
საბჭოთა ხელისუფლებისთვის მოსახერხებელი იყო, განსაკუთრებით საშიში ადამიანები გიჟებად გამოეცხადებინა. ასე ხომ მათ აღარავინ დაუჯერებდათ.
ამ მეთოდის შესახებ მეტნაკლებად ყველა ადამიანისთვისააცნობილი. თუმცა, დღემდე არ არსებობდა არანაირი მონაცემები, რეალურად ვინ გადიოდა იძულებით „მკურნალობას“ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში.
ადამიანები იძულებით მკურნალობდნენ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, თუმცა ასეთი მონაცემები, უბრალოდ, არ არსებობდა. პირველ რიგში მათი სახელებისა და გვარების მოძიება იყო საჭირო.
ამის გასარკვევად „პრაიმტაიმმა“ იმ ადამიანების სახელები და გვარები მოიძია, ვინც 1929 წლიდან 1988 წლის ჩათვლით ფსიქიატრიული საავადმყოფოს ჟურნალში გაუტარებიათ.
1921 წელს დუშეთის სამაზრო კომიტეტმა წერილით მიმართა საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტს.
საქართველოში შემოჭრილ მოძალადე წითელარმიელთაგან გაძარცული და შეურაცხყოფილი მოსახლეობა შველას ითხოვდა. წერილში ნათლად ჩანს, რომ მსგავს ვითარებაში იყო ხალხი სხვა სოფლებსა და ქალაქებშიც.
საქართველოს კომუნისტურ ცენტრალური კომიტეტს

დუშეთის სამაზრო კომიტეტი გატყობინებთ, რომ მიიღოთ სასწრაფო ზომები იმ თავაშვებულობის წინააღმდეგ, რომლებსაც სჩადის სხვა და სხვა სამხედრო ნაწილები მშვიდობიან მაცხოვრებლების წინააღმდეგ, რომელთა თავაშვებულობაც იქამდე მიდის, რომ შედიან სახლებში და ართმევენ სხვადასხვა ღირებულების ნივთებს, როგორც ტანისამოსს, ისე ოქრო-ვერცხლს.
თუ ეს მოახერხეს, ყოველნაირს შევიწროებას აყენებენ განსაკუთრებით იმ სოფლებს, რომელი სოფლების რკინის გზის და საქართველოს სამხედრო გზის მახლობლად მდებარეობენ, მათ არა აქვთ არავითარი დრო შეუდგნენ მშვიდობიან მუშაობას, რადგანაც მთელი მათი ურმები და მომუშავე პირუტყვი ბევრიგან თავს ვერ აღწევენ.
ყოველივე ამ არასასურველ მოვლენის შემდეგ იმდენად გათამამდნენ, რომ ზოგი სამხედრო ნაწილები ჩვენს წარმომადგენელებს პარტიულ ამხანაგებს და სამაზრო რევკომის წევრებსაც კი აპატიმრებენ, რადგანაც მოუწოდეს თავაშვებულებს წესიერებისკენ.
ამისთანა მოვლენა, რომ ჩვეულებად არ გადაიქცეს და რომ გლეხებში უიმედობამ არ დაიბუდოს, საჭირო არის სასტიკი ზომის მიღება ამ არამზადების დასასჯელად. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ცენტრალური კომიტეტი სერიოზულად შეხედავს ამ ჩვენს მიმართვას და მშრომელი დუშეთის გლეხებს დაიფარავს ამ მოძალადეებისგან, რომლებიც ნორმალურ ცხოვრებას ხელს უშლიან და სწამლავენ.
ამავე დროს ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მიიღებთ ზომებს რომ ჯარის ნაწილებმა ანგარიში გაუწიონ ჩვენს შიგნით დაგზავნილ პარტიულ ამხანაგებს მთელს მაზრაში, თორემ თუ მათ აპატიმრებს ჩვენი პასუხისმგებელი პარტიული ამხანაგები გლეხების წინაშე.
მაშინ თვით ხალხი დაჰკარგავს პარტიის პატივისცემას და შეიძლება ბევრიც კიდეც ჩამოგვშორდეს. ამის თავიდან ასაცილებლად დუშეთის სამაზრო კომიტეტი მოგმართავთ საქართველოს კომუნისტურ-ცენტრალურ კომიტეტს, რომ მიიღოთ ყველაფერი ზომები, რომ ძირშვე ჩაიკლას ყოველგვარი არასასურველი მოქმედება.
სამაზრო კომიტეტს მდივანი
„რატომ ქართულათ დაგიწერიათ და არა რუსულათო“…
1921 წლის 25 თებერვალს საქართველო იძულებით გასაბჭოვდა… ამავე წლის ოქტომბრის თვეში საქართველოს რევოლუციური კომიტეტის თავჯდომარეს მეტეხის ციხის პატიმრებისა და თბილისის მუშებისგან გაეგზავნა ორი წერილი, რომლებშიც ნათლად ჩანს, თუ რა მოუტანა უკვე შვიდ თვეში გასაბჭოებამ საქართველოს.
„24 ოქტომბერს თბილისის მუშათა დელეგაცია საქართველოს რევოლუციურ კომიტეტში მივიდა, რათა მისთვის გადაეცა 5132 მუშის მიერ ხელმოწერილი განცხადება (რომლის დედანსაც სრულად და სტილის დაცვით გთავაზობთ). მას უნდა აღენიშნა ის რთული ვითარება, რომელშიც ამჟამად იმყოფება საქართველო.
ამ მდგომარეობიდან გამოსასვლელად მუშებმა მოითხოვეს შემდეგი ზომების მიღება:
- დამოუკიდებელი საქართველოს დარღვეული უფლებების აღდგენა;
- ქართული ენის დაცვა;
- რუსული არმიის გაყვანა;
- მუშათა ორგანიზაციების, სიტყვის თავისუფლების, გაერთიანებების შექმნის, პრესის, ინდივიდუალური და საცხოვრებლის თავისუფლების ხელშეუხებლობა;
- მუშათა მატერიალური პირობების გაუმჯობესება მათი ოჯახების შიმშილით ამოწყვეტის თავიდან ასაცილებლად;
- მუშათა სამსახურიდან გათავისუფლებისა და საზღვარგარეთ დეპორტაციის შეწყვეტა. უცხოელი მოხელეების თვითნებობის აღკვეთა;
- პოლიტიკური პატიმრებისა და დევნილი პირების განთავისუფლება.
1921 წლის ნოემბერში კონსტანტინოპოლში ქართველმა ემიგრანტებმა ფრანგულ ენაზე გამოსცეს ბოლშევიკური იმპერიალიზმის მამხილებელი ბროშურა, სათაურით – „ქართველი პროლეტარები ბოლშევიკური იმპერიალიზმის წინააღმდეგ“ (ფრანგულენოვანი ბროშურა დაცულია შსს არქივში) ტექსტში აღწერილია 1921 წელს საქართველოში რისეთის საბჭოთა საოკუპაციო ხელისუფლების წინააღმდეგ თბილისის პროლეტარიატის საყოველთაო გამოსვლის ფაქტები“.
გთავაზობთ ამონარიდებს აღნიშნული ბროშურიდან:
შესავალში გამომცემლები წერენ:
„მიმდინარე წლის თებერვალსა და მარტში საბჭოთა რუსეთის არმიამ დაიპყრო საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკა, რომლის მთავრობაც მუშათა კლასიდან იყო.

მრავალრიცხოვანი მსხვერპლის ფასად რუსულმა არმიამ დაიკავა მთელი ტერიტორია და დანიშნა არა საბჭოური მთავრობა, როგორც მოსკოვი ავრცელებს ხმას, არამედ „რევოლუციური კომიტეტი“, რომლის წევრებიც მოსკოვმა დაამტკიცა.
მოსახლეობას დამპყრობლების მიმართ სიძულვილი არ დაუმალავს.
მოსვლისას რევოლუციურმა კომიტეტმა პროლეტარიატისა და გლეხების დამშვიდების მიზნით, თავის განცხადებაში პირობა დადო, რომ გახდებოდა საქართველოს ტერიტორიის, ქართველი ერის მიერ შექმნილი ინსტიტუციების დამცველი;
ქართული ენა დარჩებოდა სახელმწიფოს ოფიციალურ ენად;
რუსული ჯარები მხოლოდ დროებით იქნებოდნენ საქართველოში და რევოლუციური კომიტეტი მალე ჩამოაყალიბებდა ეროვნულ წითელ არმიას, რომელიც რესპუბლიკის ერთადერთი სამხედრო ძალა იქნებოდა;
მოიწვევდა მუშათა და გლეხთა საბჭოს და ა.შ. რევოლუციურმა კომიტეტმა არც ერთი დანაპირები არ შეასრულა.
მას შემდეგ ცხრა თვე გავიდა და ბოლშევიკები ჯერ კიდევ ვერ ბედავენ მუშათა საბჭოს მოწვევას, რადგან არ ეგონათ, რომ საქართველოს პროლეტარიატი მათ საჯაროდ გამოუცხადებდა უნდობლობას.
ვინ მართავდა საქართველოს ამ ცხრა თვის განმავლობაში და ვინ მართავს ჯერ კიდევ?! გარეგნულად ეს რევოლუციური კომიტეტია, რომელიც რუსული ხიშტების დასაცავად შემოვიდა საქართველოში. რეალურად კი, რევოლუციური კომიტეტი მხოლოდ შირმაა, რადგანაც საქართველო იმართება რუსეთის კომუნისტური პარტიის მიერ“. (სტილი დაცულია)
გთავაზობთ წერილს სრულად და სტილის დაცვით:
№1 მეტეხის ციხის პატიმართა მიმართვა რევკომს
საქართველოს რევოლუციური კომიტეტის თავმჯდომარეს
ასლები: იუსტიციის კომისარს და საქართველოს საგანგებო კომისიის თავმჯდომარეს
ჩვენ მეტეხის ციხის პოლიტიკურ ტუსაღებს არა ერთხელ მიგვიმართავს ვისთანაც ჯერ არს განცხადებით, რათა დაცული ყოფილიყო სახელმწიფო ენა ჩვენთან ხელის უფლების წარმომადგენელთა მიერ საქმიანი ურთიერთობის დაჭერის დროს.
ჩვენ ვფიქრობდით, რომ ამას ჯეროვანი ყურადღება მიექცეოდა და ჩვენი კანონიერი მოთხოვნილება სისრულეში იქნებოდა მოყვანილი, მით უფრო, რომ საქართველოს რევოლუციური კომიტეტის დეკრეტიც სახელმწიფო ენის ხმარების შესახებ კატეგორიულად მოითხოვს ამასვე.
რას მივაღწიეთ? მივაღწიეთ იმას, მოქალაქე თავმჯდომარევ, რომ ჩვენი ხალხის დედა ენა ჩვენი მუშათა კლასის რევოლუციონური ბრძოლითა და სისხლით მოპოებული რესპუბლიკა ყოვლად უმსგავსო და გულისამრევ დაცინვის საგნათ აქციეს დღევანდელი ხელისუფლების ზოგიერთმა წარმომადგენლებმა:
„кукурузная республика“, „республика духаншиков и кинтошек“ და სხვ… ჩვეულებრივი ჟარგონი იყო რა არის ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენლების (უცხოელების) მხრივ ჩვენი პოლიტიკური ამხანაგების მიმართ ამა თუ იმ სახელმწიფო დაწესებულებაში.
ასეთ უმსგავსოების აღმაშფოთებელ ნიმუშს ჰქონდა ადგილი ამ თვის 25-ს „გრუზჩეკაში“ და დღეს 29-ს მეტეხის სატუსაღოში.
ამა ოქტომბრის 25-ს თფილისის მუშათა დელეგაციას , რომელიც თქვენთან ყოფილა მუშებისგან წარმოგზავნილი, მოქალაქე თავჯდომარევ, და რომელიც სასახლიდან გამოსვლისთანავე დატუსაღებულ იქმნა.
ჯერ ერთი, საანკეტო ფურცლების ქართულათ შევსების ნება არ მისცეს „გრუზჩეკაში“ და მეორე, განცხადება, რომლითაც დელეგაციას „ჩეკის“ თავჯდომარისთვის უნდა მიემართა , ტავზე გადააფხრიწეს – რატომ ქართულათ დაგიწერიათ და არა რუსულათო და თან დაუმატებიათ „здесь грузин нет“ – ო.
დღეს 29 ოქტომბერს მომხდარმა საქმემ კი სავსებით ნათელჰყო ასეთი ზნეგადასულობა: პოლიტიკური ტყვის, არსენალის მუშაკის (ნიკო ისაკის ძე ზურაბიშვილი ) დასაკითხავათ მოვიდა „ჩეკის“ გამომძიებელი, გვარათ ფედერენკო – ამხანაგ ზურაბიშვილის განცხადებაზე, რომ ის, ზურაბიშვილი მხოლოთ სახელმწიფო ენაზე ილაპარაკებს მასთან და მასთან ხელს დაკითხვის მხოლოთ იმ ოქმს მოაწერს, რომელიც ქართულად იქნება დაწერილი.
მით უმეტეს, რომ მან რუსული არ იცის, მოქალაქე გამომძიებელი წამოიჭრა სკამიდან და დაუყვირა:
Убирайса отсюда, ведь вы бандиты! Я тебе покажу… გარეთ გამოაგდო და ციხის უდროსის თანაშემწეს, მოქ. აბრამიშვილს უბრძანა: „კარცერში ჩაამწყვდიეთ ზურაბიშვილიო“.
ამნაირათვე გაუმასპინძლდა ხსენებული გამომძიებელი იმავე არსენალის მუშას, პოლიტიკურ ტყვეს, ნიკო გიორგის ძე ჩაბაშვილს.
გაცნობებთ რა ყველაფერ ამას, მოქალაქე თავჯდომარევ, ჩვენს უაღრესსა და უსასტიკეს პროტესტს გამოვსთქვამთ ასეთი ყოვლათ უდიერი მოპყრობის წინააღმდეგ და გთხოვთ მიიღოთ ზომები, რათა 1. სრულდებოდეს რევ. კომიტეტის დეკრეტი სახელმწიფო ენის შესახებ და 2. უზრუნველყოფილ იქნეს ჩვენი პირადი ღირსება და ადამიანის ელემენტარული უფლება.
მეტეხის ციხის პოლიტიკური ტყვეები
„პრაიმტაიმი“ ეტაპობრივად მოგაწვდით იმ ადამიანების შესახებ საარქივო მასალებს, რომლებიც კომუნიზმის რეპრესიებმა შეიწირა და გიჟად შერაცხა.
„პრაიმტაიმის“ პროექტი კომუნისტური შიზოფრენია






















