
ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე – კულტურის კვლევის მიმართულებით მოხვდა.
ანა დეკანოიძის ოცნების ასრულებაც სწორედ აქედან იწყება.
გოგონა ხარაგაულში ცხოვრობს და საჯარო სკოლაც იქ დაამთავრა. „პრაიმტაიმს“ უყვება, რომ მისი ოცნება იყო საზღვარგარეთ ესწავლა.
ანამ უნივერსიტეტის Erasmus + -ის გაცვლითი პროგრამაში მიიღო მონაწილოება, საიდანაც გერმანიაში მოხვდა. ის ახლა 23 წლისაა და გერმანიაში იმყოფება.
„საზღვარგარეთ სწავლა ჩემი ოცნება იყო და გერმანია, განათლების მისაღებად, ნამდვილად საუკეთესო ქვეყანაა. ამჟამად, მაგისტრატურის მეორე სემესტრის სტუდენტი ვარ.
თუმცა, ახლა გერმანიაში ვცხოვრობ, ოდერის ფრანკფურტში და ვიადრინას უნივერსიტეტში ერთი სემესტრით ვსწავლობ.
გერმანიაში Erasmus + -ის გაცვლითი პროგრამით ვიმყოფები. გადავწყვიტე ამავე კონკურსში მონაწილება კიდევ ერთხელ მიმეღო. ჩემი სპეციალობა საკონკურსოდ ბუქარესტის უნივერსიტეტში იყო გამოცხადებული, ამიტომ არჩევანიც სწორედ მასზე შევაჩერე“,- გვიყვება ანა.
გოგონას გერმანიაში წასვლა ეპიდსუტუაციის დაწყებას დაემთხვა. თუმცა, ანა არ ფიქრობდა, რომ სიტუაცია ასე გართულდებოდა.
„ძალიან დადებითად ვიყავი განწყობილი მომავალი გაცვლითი სემესტრის მიმართ. თუმცა, პანდემიის გამო სწავლა ონლაინ-რეჟიმში წარიმართა და რეალობა მოლოდინებს ნაკლებად დაემთხვა.
აქ ყოფნის დროს მონაწილეობის მიღება თავიდან გადავწყვიტე. თუმცა, ვიცოდი, რომ კონკურენცია საკმაოდ მაღალი იყო. ბუქარესტის უნივერსიტეტში მხოლოდ ერთი სტუდენტის არჩევა იყო შესაძლებელი და როცა თანხმობა მე მომივიდა, ორმაგად სასიხარულო იყო ეს ფაქტი ჩემთვის“,- ამბობს ანა.
ბუქარესტის უნივერსიტეტის სტიპენდიის მოსაპოვებლად შესარჩევი კონკურსი ანა დეკანოსიძემ გერმანიიდან, დისტანციურად გაიარა.
„სტიპენდიას რომ მეორედ მოიპოვებ, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო დიდი სიხარულის გრძნობა გეუფლება. სასიამოვნო მოლოდინი მაქვს.
მგონია, რომ ეს სემესტრი ძალიან საინტერესო უნდა გამოვიდეს, რადგან ეს სასწავლო კურსი იუნესკოს სპეციალური პროგრამაა.
რუმინელ ლექტორებთან ერთად, ფრანგი და გერმანელი პროფესორებიც გვასწავლიან. ვიმედოვნებ, მომავალ სემესტრში სწავლა დისტანციურად აღარ მოგვიწევს“,- ამბობს ანა.
ანას რუმენითში წასვლა შემოდგომაზე მოუწევს. თუმცა, ამბობს, რომ მანამდე სამშობლოში დაბრუნდება.
„თუ სემესტრის დასაწყისში ეპიდემიოლოგიური ვითარება სტაბილური იქნა, რუმინეთში გავემგზავრები სასწავლებლად“,- გვიყვება ანა.























