
გურჯაანის მუნიციპლიტეტის სოფელ ჩუმლაყში, ორი დღის წინ, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, ადვოკატმა თამარ თედლიაშვილმა, საგანგებო ბრიფინგი გამართა.
ადვოკატი ამბობს, რომ კონკრეტულმა მედიასაშუალებებმა ამ თემის პოლიტიზირება სცადეს და ადამიანის უფლებები უხეშად დაარღვიეს.
მისი განცხადებით, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია თითქოს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი, სოფელ ჩუმლაყში მცხოვრები, მალხაზ ბადუაშვილი იმ ე.წ. დაჯგუფების ხელმძღვანელია, რომელმაც სასტიკი დანაშაული ჩაიდინა.
ეს კი იმ ფონზე, როცა პოლიციას უკვე გაკეთებული ჰქონდა განცხადება, საქმის გახსნის და დაკავებულის თაობაზე.
„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მალხაზ ბადუაშვილის მიმართ, მიმდინარეობს მიზანმიმართული დევნა გურჯაანში საყოფაცხოვრებო თემაზე მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო. ხდება ამ თემით მანიპულირება, რათა დამძიმდეს მისი სოციალური სტატუსი და შეიცვალოს საზოგადოებრივი აზრი.
ამ შემთხვევაში მანიპულირებას საინფორმაციო საშუალებებით ახდენენ. პოლიტიკოსები, რომლებიც ამ ტრაგიკულ საქმეს მალხაზ ბადუაშვილის სახელს უკავშირებენ. ვთხოვ მედიას, გამოიჩინოს მეტი ყურადღება ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით და როგორც მინიმუმ, მოახდინონ ინფორმაციის დაბალანსება”,-აცხადებს თედლიაშვილი.
ჩუმლაყში მცხოვრები 41 წლის მალხაზ ბადუაშვილი პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით გასულ წელს დააკავეს თუმცა, სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ ის გაამართლა.
ადვოკატის განცხადებით, საქმე ახლა აპელაციაშია და კონკრეტული ჯგუფების მიზანია, რომ მისი კრიმინალად შერაცხვა მოხდეს.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი























