
მარიამ მემე ჟორდანია “დიდ სცენამდე”, “საქართველოს ვარსკვლავისა” და უკრაინული “ვოისის” მონაწილე გახლდათ. ამბობს, რომ “რუსთავი 2”-ის მეგა შოუში მონაწილეობა სცენაზე პერფომანსების კეთებაში უწყობს ხელს, პერფომანსი კი ძალიან აბედნიერებს. სამომავლოდ კი შოუ, ფიქრობს, რომ საკუთარი სიმღერების რეალიზებაში დაეხმარება.
ცნობილმა სოპრანომ, თამარ ივერმა, პირველი ლაივკონცერტის ნახვის შემდეგ, შოუს წამყვანებთან ერთად მარიამიც გააკრიტიკა და თან ის ებრაელ შემსრულებელ, ნეტა ბარძილაის შეადარა (ნეტა 2018 წლის “ევროვიზიის” კონკურსანტია).

“ყველა მონაწილე მათი შესაძლებლობებით მეტ-ნაკლებად ერთ დონეზე დგას და არიქა, ზე-გამორჩეულს აქ ვერავის ვხედავ. თქვენი “ხბოს აღტაცების” ობიექტი კი: პოზიტიური და საყვარელი პუტკუნა გოგონა, ებრაელ მომღერალ ნეტა ბარძილაის იმიჯით, ვისი გამოსვლის შემდეგ ლამისაა “რუსთავი 2”-მა ეზოში ფეიერვერკები გაუშვა. მიუხედავად მისი “ოფროუდივით” ძლიერი და ლამაზი ვოკალური ინსტრუმენტისა, ჯერჯერობით რასაც ვხედავთ, მუდმივად მხოლოდ “ბოლო გაზზე” ფორსირების რეჟიმშია.
ყველა ნაწარმოებში ტემბრალური ერთფეროვნება, პერმანენტული ინტონაციური იაღლიშები და უსუფთაობები, ვულგარულ-ველური ბგერების ცვენა და ხელოვნურად დამუქებული ფრაზები რაღაც მომენტში ყურისთვის უკვე ძალიან დამღლელი ხდება. მისი ყველა სიმღერა,შესრულების “ეხლა ყველას დედას გიტირებთ” მანერით, უკვე ტყუპისცალივით ჰგავს ერთმანეთს” – ამონარიდი თამარ ივერის ფეისბუქ-პოსტიდან.
მარიამი “პრაიმტაიმთან” ინტერვიუს დროს აცხადებს, რომ ნეტა ბარძილაისთან მსგავსება მისთვის სიახლე არ არის, თუმცა კატეგორიულად არ ეთანხმება ამ მოსაზრებას.
მარიამ მემე ჟორდანია: – მეცინება ასეთ კომენტარებზე. ეს პირველი შემთხვევა არ არის, ნეტასთვის შევუდარებივარ ხალხს და მწყინს. ამ დროს ცხოვრებაში არავისთვის შემიდარებია საკუთარი თავი. ყურადღებას არ ვაქცევ. მაგრამ მათ რატომღაც ჰგონიათ, რომ რახან ჭარბი წონა მაქვს, პუტკუნა ვარ, ვიღაცას ვგავარ. გამხდარი რომ ვყოფილიყავი, მაგრამ ნეტას ჟანრში მემღერა და მიმებაძა მისთვის, ცხოვრებაში არავინ არ შემადარებდა.
– როგორ ფიქრობ, რატომ გადარებენ ბარძილაის?
– ჭარბი წონის გამო და იმიტომ, რომ პოზიტიური ვარ. რეალურად სულ სხვა ენერგეტიკის მატარებელი ვარ. ნეტას, როგორც მუსიკოსს, დიდ პატივს ვცემ. მაგრამ მე სულ სხვა ჟანრში ვმღერი. ორივე განვსხვავდებით ერთმანეთისგან. წონის გამო ვიღაცასთან შედარება, არასწორია. ყოველ ინტერვიუში ვამბობ, ის უნდა ვიყოთ, რაც ვართ, არავის არ უნდა მივბაძოთ-მეთქი. ამიტომ ჩემთან ეს შედარება ალოგიკურია. მხოლოდ გარეგნობით განსჯა კიდევ, მიუღებელი.
რაც შეეხება კრიტიკას, კარგია. ყველა შეფასება დადებითი ვერ იქნება. მთავარია კრიტიკა ჯანსაღი იყოს. მე მხოლოდ დადებით შეფასებას ვკითხულობ საკუთარ თავზე, ნეგატიურს ვაიგნორებ. მხოლოდ პოზიტივზე ვკონცეტრირდები. მე ჩემი გამოსვლით არავის არაფერს არ ვუშავებ, მსმენელს ბედნიერებას და პოზიტივს ვჩუქნი.

ამ პროექტში კი იმდენად კარგი მუსიკალური ატმოსფეროა და მაღალ დონეზეა ყველაფერი, რომ მინდოდა “დიდი სცენის” კონკურსანტი ვყოფილიყავი. ბევრი ვიტირე, რომ გადავედი და ათეულში ვარ.
საშუალება გვეძლევა პერფომანსი გავაკეთოთ მაგარ ბენდთან და ბექვოკლისტებთან ერთად. ეს მონატრებული მქონდა. დიდი ფუფუნებაა. მე მომღელობასთან ერთად პერმორმერიც ვარ, პერფომანსი ბევრს ნიშნავს ჩემთვის. მგონია, რომ პროექტი ხელს შემიწყობს იმაში, რომ ხალხს ჩემი საავტორო სიმღერებიც მივაწვდინო.
იმდენი ძლიერი მუსიკოსები სხედან ჟიურიში, რომ მინდოდა ჩემი მაქსიმუმი დამედო. მეშინოდა, მაგრამ… ყველაზე მაგარი იყო, ნიკოლოზ რაჭველი რომ აცეკვდა და ნატო მეტონიძემ სათვალე მოიხსნა… არ ველოდი ასეთ რეაქციას. ასევე მოულოდნელი იყო ის რეიტინგი, რაც ჩემს გამოსვლას ჰქონდა. 900 ათასი ნახვა აქვს და მართლა შოკირებული ვარ. სასიამოვნოა, რომ ამდენმა ადამიანმა ნახა და გააზიარა სიმღერა.

ამბობს, რომ დაძაბულობას ვერ გრძნობს და მათ შორის, ვერც კონკურენციასაც. შევთანხმდით, რომ პროექტისგან მხოლოდ სიამოვნება მივიღოთო, ამბობს. თვლის, რომ ათივე განსხვავებულია, რომელიც თავიანთ მაქსიმუმს დადებენ სცენაზე, ჯერი კი მაყურებლის გადაწყვეტილებაზეა.
– რახან წონა ახსენე, ებრძვი ჭარბ წონას?
– არ ვებძვი, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ჯანმრთელი ორგანიზმი შევინარჩუნო. საკუთარი თავის მიმართ სიყვარულის გამოხატვის კარგი ფორმა საკუთარი სხეულის მოვლაა. კარანტინის დროს 20 კილო დავიკელი. ვვარჯიშობ, სწორად ვიკვებები. ამას იმიტომ კი არ ვაკეთებ, რომ სტანდარტებში ჩავჯდე, არამედ იმისთვის, რომ სცენაზე ისე ვიმოძრაო, როგორც მინდა და ის ჩავიცვა, რაც მინდა. მინდა საკუთარ სხეულში კომფორტი ვიპოვო.
– ახლა ის გვითხარი, ასეთ საინტერესო მაკიაჟს როგორ იკეთებ?
– გამონაყარი და იარები მქონდა სახეზე და მაკიაჟის კეთება მათი დაფარვის მიზნით დავიწყე. ისე შევყვევი და მესიამოვნა ეს პროცესი, რომ იუთუბ-ვიდეოებით პროფესიონალურ დონეზე დავიწყე შესწავლა. ახლა იმდენად მიყვარს მაკიაჟის კეთება და თვალების მოხატვა, რომ ძალიან ჩემია. ამით ჩემს ხასიათს ვუსვამ ხაზს. ლაღი და საკუთარ თავში დაჯერებული ვხდები, როცა ისე გამოვიყურები, როგორც შინაგანად ვგრძნობ თავს. შინაგანისა და გარეგნობის ჰარმონიაში ვარ. ზოგადად, მიხარია, რომ ადამიანები ფერებს უშვებენ თავიანთ ცხოვრებაში.

























