
ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ნოდარ მელაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაციას ინგა გრიგოლია ავრცელებს.
სავარაუდოდ საქმე ეხება „ნოდარ მელაძის შაბათში“ გასულ სიუჟეტს, სადაც ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის საქმეზე დაკავებული, ვასამბეკ ბოკოვის ძმა საუბრობს.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, 12 ივნისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სპეცოპერაციის შედეგად რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ინგუში მამაკაცი დააკავა.
დაკავებული ვასამბეკ ბოკოვია, თუმცა შესაძლოა ეს მისი ნამდვილი სახელი და გვარი არ იყოს.
„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით ცნობილი გახდა, რომ ამ შეკვეთილი მკვლელობის სამიზნე გიორგი გაბუნია იყო – ცნობილი ჟურნალისტი, რომელმაც დაახლოებით ერთი წლის წინ ვლადიმერ პუტინი უცენზურო სიტყვებით მოიხსენია.























