11:47 | 2020-06-27 ავტორი: Prime Time

აშშ-მ რუსული დაზვერვის დანაშაულებრივი სქემა გაშიფრა – რუსი აგენტები საქართველოშიც დააფიქსირეს

აშშ-მ რუსული დაზვერვის დანაშაულებრივი სქემა გაშიფრა – რუსი აგენტები საქართველოშიც დააფიქსირეს

სამშვიდობო მოლაპარაკებების პარალელურად რუსეთის სამხედრო დაზვერვის (გრუ) სპეციალური დანაყოფი თალიბანს ავღანეთში მყოფი კოალიციური ძალების, მათ შორის ამერიკელი სამხედოების ლიკვიდაციაში ფულს სთავაზობდა – ამის შესახებ გავლენიანი ამერიკული გამოცემები აშშ-ს სადაზვერვო ინფორმაციაზე დაყრდნობით წერენ.

 

New York Times წერს, რომ ამ ოპერაციის უკან რუსეთის სამხედრო დაზვერვის დანაყოფი 29155 იდგა, რომელიც 2018 წელს დიდ ბრიტანეთში სკრიპალების მკვლელობის მცდელობის ორგანიზებაში იყო ჩართული, ისევე როგორც 2016 წელს მონტენეგროში დაგეგმილ სახელმწიფო გადატრიალებაში.

 

რუსული სიკვდილის ბრიგადები - რეჟიმის მიერ შეკვეთილი მკვლელობები
2020-06-16რუსული სიკვდილის ბრიგადები - რეჟიმის მიერ შეკვეთილი მკვლელობები

 

მონტენეგროში „გრუ“-ს აგენტების დანაშაულებრივი ქმედებები განსაკუთრებით საინტერესოა საქართველოსთვის, რადგან გადატრიალებაში ჩართული რუსი აგენტების კვალი, მანამდე ჩვენს ქვეყანაშიც დაფიქსირდა. და აი, როგორ:

 

ყველასთვის ცნობილია, რომ 2016 წლის ოქტომბერში ბალკანეთის პატარა ქვეყანა ბეწვზე გადაურჩა კრემლის მიერ სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ დაგეგმილ ერთ-ერთ ყველაზე ბინძურ აგრესიას.

 

გაირკვა, რომ რუსეთის გრუ-ს ორი ოფიცერი – ედუარდ შიშმაკოვი და ვლადიმერ პოპოვი საიდუმლო ქმედებების საშუალებით ცდილობდნენ, ძალადობრივი გზით ჩაეშალათ დემოკრატიული არჩევნები მონტენეგროში, რომლის საბოლოო მიზანი მთავრობის დამხობა და მონტენეგროს პრემიერ-მინისტრის მკვლელობა გახლდათ.

 

საბედნიეროდ, მონტენეგრომ შეძლო აღნიშნული შეთქმულების გამოაშკარავება და აღკვეთა შეთქმულების სისრულეში მოყვანამდე.

 

შიშმაკოვი და პოპოვი ტერორიზმის მომზადების ფაქტზე დაუსწრებლად გაასამართლეს, მათ 12 და 15 წლით თავისუფლების აღლვეთა მიუსაჯეს.

 

მართალია, დაგეგმილი გადატრიალება არ შედგა, მაგრამ რუსეთის ორბიტაზე მყოფი სუვერენული ქვეყნებისთვის ეს აღმოჩნდა საშიში სიგნალი იმის დასტურად თუ, რაზეა წამსვლელი რუსეთი და მისი ჯაშუშური ქსელი საკუთარი ზრახვების მისაღწევად.

 

მონტენეგროში განვითარებული მოვლენები და კრემლის მიერ დაგეგმილი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც შეშფოთების საგანია.

 

მით უფრო, რომ რუსეთის გრუ-ს ოფიცერი ვლადიმერ პოპოვი, რომელიც მონტენეგროში პრემიერ-მინისტრის მკვლელობისა და სახელმწიფო გადატრიალების მომზადების ორგანიზებას ახდენდა, იმავე პერიოდში ჩვენს ქვეყანას რეგულარულად სტუმრობდა.

 

დადასტურებული ინფორმაციით, პოპოვის საქართველოში ვიზიტები ემთხვევა მონტენეგროში შეთქმულთა კრიმინალური ქსელის ჩამოყალიბების პერიოდს.

 

უფრო ზუსტად კი, 2012 წლის ნოემბრიდან 2015 წლის ოქტომბრამდე პერიოდში, პოპოვი 8-ჯერ შემოვიდა და გავიდა საქართველოდან და თითოეული ვიზიტის დროს ქვეყანაში მოკლე პერიოდით ჩერდებოდა.

 

აქედან გამომდინარე, ჩნდება კითხვა: რატომ სტუმრობდა დემოკრატიული ევროპული მთავრობის დამხობაში აქტიურად  ჩართული რუსეთის გრუ-ს ოფიცერი საქართველოს ამდენი მოკლევადიანი ვიზიტით?

 

ცხადია, 2012-2015 წლებში პოპოვის საქართველოში ვიზიტები არ იყო ტურისტული. აშკარაა, რომ ის ქვეყანაში პეიზაჟებით, ღვინით, სუფრითა და სტუმარმასპინძლობით ტკბობის მიზნით არ ჩამოდიოდა.

 

საქართველოში პოპოვი ორჯერ გემით შემოვიდა შავი ზღვის პორტებში. პირველად ყირიმიდან მომავალი გემით ბათუმის პორტში, რის შემდეგაც ჩავიდა თბილისში და საქართველო თბილისის აეროპორტის გავლით დატოვა.

 

რაც შეეხება საქართველოში განხორციელებულ მეორე ვიზიტს, ის ფოთის პორტში ჩავიდა კვლავ უკრაინიდან და ოთხი დღის შემდეგ ქვეყანა ბათუმის აეროპორტის გავლით დატოვა.

ავტორი: Prime Time

X