13:00 | 2020-07-12 ავტორი: თამარ ბუჩუკური

საკუთარი დედა და ქმარი ჩემზე ათი წელი ძალადობდნენ – მსხვერპლი ქალი

საკუთარი დედა და ქმარი ჩემზე ათი წელი ძალადობდნენ – მსხვერპლი ქალი

„იმდენად დაუჯერებელია ჩემი ისტორია, რომ ყველაზე მეტად მინდა გავიღვიძო და ეს ყველაფერი სიზმარი აღმოჩნდეს, მრავალი წელი ქმარი და საკუთარი დედა ჩემზე ძალადობდნენ. ახლა, თავი დავაღწიე და თავშესაფარში ვარ“ – ასე იწყებს საუბარს „პრაიმტაიმთან“ ძალადობის მსხვერპლი ქალი.

 

„პრაიმტაიმი“ მისი უსაფრთხოების გამო, თავშესაფარს არ აკონკრეტებს და სახელსა და გვარს ცვლის.

 

თამუნა 15 წლის იყო, როცა გათხოვდა, ახლა 25 წლისაა და ორი თვეა ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარშია. მისი თქმით, ათი წელი დედისა და ქმრის ძალადობას იტანდა.

 

ბოლოს, თავშესაფარში მოხვდა.  საქართველოს რეალობისთვის მისი ისტორია დაუჯერებელია, მაგრამ ძალადობას არც ეროვნება აქვს და არც  საზღვრები. მთავარი ისაა, რომ ახლა, ძალადობას თავი დააღწია და კარგადაა.

 

„ჩემი ოჯახის ჩხუბი არავის საქმე არ არის“ - ძალადობის მსხვერპლ ქალზე „პრაიმტაიმს“ მეზობელი უყვება
2020-07-09„ჩემი ოჯახის ჩხუბი არავის საქმე არ არის“ - ძალადობის მსხვერპლ ქალზე „პრაიმტაიმს“ მეზობელი უყვება

 

„პატარა გავთხოვდი, მეგონა დედის მარწუხებს თავს დავაღწევდი. ქმარს გაუჭირდა და ქირას ვეღარ იხდიდა, იძულებულები ვიყავით, საცხოვრებლად დედასთან გადავსულიყავით.

 

ქმრის იმედი მქონდა, რომ ის დამიცავდა. დედას ჩემი მეუღლე დიდად არ მოსწონდა, მაგრამ რიდი ჰქონდა. მერე მეუღლემ გადაწყვიტა, ყველა ადამიანი ჩამოეცილებინა ჩემს ირგვლივ, ნათესავებიც კი.

 

რა თქმა უნდა, ამაზე ხშირად ვკამათობდით. დაუმსახურებლად ადამიანები როგორ დამეკარგა, თანაც ისინი, ვინც ყოველთვის მხარში მედგნენ. დედა ჩემი მეგობრების მოსვლას აპროტესტებდა, ზედმეტად მოკლე კაბები აცვიათ შენი ქმრის წინაშეო.

 

საშინელება იყო, ამ ყველაფრის გაძლება. მათ ვიცავდი, მაგრამ ქმარი და დედა ეჭვმა და ეგოიზმმა გააერთიანა. თუ სტუმრად ვინმე მოვიდოდა, ეს იმას ნიშნავდა, რომ იმ დღეს, ორივე საშინლად მომექცეოდა.

 

ფიზიკური დაპირისპირება, უშვერი სიტყვებით ლანძღვა და ამორალურ ქცევაში დადანაშაულება ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, როცა ყველაფერი მათ თვალწინ ხდებოდა. არავის ვხვდებოდი მარტო და მაინც ასე ვიყავი.

 

მერიდებოდა ჩემი ოჯახის შიდა სამზარეულოზე საუბრის, ამიტომ თავს ვიკატუნებდი, ვითომ სტუმართმოყვარე ოჯახი მყავდა და არ ვიმჩნევდი სხვებთან. ბოლოს, ნათესავი ბიჭი სახლში მესტუმრა, დედა და ქმარიც სახლში იყვნენ. გავაცილე და კარი რომ მივკეტე საშინელი სცენები მომიწყვეს, მცემეს და ამორალური ხარო მიყვიროდნენ.

 

სახლიდან გამოვიქეცი და თავშესაფარში მივედი. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს თავიდან დავიბადე. მშურს ყველა ნორმალური ოჯახის და ჩემს ბედს სულ ამას ვსაყვედურობ, ხომ შეიძლებოდა, მეც ნორმალური ადამიანები მყოლოდა ირგვლივ.

 

ერთი მხრივ, ჩემი უიღბლობა მაგიჟებს, მეორე მხრივ კი – ბედნიერება, რომ მოძალადეებისგან თავი დავაღწიე. ახლა, ეს მამშვიდებს. რამდენიმე თვეში სამუშაოს დავიწყებ და მარტო გავაგრძელებ ცხოვრებას, საიმედო და ერთგულ ადამიანებთან ერთად. აღარ შემეშინდება კარზე კაკუნის და სტუმრის მოსვლის.

 

ყველა ძალადობის მსხვერპლს მინდა მივმართო: ქალებო, არავისგან აიტანოთ ძალადობა და არავითარ შემთხვევაში არ დათანხმდეთ ძალადობრივ გარემოში ცხოვრებით დაიტანჯოთ.

 

მოიკრიბეთ გამბედაობა და წადით. წადით და არასოდეს მიიხედოთ უკან! ყველა ჩვენგანს გვაქვს ძალა, მივხედოთ საკუთარ თავებს! არ დამალოთ და არ დაზოგოთ მოძალადე!“ – ამბობს თამუნა.

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X