
ბერი ანდრიას ფონდი გასულ კვირას შემწეობას ითხოვდა. მისი დამფუძნებელი, დედა თინათინ ჩხვიმიანი, რომელიც ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს უკვე ათი წელია მფარველობს და მათ თავის შვილებს უწოდებს, “პრაიმტაიმთან” საუბარში აცხადებდა, რომ ფონდს ბავშვების საკვებისა და მკურნალობის ხარჯების ფული ესაჭიროებოდა. უიმედოდ მყოფი დედა თინათინი ასევე მოუწოდებდა ქართველ ფერმერებს, რითაც შეძლებდნენ, დახმარება გაეწიათ, ეს იქნებოდა ხორცი, რძის პროდუქტი თუ ხილ-ბოსტნეული.
“პროდუქტებით დახმარება, ფერმერთათვის და კომპანიებისთვის, არ უნდა წარმოადგენდეს პრობლემას. ფერმა რომ კლავს საქონელს, ერთი ბოჩოლა რომ ჩვენ მოგვიტანონ, გვეყოფა ორი თვე… მცირედი გაგვინაწილონ. მადლობა ღმერთს, პანდემიას გადავურჩით, მაგრამ გამოგიტყდებით – შეშინებული ვარ. ფაქტობრივად ანგარიშზე თანხა აღარ მაქვს” – განგვიცხადა დედა თინათინმა.
სტატიას “ფეისბუქის” მეშვეობით ბევრი გაზიარება მოჰყვა. როგორც დღეს დედა თინათინმა გვითხრა, ფონდის ანგარიშზე, ბოლო დღეების განმავლობაში, 22 ათასი ლარი ჩაირიცხა. ლეიკემიით დაავადებული ბავშვების მფარველს იმედი ჩაესახა…
თინათინ ჩხვიმიანი: – შიმშილით არ დამიწყდებიან და იმედი მომეცა. დიდება უფალს. გუშინწინ, 5 ათასი ლარი ჩაგვირიცხეს. მას არ უყვარს ამის აფიშირება, არ თქვაო, მეუბნება, მაგრამ რატომ არ უნდა ვთქვა? ღმერთმა მისცეს და შეაძლებინოს სიკეთის კეთება.
ის ჩვენი დიდი გულშემატკივარი, მეგობარი და ფონდის ოჯახის წევრია. გვერდში გვიდგას და გვეხმარება. ორი ათასი ლარი ჩამირიცხა კომპანია “ნიკორამ”. გვეხმარება ნანიკო შონია, დღე და ღამ ჩვენზე წერს საერთაშორისო ორგანიზაციებს და ვის აღარ. და დახმარების ხელი გამომიწოდეს ადამიანებმა, რომლებმაც სხვადასხვა თანხა ჩარიცხეს. ასეთები ვართ ქართველები.
შეშინებული რომ ვიყავი, აღარ ვარ. ვიცი, რომ ბავშვების გამოკვებას და მკურნალობას შევძლებ. იმედიანად ვარ. იქნებ მშენებლობაც როგორმე დავასრულო.
ამ მშენებლობის მუშებისთვის მქონდა გადასახდელი თანხა, ელექტროობის ფული უნდა დამეფარა და ჩარიცხული თანხით ეს შევძელი. მშენებლობამ წინ წაიწია. მუშებმა მითხრეს, ჩვენ არ გავჩერდებით, არ ინერვიულო, დედა თინათინო. ისინი მაინც მუშაობენ…

ახლა 6 წლის მარი კვლევაზე მყავს მოყვანილი, ტვინის და ხერხემლის კვლევაზე. 8 წლის ნატალიკო უნდა დავაწვინოთ, ქიმიოთერაპია უწევს, წამლები უნდა ვიყიდო, 2 ათასი ლარი ამაშია საჭირო. ეს ყოველდღიური საჭიროებებია – კვების, მედიკამენტების და მშენებლობის ხარჯები… ყოველდღიურად ბევრი ხარჯი მაქვს.
ვცდილობ ეს თანხა უცებ არ დავხარჯო და გამოვუზოგო ბავშვებს, მშენებლობას მოვახმარო, ახლა სადაც ვაცხოვრებ პატარებს, იმის იჯარა ვიხადო. “გეფას” მაღალი თანამდებობის პირს დავურეკე და ვთხოვე, წამლები უსასყიდლოდ გადმომცენ. ორგანიზაციებს ვიხმარ, რომ ამ დიდ ყოველდღიურ ხარჯებს გავწვდე.
ამ ათი წლის მანძილზე იმდენი მეგობარი და გულშემატკივარი შევიძინე, რომ დიდება უფალს, დახმარებებით გავდივართ. არასდროს დამავიწყდება, პანდემიის დროს, რესპუბლიკურ საავადმყოფოში, თავდაუზოგავად მშრომელი ექიმებისთვის რომ მოჰქონდათ საკვები, ნამცხვრები თუ სხვადასხვა ცომეული, ისინი ჩემს შვილებს უნაწილებდნენ. ეს სენტიმენტალური იყო ჩემთვის.
მადლობა ყველა თქვენგანს, ყველა მედიასაშუალებას, ვინც გვერდში გვიდგას. უფალმა დაგლოცოთ, გაიხარეთ…
ბერი ანდრიას ფონდის მიმდინარე ანგარიშებია:
თიბისი ბანკი: GE73TB7171536080100002
საქ-ოს ბანკი: GE38BG0000000855311400
ლიბერთი ბანკი: GE88LB0115143636765001
„ბედნიერი სახლის“ მშენებლობის ანგარიშია: GE62TB7171536080100006
























