
გიორგი კეკელიძე დუშეთის რაიონის (და არა მხოლოდ) მკვიდრთა ფოლკლორული ნიმუშების შეგროვებით არის დაკავებული. მწერალი კარდაკარ დადის და ხანდაზმული ადამიანების გამოკითხვის შემდეგ, ჩანაწერებს აკეთებს.
“ადამიანებთან ურთიერთობა, ჩვეულებრივ მოქალაქეებთან ხშირი საუბარი, შემორჩენილი, ფოლკლორული მასალების ჩაწერა, ფოტოგრაფირება – ახლა ამით ვარ დაკავებული. ჩემი დუშეთში დამკვიდრება ხელს უწყობს იმ საქმიანობის გავრცობას, რომელსაც დავაკლდი“,- ამბობს გიორგი.
ამჯერად სოფელ თონეთის მკვიდრი ცოლ-ქმარი და მათი მეზობელი ჩაწერა. აი, რას გვიზიარებს მწერალი.
„კარგა ხანია, თავის მოკვლა მინდა. ერთი ოცი წელია. მაგრამ დრო ვერ გამოვძებნე – გათენებიდან მზის დაბრეცამდე ვშრომობ. ჰოდამ, ვერ მოვიცალე. განა ვხუმრობ, შე კაცო, რა გაცინებს? მართლა მინდა თავის მოკვლა, მარა ამ სამუშაოს რა ვუყო? მივალ თოკთანა, ვფიქრობ აჰა, ჩამოვიკიდავ თავსა და ძროხა მომაბღავლებს, ეგ შენი კი არა, ჩემი თოკიაო.
ჰოდა, ასე დავფიქრდი, რომ ცხოვრება არის შრომა და შრომა. კიდევ სიკვდილის დავიწყება არის, სიკვდილისთვის არმოცლა. თორე წინ რა უდგას? ვერაფერი. ხომ გითხარი, გიორგი აზრუმელაშვილი ვარ, სოფელ თონეთიდან. თუ არ გითხარი?!
მე ნუნუ აზრუმელაშვილი ვარ. გიორგის ცოლი, მაგან რომ თავის მოკვლა დააპირა, იქამდე კიდევ ორმოცი წელია, თუ მეტი არ არის. ერთმანეთი მაყვალზე გავიცანით, მერე მოგიყვები.

მე ამათი მეზობელი ვარ, ყაზბეგი გოგიჩაშვილი. ადრე გოგიჩაიშვილები ვიყავით, დიპლომში გოგიჩაშვილი მიწერია. ჩემი სურათი რო განახო ახლა, ვერ მიცნობ, მე ვარ თუ არა – ულამაზესი ტანი და რგვალი პირ-სახე მქონდა. მეტრა ოთხმოცდაათი უტოლიდა სიმაღლე – ახლა, რა – ოთხმოცდამესამეში ვარ. სიმაღლეში კი არა – წელში.
მე მანგლისში გამიყიდია ნახშირი. ჰოდა, იცი რა ნახშირი? ვაჟა-ფშაველას სახლი რომ დაიწვა, იქ ეყარა ნახშირი. ჭირდა კაცო. პატარები ვიყავით, ვიპარავდით იმ ნახშირსა და მანგლისში ვყიდდით. კაი იყო ნახშირი.”
























