16:12 | 2020-06-20 ავტორი: Prime Time

„ფრანგი კოლეგისგან გამაოგნებელი ინფორმაცია მივიღეთ“ – ლაშა შუშანაშვილის ადვოკატი

„ფრანგი კოლეგისგან გამაოგნებელი ინფორმაცია მივიღეთ“ – ლაშა შუშანაშვილის ადვოკატი

საბერძნეთის შემდეგ ლაშა შუშანაშვილის მიმართ განაჩენი ამჯერად საფრანგეთის სასამართლომ გამოაცხადა.

 

ცნობილ ქართველ ე.წ. „კანონიერ ქურდს“ ქალაქ რენის სასამართლომ დაუსწრებლად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

 

ინფორმაციას „პრაიმტაიმს“ შუშანაშვილის ქართველი ადვოკატი ნანა ფრიდონაშვილი უდასტურებს, რომელიც საფრანგეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაოგნებულია და ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ერთსა და იმავე საქმეზე კანონდარღვევით, ორჯერ გაასამართლეს.

 

საბერძნეთის პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ქართველი „კანონიერი ქურდის“ ადვოკატი გახდა
2020-06-01საბერძნეთის პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ქართველი „კანონიერი ქურდის“ ადვოკატი გახდა

 

ადვოკატმა საკუთარი პოზიცია წერილობით გამოგვიგზავნა. ის ლაშა შუშნაშვილის „კანონიერ ქურდად“ მოხსენიებას აპროტესტებს, ვინაიდან მისი თქმით, არ არსებობს არცერთი განაჩენი, რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფის „კანონიერ ქურდობას“ ადასტურებს.

 

გთავაზობთ, ლაშა შუშანაშვილის ადვოკატის მიერ „პრაიმტაიმისთვის“ გამოგზავნილი წერილის სრულ ვერსიას:

 

„შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 16 აპრილს, საფრანგეთის მოთხოვნით, საბერძნეთის პოლიციამ, საფრანგეთში ექსტრადიციის მიზნით, ლაშა შუშანაშვილი დააკავა და დააპატიმრა.

 

საფრანგეთის მხარე „ირწმუნებოდა“, რომ ლაშა შუშანაშვილი საფრანგეთში ქურდობდა, ფულს ათეთრებდა და კრიმინალურ ორგანიზაციას მართავდა.

 

დაკავების ამავე ორდერში, საფრანგეთის მხარე არც იმას უარყოფდა, რომ ლაშა შუშანაშვილი, საფრანგეთის ტერიტორიაზე არ ყოფილა და იქ არ უცხოვრია.

 

საფრანგეთის უკანონო მოთხოვნა, ლაშა შუშანაშვილის საფრანგეთისათვის გადაცემის შესახებ, საბერძნეთის სასამართლომ, საკუთარი ქვეყნის კონსტიტუციის გათელვით დააკმაყოფილა, თუმცა საფრანგეთის მხარემ, ლაშა შუშანაშვილის საფრანგეთში ექსტრადიცია, აღარ მოისურვა და საკუთარი ორდერი გააუქმა.

 

თითქმის ერთი წლის შემდეგ, ლაშა შუშანაშვილი საექსტრადიციო პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ადრესატს, ლაშა შუშანაშვილს, ეს დოკუმენტი ორი დღის დაგვიანებით ჩაბარდა.

 

შუშანაშვილმა საკანი დატოვა, მაგრამ მთელი დღის განმავლობაში, ციხის ტერიტორიის დატოვების უფლებას, არაუფლებამოსილი პირები არ აძლევდნენ. საკანშიც არ აბრუნებდნენ, რადგან მათ პატიმრად აღარ ირიცხებოდა.

 

საექსტრადიციო პატიმრობიდან გათავისუფლებულ ლაშა შუშანაშვილს, ის საღამო და ღამე საავადმყოფოში გაატარებინეს, რადგან მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის შესახებ დოკუმენტალურ ინფორმაციას, საპატიმროს დირექცია ფლობდა.

 

მეორე დღეს, თესსალონიკის სამართალდამცავებმა, სრულიად უკანონოდ, საფრანგეთიდან მოწოდებული მასალების საფუძველზე, ლაშა შუშანაშვილის დაკავების ორდერი თავად გამოსცეს. მიუხედავად იმისა, რომ გამომძიებელ-მოსამართლის უკანონო ორდერი, პროკურორმა არ დაამოწმა, ლაშა შუშანაშვილი მაინც დააკავეს.

 

ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, თესსალონიკის პროკურატურამ, ლაშა შუშანაშვილს ბრალად ქურდობები, ფულის გათეთრება და კრიმინალური ორგანიზაციის ხელმძღვანელობა წაუყენა.

 

მასშტაბური რეიდი ქართველი „კანონიერი ქურდების“ საკანში - საბერძნეთის პოლიცია შოკშია
2020-05-30მასშტაბური რეიდი ქართველი „კანონიერი ქურდების“ საკანში - საბერძნეთის პოლიცია შოკშია

 

ლაშა შუშანაშვილის ბერძენი ადვოკატები, სისხლის სამართლის საქმის უკანონო აღძვრასა და ასევე მის უკანონო დაკავება-დაპატიმრებას, სისხლის სამართლის წესით ასჩივრებდნენ.

 

ხან გამომძიებლებსა და პროკურორებს, ხან თავად ადვოკატებს დაკითხვებზე იბარებდნენ. მიუხედავად ადვოკატების ასეთი ბრძოლისა, უკანონობის დაკანონება მაინც მოხდა და სასამართლო პროცესი დაიწყო.

 

თესსალონიკის პროკურორის უკანონო და აბსურდულ ბრალდებაზე, ასევე უკანონო და აბსურდული სასამართლო პროცესი წარიმართა (ამასთან დაკავშირებით, 6 ივნისს გამოქვეყნებულ სტატიაში ვრცლად ვისაუბრე).

 

2020 წლის 19 მარტს, როდესაც მთელ საბერძნეთში საყოველთაო კარანტინი იყო გამოცხადებული და ყველაფერს, მათ შორის, სასამართლოსაც მუშაობა შეწყვეტილი ჰქონდა, თესსალონიკის პირველი ინსტანციის სასამართლომ, ლაშა შუშანაშვილის მიმართ, განაჩენი გამოიტანა.

 

ქურდობებსა და ფულის გათეთრებაში ლაშა შუშანაშვილი, სასამართლომ გაამრთლა, ხოლო, კრიმინალური ორგანიზაციის ხელმძღვანელობისათვის, რომელიც სასამართლოს განმარტებით არ არსებობდა, თუმცა, შუშანაშვილი ამ ორგანიზაციის შექმნას თურმე ფიქრობდა, 10 წლით, თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

 

2020 წლის 19 მარტიდან, სამი თვის განმავლობაში, დასაბუთებული განაჩენი, ლაშა შუშანაშვილსა და მის ადვოკატებს ჯერ არ ჩაბარებიათ,  რადგან სასამართლომ ამისთვის, ალბათ, ვერ „მოიცალა“.

 

ხშირად მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ არცერთი კანონის არცერთი მოთხოვნა, ლაშა შუშანაშვილის მიმართ, რატომღაც არ ვრცელდება და ამის მაგალითი თესსალონიკის სასამართლოს, თუნდაც ჯერ კიდევ კანონიერ ძალაში არშესული უკანონო განაჩენია, მაგრამ ორი დღის წინ, კიდევ ერთხელ, ყველა ზღვარს გადასული უკანონობის მომსწრენი გავხდით.

 

ფრანგი კოლეგისაგან გამაოგნებელი ინფორმაცია მივიღეთ – საფრანგეთის, კერძოდ, რენის პირველი ინსტანციის სასამართლომ, 16 ივნისს ლაშა შუშანაშვილი ზუსტად იგივე ბრალდებებით გაასამართლა, რაზეც თესსალონიკის სასამართლომ განაჩენი გამოიტანა: ქურდობები, ფულის გათეთრება და კრიმინალური ორგანიზაციის ხელმძღვანელობა.

 

რენის სასამართლომაც, როგორც თესსალონიკის სასამართლომ, ქურდობებსა და ფული გათეთრებაში გაამართლა და კრიმინალური ორგანიზაციის ხელმძღვანელობისათვის, 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

 

ყველაფერი ეს იმ ვითარებაში ხდება, როდესაც ამ ბრალდებების საფუძველზე, საფრანგეთის მხარე, ლაშა შუშანაშვილის საბერძნეთიდან გადაცემას ითხოვდა. უკანონოდ, მაგრამ საბერძნეთის სასამართლომ, საფრანგეთის მოთხოვნა დააკმაყოფილა, თუმცა, საფრანგეთის მხარემ, ლაშა შუშანაშვილის ექსტრადიცია, თავადვე აღარ მოისურვა და საკუთარი ორდერი გააუქმა.

 

საფრანგეთიდან მოწოდებული მასალების საფუძველზე, ლაშა შუშანაშვილი თესსალონიკში გასამართლდა.

 

რენის პროკურატურას, ლაშა შუშანაშვილისათვის ბრალდება წარდგენილი თუ ჰქონდა და რენის სასამართლოში მის მიმართ, საბრალდებო დასკვნა გადაგზავნილი იყო, ამის შესახებ, ლაშა შუშანაშვილისათვის, არავის, არც საბერძნეთისა და არც საფრანგეთის მხარეს არ უცნობებია.

 

იგი, საფრანგეთის სამართალდამცავებს, თუნდაც საბერძნეთში, არ დაუკითხავთ და არც მათი დავალებით, სამართლებრივი დახმარების ფარგლებში,  ბერძენ სამართალდამცავებს, საფრანგეთში წარმოებულ საქმესთან დაკავშირებით, არ დაუკითხავთ.

 

შუშანაშვილისათვის, ასევე არავის უცნობებია, რომ რენის პირველი ინსტანციის სასამართლოში, მის მიმართ საქმე იხილებოდა. შესაბამისად, რენის სასამართლოში, მისი ინტერესები არავის დაუცავს.

 

ორი დღის წინ კი, ფრანგი კოლეგისაგან ვიგებთ, რომ რენის სასამართლოში, საქმის განხილვა 8 ივნისს დაიწყო და 16 ივნისს, ლაშა შუშანაშვილის მიმართ, განაჩენი დადგა, თან რენის მოსამართლემ განაცხადა, რომ საბერძნეთში დამდგარი განაჩენის შესახებ, მას დეტალური ინფორმაცია აქვს.

 

რენის სასამართლომ, სხვა უკანონო ქმედებებთან ერთად, ლაშა შუშანაშვილის მიმართ, განმეორებითი დასჯისა და გასამართლების აკრძალვის პრინციპი უხეშად დაარღვია, ასევე, სრულიად უგულველჰყო ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 6-ე მუხლის 3-ე ნაწილის მოთხოვნები:

 

„ყოველ ბრალდებულს აქვს სულ მცირე, შემდეგი უფლებები: მისთვის გასაგებ ენაზე დაუყოვნებლივ და დაწვრილებით გააცნონო წარდგენილი ბრალდებების არსი და საფუძველი; ჰქონდეს საკმარისი დრო და საშუალებანი საკუთარი დაცვის მოსამზადებლად; დაიცვას თავი პირადად ან მის მიერ არჩეული დამცველის მეშვეობით; თვითონ დაკითხოს ან დააკითხვინოს მისი ბრალდების მოწმეები და გამოაძახებინოს და დააკითხინოს მისი დაცვის მოწმეები, ბრალდების მოწმეების თანაბარ პირობებში; ისარგებლოს თარჯიმნის უფასო დახმარებით, თუ მას არ შეუძლია გაიგოს  სასამართლოში გამოყენებული ენა ან ილაპარაკოს ამ ენაზე“.

 

ევროკავშირის ქვეყნების სასამართლოების უკანონო გადაწყვეტილებებზე, ლაშა შუშანაშვილის ბერძენი ადვოკატები, შესაბამის საჩივრებს უკვე ამზადებენ“, – ვკითხულობთ ადვოკატ ნანა ფრიდონაშვილის მიერ „პრაიმტაიმისთვის“ გამოგზავნილ წერილში.

ავტორი: Prime Time

X