
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი სპორტსმენების ირგვლივ გახმაურებულ შემთხვევებს ბრიფინგზე გამოეხმაურა.
მისი თქმით, საერთაშორისო სპორტულ ფედერაციებს წერილობით მიმართა და სთხოვა, რომ ქართულ ფედერაციებს ხმის მიცემის უფლება ჩამოერთვას, სანამ სპორტული წრეების დეკრიმინალიზაცია არ მოხდება.
„იძულებული გავხდით რომ გაგვეგზავნა თხოვნა მსოფლიო საერთაშორისო სპორტული ფედერაციებისთვის, ჭიდაობის, რაგბისა და ფეხბურთის დარგში, რომ შეუჩერონ ანალოგიურ ქართულ ფედერაციებს ხმის უფლება და წევრობა ამ მსოფლიო სტრუქტურებში,
სანამ არ მოხდება სპორტის დეკრიმინალიზაცია, მათი გაწმენდა ქურდული გაგებისა და შავი სამყაროსაგან, სანამ სქელკუნთა და გონებაჩლუნგი მკვლელები, არ ჩამოცილდებიან პოლიტიკას, ბიზნესს, მმართველობას, მთავრობას.
ვფიქრობ, ამასთან ერთად, ჩვენ დავიწყებთ სიის შედგენას იმ სპორტსმენებისა, ვინც თავი გამოიჩინა ძალადობით, პოლიტიკაში ჩარევით, საარჩევნო პროცესებში ძალადობით, ხალხის და პოლიტიკოსების დათრგუნვით.
მათი ადგილი არ შეიძლება იყოს საზოგადოებაში, მათ უნდა აეკრძალოთ შეჯიბერებში მონაწილეობა და უნდა ჩამოერთვათ უკვე აქამდე მიღებული ჩემპიონთა ჯილდოები და წოდებები“ – აცხადებს ნათელაშვილი.























