
ქართველი ემიგრანტის ნინო ნარუშვილის ცხედარი, რომელიც იტალიის ქალაქ ბარში გარდაიცვალა, ზუგდიდში დღეს უნდა ჩამოესვენებინათ.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კი ოჯახის წევრებს და ნათესავებს, მილანის რეისზე გარდაცვლილი ქალის ცხედარი არ დახვდათ.
გარდაცვლილის ნათესავები, რომლებიც ცხედარს თბილისის აეროპორტში ელოდებოდნენ „პრაიმტაიმთან” საუბარში აცხადებენ, რომ საბუთები ცხედრის გადმოსვენებაზე აიღეს, ფულიც გადაიხადეს და კოდიც მიანიჭეს ცხედარს, თუმცა თავად ცხედარი თვითმფრინავში არ იყო.
„ყველა სასწაულ დღეში ვართ. ამას ნამდვილად არ ველოდებოდით, რომ ცხედარი არ აღმოჩნდებოდა თვითმფრინავში. ვრეკავთ იტალიაში, საქართველოს საელჩოში თუმცა დღეს კვირაა და იქ არავინ არ გვპასუხობს.
„უბრალოდ ვითხოვთ გარკვევას სინამდვილეში რა მოხდა და პასუხი არ გვაქვს არც ერთ კითხვაზე. ახლა კი ვარკვევთ ბოლოს, რომ ნინოს ცხედარი თურქეთში დარჩათ, ხუთშაბათამდე არ არის ფრენა და ჩვენ ვითხოვთ სასწრაფოდ გადმოსვენებას და ვთხოვთ მთავრობას დაგვეხმარონ ისედაც გამწარებულ ჭირისუფალს”,- ამბობს გარდაცვლილის შვილი თათია გაბიჩვაძე.
გარდაცვლილის ნათესავები ამ წუთებშიც არკვევენ, თუ რა გზებით შეიძლება ცხედარი უმოკლეს ვადებში სამშობლოში გადმოასვენონ. აეროპორტის ადმინისტრაცია მომხდარზე პასუხისმგებლობას იხსნის, რადგან ჩამოსვენებაზე პასუხისმგებელი ისინი არ არიან. მომდევნო რეისი თურქეთიდან ხუთშაბათს უნდა განხორციელდეს, თუმცა ,ჭირისუფალი ცხედრის გადმოსვენებას უფრო ადრე, სარფის საბაჟოს გავლით ითხოვს.

„თვეზე მეტია დედის ცხედარს ველოდებით და ამას ვერ მივაღწიეთ. ჩვენი მოთხოვნაა რაც შეიძლება მოკლე ვადებში მოხერხდეს მისი გადმოსვენება. დახმარებას ვთხოვთ საგარეო უწყებას და საქართველოს ხელისუფლებას. წინააღმდეგ შემთხვევაში სხვა, რადიკალურ ზომებს მივმართავთ”- აცხადებს გარდაცვლილის შვილი.
ცნობისთვის, ქართველი ემიგრანტი ნინო ნარუშვილი მძიმე ავადმყოფობის შემდეგ იტალიის ქალაქ ბარში 4 ივნისს გარდაიცვალა.
ავტორი:თეა შონია
























