებული ალაპარაკდება“, – ამბობს ზაალ კასრელიშვილი.
ეჭვს, რომ „ვასამბეგ ბოკოვი“ შესაძლოა ბრალდებულის რეალური სახელი და გვარი არ იყოს, ამყარებს ის გარემოებაც, რომ მას ამ ეტაპზე ოფიციალურად ყალბი პასპორტის გამოყენება აქვს წარდგენილი ბრალად.
საგულისხმოა, რომ შეცვლილი ვინაობა ჰქონდა იმ ქილერსაც, რომელმაც ბერლინში საქართველოს მოქალაქე, ეთნიკური ჩეჩენი ზელიმხან ხანგოშვილი მოკლა.
Bellingcat-ის ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ხანგოშვილის რეალური მკვლელი ვადიმ ნიკოლაევიჩ კრასიკოვია.
„ჩვენ დავადგინეთ, რომ მკვლელის პასპორტი გამოშვებულია ვადიმ სოკოლოვის სახელით, დაბადებული 1970 წლის 20 აგვისტოს.
იგი არარსებულ პერსონაზეა გაცემული. ასევე დადგინდა, რომ ყველაზე ადრინდელი საიდენთიფიკაციო დოკუმენტი ამ პიროვნებაზე რუსეთის საჯარო რეესტრმა 2015 წელს გასცა, რაც იმას ნიშნავს, რომ “სოკოლოვმა” პირადობის მოწმობა 45 წლის ასაკში აიღო.
„ვადიმ სოკოლოვს“ გადაეცა საგადასახადო საიდენტიფიკაციო ნომერი მხოლოდ 2019 წლის ივლისში, რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე შენგენის ვიზაზე დარეგისტრირდებოდა. ამ ვიზით ის გაემგზავრა პარიზში, ვარშავაში და ბოლოს ბერლინში“, – ვკითხულობთ Bellingcat-ის სტატიაში.
ჟურნალისტურმა გამოძიებამ დაასკვნა, რომ მოქმედი პასპორტის გამოშვება, საგადასახადო ID და საერთაშორისო სამოგზაურო დოკუმენტი არარსებულ პერსონაზე ვერ გაიცემოდა რუსეთის სახელმწიფოს პირდაპირი ჩარევის გარეშე.























