
„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის ბრალდებას, რომ წინა ხელისუფლების დროს „თიბისი ბანკი“ პროკურატურის კრიმინალური ქმედების გამტარი იყო, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, ვახო ხუზმიაშვილის საავტორო გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ უპასუხა.
წამყვანმა ხაზარაძეს ბანკი „კონსტანტა“-ს ისტორია შეახსენა, როცა ბანკის დირექტორი ღამის 12:00 საათზე მიიყვანეს ბანკში, მოაწერინეს ხელი, ააღებინეს 13 მილიონი კრედიტი, ეს ფული წაიღო მთავრობამ და მათი ბანკი შეიძინა „თიბისი ბანკმა“.
ხაზარაძე გადაცემის მსვლელობისას მოვლენების განვითარების ამ ვერსიას ჯერ უარყოფდა, ვიდრე, გადაცემის წამყვანი მას თამარ ლებანიძესთან სატელეფონო ინტერვიუს ჩანაწერს მოასმენინებდა:
„თავისუფალ სივრცეში“ ფონდ „კონსტანტას“ გამგეობის თავმჯდომარემ, თამარ ლებანიძემ სატელეფონო საუბრის დროს სწორედ ის ღამე გაიხსენა, როცა გვიან ღამით, არასამუშაო საათებში, „თიბისი ბანკიდან“ რამდენიმე მილიონიანი სესხი გაიცა.
„ბანკის მაშინდელი მენეჯმენტი პროკურატურაში წაგვიყვანეს. დააპატიმრეს დირექტორი და დაგვემუქრნენ. დრო მოგვცეს მეორე დილამდე. მიდიოდა მოლაპარაკება როგორც „საქართველოს ბანკთან“, „ლიბერთისთან“, ისევე „თიბისი ბანკთან“.
ჩვენ გადავწყვიტეთ შემდგომში „თიბისი ბანკთან“ თანამშრომლობა. იმ ღამეს, არასამუშაო საათებში, გამთენიისას, მუშაობდა პროკურატურა, ეროვნული ბანკიც და რეესტრიც. ეს ბანკებიც იყვნენ წნეხის ქვეშ და მაშინდელი მთავრობის მითითებებს ასრულებდნენ.“- განაცხადა თამარ ლებანიძემ.
ამ ჩანაწერის მოსმენის შემდეგ კი მამუკა ხაზარაძემ არასამუშაო საათებში ფულის გადარიცხვის ფაქტი ვეღარ უარყო, თუმცა სიტუაციის სათავისოდ შეტრიალებას შეეცადა:
„ამ ქალბატონს ხელი აქვს მოწერილი და არ დავასახელებ იმ თანხას, რომელიც მან ამ ტრანზაქციაში აიღო. ჩვენ მგონი ძალიან კეთილი საქმე გავუკეთეთ თამარს და მის ძმას. ამ ქალბატონს პატივს ვცემ და მგონი ფული მისთვის ძალით არ მიგვიცია.
რაც შეეხება ამ ტრანზაქციას, მე იქ არ ვიყავი. არანაირ საოპერაციო საქმეებში არ ვიღებდი მონაწილეობას. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ფუნქცია ეს არ არის.“ – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.






















