
“რუსთავი 2”-მა მუსიკალური მეგა პროექტის, “დიდი სცენის” მეორე სეზონი დაიწყო. ჟიურის წევრებს – ნატო მეტონიძესა და გიორგი ცაგარელს ნიკოლოზ რაჭველი დაემატა. ქასთინგის პირველ დღეს, კონკურსანტებს შორის, ჟიურის, ერთი გოგონა განსაკუთრებულად მოეწონა.
ნანკა გვარი – ასე წარსდგა 22 წლის მონაწილე სამეულის წინაშე. ალტისტმა გიორგი ცაგარელმა ამ შოუში მკაცრი იმიჯი მოირგო და როგორც ნანკა გამოგვიტყდა, ქასთინგზე მისულს მისი ეშინოდა კიდეც. თუმცა გოგონას ნამღერზე გიორგის შეფასება იყო – “ასე არავინ მომწონებია. დიდი პოტენციალი გაქვს, რომ ამ პროექტში და საერთოდ სიმღერაში, შორს წახვიდე. ინდივიდუალიზმი გაქვს. ეს შიში რამენაირად გადალახე”.
ნანკამ დეტონაციის გაპარვისას სიმღერა შეწყვიტა – ჰაერი მაკლიაო. ამის შემდეგ გიორგი სცენაზე ავიდა და ფურცლები დაუნიავა. მოკლედ, გოგონა მეორე ტურშია.

ნანკა მამუკა გვარიშვილის, თბილისის კოლორიტისა და წლების მანძილზე მინისტრთა კაბინეტში სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლის შვილიშვილია. ნანკას მამა – ალექსანდრე კი საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაცია GERA-ს დამფუძნებელია.
როგორც ნანკა ამბობს, 12 წლიდან მღერის. მისი კუმირი ემი უაინჰაუსი იყო.
ნანკა გვარიშვილი: – ემის ისეთი ინდივიდუალიზმი ჰქონდა, რომ ვოკალურ შეცდომებს იხდენდა და პატიობდი. ეს უზარმაზარი ნიჭია. “ხულიგანი” ქალი იყო.
მამის მეგობარმა საოპერო ვოკალის პედაგოგთან მიიყვანა, მაგრამ ნანკა მიხვდა, რომ სხვაგან მოხვდა. ნიჭიერთა ათწლედში ჯაზ-ვოკალზე ჩააბარა და დაამთავრა. ამბობს, რომ თავდაჯერება არ აქვს, ზედმეტადაც კი. სწორედ ამის გამო იყო, რომ პროექტში მისული ძალზედ ღელავდა.
თეატრალურ უნივერსიტეტში ჩააბარა, თუმცა იმედი გაუცრუვდა, მალე დატოვა იქაურობა და სწავლა სამხატვრო აკადემიაში გააგრძელა. მოგვიანებით ვერც პალიტრასთან მდგომმა იპოვა თავი, ისევ თეატრისკენ გაუწია გულმა და “გლობუსის” სცენაზე დაიწყო თამაში.
ნანკა გვარიშვილი: – “დიდი სცენა” ავირჩიე იმიტომ, რომ თავთან ბრძოლა დამესრულებინა, გამომდის თუ არა სიმღერა. ქასთინგის პირველმა დღემ მიჩვენა, რომ რაც არ უნდა მოხდეს, არ გავჩერდები. სცენის თუ დეტონაციის შიშს არ მივცემ იმდენის უფლებას, რომ ჩემს მომავალზე იმოქმედოს.

– საიდან მოდის ეს შიში?
– ეს ჩემში დალექილი შიშია, რომელიც ბავშვობიდან მოდის. ალბათ, ვიღაცას არ მოეწონა ოდესღაც ჩემი ნამღერი, ნეგატიურად შემაფასა. ვიღაცამ ერთხელ ყურადღება არ გამოიჩინა და ეს ყველაფერი დაგროვდა და ჩამომიყალიბდა აზრი, რომ კარგი ვოკალისტი არ ვარ. მაქვს შიში, რომ დეტონაცია თუ გამეპარა, შუა სიმღერის დროს შეიძლება გავჩერდე, როგორც ეს პირველ ქასთინგზე გავაკეთე. თუმცა უკვე პოზიტიურმა შეფასებებმა თავდაჯერება შემძინა და ამიტომაც მინდა, რომ სიმღერაში ვცადო თავი.
ქასთინგზე რომ მივედი ცაგარელის შეფასების მეშინოდა. ის ფრაზა რომ თქვა, მინდოდა კიდევ გაემეორებინა. სცენაზე რომ ამოვიდა, თავდაჯერება მომემატა. მივხვდი, რომ ჟიურის წევრები ჩემსკენ იყვნენ და ეს მეორე სიმღერაზე აისახა.
ამ პროექტისგან მინდა თავდაჯერება შევიძინო. გამოწვევა მაქვს თავთან და ამისგან სიამოვენებას ვიღებ.
მშობლებს მეგობრებად და კრიტიკოსებად თვლის. ქასთინგი ისე გაიარა მათ არ უთხრა.
“ძალიან ემოციურად მიუდგებოდნენ და ინერვიულებდნენ. როცა ისინი ნერვიულობენ, ეს ჩემზეც გადმოდის. ჩემი მშობლები ჩემით ამაყობენ” – ამბობს “პრაიმტაიმთან” ნანკა.
ნანკამ ბაბუაზეც გვიხრა ორი სიტყვა. მამუკა გვარიშვილი შვილიშვილმა თავისი ოცნებების ამსრულებლად დაახასიათა.
“საოცარი ბაბუა იყო. მიუხედავად იმისა, რომ შვიდი წლის ვიყავი, როდესაც გარდაიცვალა, ძალიან კარგად მახსოვს. ზამთარ-ზაფხულ თოვლის ბაბუა იყო.
თუ გახსოვთ, 35 თეთრიანი შუშის პატარა ბოთლის კოკა-კოლა, მის თავსახურზე “ამოდიოდა” საჩუქრები. მახსოვს, მინდოდა ველოსიპედი. ბაბუმ მომიტანა “კოკა-კოლა”, რომლის თავსახურზეც ველოსიპედი ეწერა, საბარგულში კი უკვე ნაყიდი ველოსიპედი ედო. ასეთ საჩუქრებს მიკეთებდა” – გვიყვება ნანკა.
ნანკა გვარი დიდ სცენაზე 😍"აი ესე არავინ არ მომწონებია" – გიორგი ცაგარელი ნანკა გვარის შესახებ 😇
Posted by დიდი სცენა on კვირა, 21 ივნისი, 2020
























