
კურიერის ინფორმაციით, შაქარაშვილის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
მას შემდეგ, რაც არაგვის ხიდზე დაპირისპირება დასრულდა, საბურთალოელები ორი მანქანით ჩავიდნენ მეგობრების ჩამოსაყვანად.
მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ადგილზე ხუთი პირი იმყოფებოდა, ესენი არიან: გიორგი შაქარაშვილი, იაკობ ბრეგვაძე, ახვლედიანი, ქათამაძე და გურამ ამირხანაშვილი.
ადგილზე ჩასვლისას შეიტყვეს, რომ ამირახანაშვილმა და ბრეგვაძემ შემთხვევის ადგილი დატოვეს. მათ გიორგი შაქარაშვილის ძებნა ახვლედიანთან და ქათამაძესთან ერთად დაიწყეს.
19 ივნისის ღამეს, 01:40 წუთზე, როცა დაპირისპირება დასრულებული იყო, დაშავებულ ქათამაძეს ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილე ვახტანგ ჩიქოვანი ურეკავს, საუბარი 13 წამს გრძელდება.
ამის შემდეგ, 01:43 წუთზე ქათამაძე სულ რაღაც ერთი წამით უკავშირდება ჩიქოვანს.
ჯერჯერობით უცნობია, რატომ უკავშირდებიან ერთმანეთს დაპირისპირებული მხარეები. ანძების ჩანაწერებით, დგინდება, რომ ორივე მათგანი მცხეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდა.
კიდევ ერთი აქამდე უცნობი დეტალი მერსედესის მარკის ავტომობილს უკავშირდება. ცნობილია, რომ მანქანამ ტერიტორია მეორე დაპირისპირებამდე დატოვა. ორი მგზავრი აგარაკზე დარჩა, ექვსი კი თბილისში წამოვიდა.
ახლა, ირკვევა, რომ ორი პირი გამვლელი მანქანით 01:00 საათიდან 01:30 საათისთვის თბილისში წამოვიდა.
ამ გარემოებამ კიდევ ერთხელ გააჩინა კითხვა – თუ სად იყვნენ მერსედესის მგზავრები? იყვნენ თუ არა ისინი ხიდის ქვეშ, მაშინ როდესაც, ჩვენებების მიხედვით მათ ტერიტორია დატოვეს.
საქმეში ფიგურირებს კიდევ რამდენიმე მანქანა და პიროვნება, ისინი ვინც, დაპირისპირების შემდეგ ნაძალაdევიდან მეგობრების დასახმარებლად არაგვის ხიდისკენ გაემართნენ, თუმცა, ჩვენებების მიხედვით ყველა მათგანი შუა გზიდან თბილისისკენ ბრუნდება, მათ შორის მთელი ამ დროის განმავლობაში მიმდინარეობს სატელეფონო საუბარი. ანძის ჩანაწერებით ცნობილი ხდება, რომ ისინი მცხეთის ტერიტორიაზე არიან.
“ტოიოტასა” და “მერსედესის” ავტომობილების მძღოლები უკვე გამოკითხეს. გამოძიებამ ერთი ავტომობილი ჩხრეკის შედეგად ამოიღო, მეორეს კი ანაწმენდები აუღო.
ვახო ახვლედიანმა, დამალვის შემდეგ 18 ზარი განახორციელა, ის მეგობრებს დახმარებას თხოვდა. ჩვენებებიდან ირკვევა, რომ მისი და გიორგი ქათამაძის თბილისში დასაბრუნებლად საბურთალოელები გაემართნენ. ისინი რამდენიმე საათი გიორგი შაქარაშვილსაც ეძებდნენ.
19 წლის ფეხბურთელის საქმეზე შესაძლებელია დამატებითი ექსპერტიზაც ჩატარდეს. კომპლექსური ექსპერტიზა მხოლოდ მას შემდეგ დაიწყება, რაც გამოძიება ამ მოთხოვნით დამოუკიდებელ ექსპერტს მიმართავს.
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 პირი უკვე დაკავებულია, გამოძიება განზრახ ჯგუფურად ჩადენილი მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.























